ავტორი:

ეგვიპტეში 6 ჟურნალისტი დააკავეს - მათ ბრალად ედებათ ტერორიზმი და ყალბი ამბების გავრცელება: სკანდალის დეტალები

ეგვიპტეში 6 ჟურნალისტი დააკავეს - მათ ბრალად ედებათ ტერორიზმი და ყალბი ამბების გავრცელება: სკანდალის დეტალები

ეგვიპტის პროკურატურამ დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა Matsda2sh-ის ექვს ჟურნალისტს ბრალი წაუყენა აკრძალულ ორგანიზაცია “მუსლიმთა საძმოსთან“ კავშირში, ტერორიზმისა და “ყალბი ამბების“ გავრცელებაში. უფლებადამცველები და პრესის თავისუფლების ორგანიზაციები მომხდარს ეგვიპტეში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ რეპრესიების მორიგ ტალღად აფასებენ.

უფლებადამცველი იურისტის, ნაბეჰ ალ-განადის განცხადებით, დაკავებულ ჟურნალისტებს ბრალად ედებათ ტერორისტულ ჯგუფში გაწევრიანება, ტერორიზმის დაფინანსება, “ყალბი ამბების“ გამოქვეყნება და სოციალური ქსელების გამოყენება ტერორისტული აქტებისკენ მოწოდებისთვის. პლატფორმა Matsda2sh-მა წარდგენილი ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების პროკურატურამ ხუთ ჟურნალისტს 15-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მეექვსე ჟურნალისტის დაკითხვა კვლავ გრძელდება.

ეგვიპტის ადამიანის უფლებათა ინიციატივის (EIPR) ცნობით, რეიდები ჟურნალისტების - აბდულა ქადრის, მოჰამედ აშრაფ აბუ ემეირას, ისლამ ბარაკატის, ომარ ჰელალის, მოჰამედ მაჰმუდისა და მოჰამედ ადელის სახლებში 28 და 29 სექტემბერს განხორციელდა.

ჟურნალისტთა დაკავება საერთაშორისო უფლებადამცველმა და პრესის თავისუფლების ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს. “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ (CPJ) ცნობით ამჟამად ქვეყანაში 25 ჟურნალისტი იმყოფება პატიმრობაში.

პლატფორმა Matsda2sh (არაბულად ნიშნავს “არ დაიჯერო“) 2018 წელს დაარსდა და მისი მიზანი ცრუ თუ დეზინფორმაციულ ცნობებთან ბრძოლაა. იგი რეგულარულად ამხილებს ეგვიპტელი ოფიციალური პირების მცდარ განცხადებებს და საგამოძიებო ჟურნალისტიკას ეწევა ეგვიპტესა და არაბულ ქვეყნებში.

წყარო