თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ფიზიკოსი და კოსმოლოგი, სტივენ ჰოკინგი, სიცოცხლის ბოლო წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კაცობრიობის მომავალსა და იმ ეგზისტენციალურ საფრთხეებს, რომლებიც ჩვენს პლანეტას ემუქრება. მისი წინასწარმეტყველებები არ ეფუძნებოდა მისტიკას, ეს იყო მკაცრი სამეცნიერო ანალიზისა და ტექნოლოგიური პროგრესის ტემპების შეფასების შედეგი.
ჰოკინგის თქმით, კაცობრიობას დედამიწაზე დარჩენილი აქვს შედარებით ცოტა დრო, ხოლო გადარჩენის ერთადერთი გზა ვარსკვლავებისკენ სწრაფვაა.
ჰოკინგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფი განვითარების საფრთხეებზე ღიად დაიწყო ლაპარაკი. მისი თქმით, სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტის შექმნა შესაძლოა ადამიანის ისტორიაში უდიდესი მოვლენა გახდეს, თუმცა იმავდროულად უკანასკნელიც.
“ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საკუთარი თავის სრული გარდაქმნა და განვითარება დაიწყოს ექსპონენციალური სიჩქარით. ადამიანები, რომლებიც შეზღუდულნი არიან ნელი ბიოლოგიური ევოლუციით, კონკურენციას ვერ გაუწევენ მას და ჩანაცვლდებიან,“ - აცხადებდა ის.
მეცნიერი შიშობდა, რომ თუ AI-ს მიზნები არ დაემთხვევა ადამიანთა ინტერესებს, მან შესაძლოა კაცობრიობა უბრალოდ გვერდზე გაწიოს.
გლობალური დათბობა ჰოკინგისთვის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ და გადაუდებელ საფრთხეს წარმოადგენდა. იგი აფრთხილებდა მსოფლიო ლიდერებს, რომ თუ სათბურის გაზების ემისიები არ შემცირდება, დედამიწაზე შექმნილი შეუქცევადი პროცესები პლანეტას საცხოვრებლად უვარგისს გახდის.
მისი პროგნოზით, ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, დედამიწის ტემპერატურა შესაძლოა 250 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდოს, ხოლო წვიმის სახით გოგირდმჟავა წამოვიდეს, რითაც ჩვენი პლანეტა მზის სისტემის ყველაზე ჯოჯოხეთურ ადგილს, ვენერას დაემსგავსება.
თავის ბოლო წიგნში “მოკლე პასუხები დიდ კითხვებზე“, ჰოკინგმა წამოჭრა საკითხი გენეტიკური მანიპულაციების შესახებ. მან იწინასწარმეტყველა, რომ მდიდარი ფენა დაიწყებს გენეტიკური კოდის რედაქტირებას, რათა შექმნან გაუმჯობესებული მეხსიერების, დაავადებებისადმი რეზისტენტობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის მქონე შთამომავლობა.
ეს გამოიწვევს სოციალურ და ბიოლოგიურ სეგრეგაციას: ჩამოყალიბდება “სუპერადამიანების“ კასტა, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ვერ შეძლებენ გენეტიკურ გაუმჯობესებას, შესაძლოა მეორეხარისხოვან არსებებად იქცნენ ან სრულიად გადაშენდნენ.
ჰოკინგის შეფასებით, ადამიანის აგრესიული ინსტინქტი, რომელმაც ევოლუციურ ეტაპზე გადარჩენაში შეუწყო ხელი, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში უდიდეს რისკად იქცა. ბირთვული იარაღის არსებობა და სინთეზური ბიოლოგიის მიღწევები (რომელთაც შეუძლიათ ლაბორატორიულად შექმნან მუტაციური, მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ვირუსები) ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდეს გლობალური კატასტროფის მიზეზი.
მიუხედავად ასეთი პირქუში პროგნოზებისა, ჰოკინგი პესიმისტი არ ყოფილა. მას სჯეროდა, რომ კაცობრიობას აქვს გადარჩენის შანსი, თუკი ერთ ადგილზე არ გაჩერდება.
მეცნიერის მტკიცებით, ადამიანებმა მომდევნო 100–200 წლის განმავლობაში უნდა დააფუძნონ მუდმივი კოლონიები მთვარესა და მარსზე. იგი აქტიურად უჭერდა მხარს პროექტ Breakthrough Starshot-ს, რომლის მიზანია მინიატურული ზონდების გაგზავნა ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავურ სისტემა ალფა კენტავრიში.