სტამბოლის ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა და 7 დაშავდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2011 წელს დაბადებული მოსწავლე გოგონაა, რომელიც სტამბოლის ქიუჩიუქჩექმეჯეს რაიონის სკოლაში სწავლობს. სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გიულმა განაცხადა, რომ გოგონა, რომელიც სკოლის მიმდებარე უბანში ცხოვრობს, სკოლაში სასკოლო ფორმით შევიდა და მოსწავლეებს დანით ჭრილობები მიაყენა.

თურქეთის განათლების მინისტრის, იუსუფ თექინის განცხადებით, ინციდენტი სამშაბათს დილით, სტამბოლის ბაშაქშეჰირის რაიონში, ქაიაბაშის დასახლებაში მდებარე საშუალო სკოლაში მოხდა.
თავდაპირველად, სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დილის 08:40 საათისთვის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა. თუმცა, მოგვიანებით დაზუსტდა, რომ სკოლაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა.
საავადმყოფოში გადაყვანილ 8 დაშავებულს შორის ერთ-ერთი მოსწავლის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. ექიმების ბრძოლის მიუხედავად, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოზარდი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, უფროსკლასელი გოგონაა. იგი სკოლის შენობაში სასკოლო ფორმით შევიდა და მოსწავლეებს დანით დაესხა თავს.
წინასწარი ცნობებით, გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. პოლიციამ იგი ინციდენტის შემდეგ ადგილზევე დააკავა.