გერმანიაში, ტაუნუსის მთების ტყიან ფერდობებზე, არქეოლოგებმა ომის რომაული ღვთაების, მარსისადმი მიძღვნილი ტაძარი აღმოაჩინეს. ტაძარი იმ სამხედრო დასახლების ნაწილი იყო, რომელიც მესამე საუკუნეში გერმანული ტომებისგან რომაული იმპერიის საზღვრების დასაცავად აშენდა.
იმპერიის გაფართოებისას რომაელმა სამხედროებმა ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში ათასობით ციხესიმაგრე ააგეს. ამ გამაგრებათა უმრავლესობასთან ახლოს მიმდებარე დასახლებები “ვიკუსი“ არსებობდა, სადაც ძირითადად ვაჭრები, ჯარისკაცების ოჯახები და სხვა სამოქალაქო პირები ცხოვრობდნენ.
ჰესენის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის განცხადების თანახმად, კაპერსბურგის რომაულ ციხესიმაგრესა და მის მიმდებარე “ვიკუსში“, რომელიც ჰესენის მხარეში, ფრანკფურტიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 26 კილომეტრში მდებარეობს არქეოლოგები გათხრებს 2024 წლიდან აწარმოებენ.

მიმდინარე გათხრების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა სწორედ რომაული ტაძრის მოულოდნელი აღმოჩენა გახდა. არქეოლოგებმა ტაძრის შიგნით წარწერის რამდენიმე ფრაგმენტი იპოვეს. წარწერის ნაწილის გაშიფვრის შემდეგ დადგინდა, რომ ტაძარი სწორედ ომის რომაელ ღვთაებას, მარსს ეძღვნებოდა. გარდა ამისა მკვლევრებმა მარსის ქანდაკების ნაშთები და ფრთოსანი ფიგურის მცირე ქანდაკება იპოვეს, რომელსაც ხელში პალმის ტოტი და დაფნის გვირგვინი უჭირავს, მათი თქმით ეს ბრძოლაში გამარჯვების განსახიერება, ძველი რომაული ქალღმერთი ვიქტორიაა.

XX საუკუნის მიჯნაზე ჩატარებული გათხრების შემდეგ დადგინდა, რომ რომაული სიმაგრე II საუკუნის დასაწყისში სავარაუდოდ, იმპერატორ ტრაიანეს ( ახ. წ. 98–117 წლებში) ან იმპერატორ ჰადრიანეს მმართველობისას (ახ. წ. 117–138 წლებში) აშენდა. კაპერსბურგის ციხესიმაგრეს რომაელი ქვეითები და კავალერია დაახლოებით საუკუნენახევრის განმავლობაში, ახ. წ. 275 წლამდე იყენებდნენ.
გათხრებისას მკვლევართა ჯგუფმა მოსალოდნელზე ბევრად ცოტა საცხოვრებელი სახლი აღმოაჩინა. თუმცა, იპოვეს ხელოსნური საქმიანობის ბევრად მეტი ნაკვალევი, როგორიცაა სამჭედლო ორმოები და ხორბლის გასაშრობი თუ პურის საცხობი ღუმელები.
არქეოლოგების თქმით , როდესაც ციხესიმაგრემ თავისი ფუნქცია დაკარგა, რომაელებმა ბანაკი გაასწორეს და მის ადგილას საცხოვრებელი შენობები ააგეს.