ვენის ცენტრში შობის ღამეს მომხდარი ამბავი ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ქურდობის საქმედ იქცა. ამაზე თითქმის ყველა ავტორიტეტული ადგილობრივი მედია წერს.
მთავარი დაზარალებული რუსი ნავთობმაგნატის ქალიშვილია. 28 წლის ქალის ფეშენებელური ბინიდან, ბრალდების მიხედვით, Chanel-ისა და Hermès-ის ჩანთები, ბეწვის ქურქები, Cartier-ის სამკაულები, ძვირადღირებული საათები და სხვა ნივთები გაქრა. საერთო ზარალმა 1 065 862 ევრო შეადგინა. იმავე დღეს სავარაუდო ქურდის სამიზნე ცნობილი ავსტრიელი პოლიტიკოსისა და ტელესახის ბინაც გახდა.
2025 წლის 24 დეკემბერს, როდესაც ვენაში საშობაო დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, 44 წლის საქართველოს მოქალაქე, პროკურატურის ვერსიით, თანამზრახველთან ერთად ვენის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ უბანში "მუშაობდა".
მისი მთავარი სამიზნე 28 წლის ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა, რომელიც იმ დროს საკუთარ ფეშენებელურ პენტჰაუსში არ იმყოფებოდა.
ავსტრიული მედიის ინფორმაციით, რუსი ქალი ოჯახთან ერთად ვენაში ცხოვრობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ მისი არყოფნით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და ბინაში შეაღწიეს.
რაც შემდეგ მოხდა, ჩვეულებრივ ქურდობას ნამდვილად არ ჰგავდა.
ბრალდების მიხედვით, ბინიდან ისეთი რაოდენობის ძვირფასი ნივთები გაიტანეს, რომ თავდამსხმელებს მათი ოთხ ჩემოდანში ჩალაგება დასჭირდათ.
სიაშია Chanel-ისა და Hermès-ის ათობით ჩანთა, ძვირფასი სამკაულები, საათები, ბეწვის ქურთუკები, სუნამოები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა ფუფუნების საგნები.
ერთ-ერთი Hermès-ის ჩანთის ღირებულება დაახლოებით 44 200 ევრო იყო. ერთ-ერთი ბეწვის ქურქი 13 000 ევრო ღირდა. მოპარული ბეჭდის ფასი დაახლოებით 40 000 ევროს შეადგენდა.
ყველაზე ძვირადღირებული ნივთებიდან კი ერთ-ერთი საათი გამოირჩეოდა - მისი ღირებულება დაახლოებით 180 000 ევრო იყო.
ბინიდან ასევე გაქრა დაახლოებით 12 000 ევროს ღირებულების ვაზა, ძვირადღირებული ვისკი, სუნამოები, სამოსის კომპლექტები და ფეხსაცმელი. მათ შორის იყო ერთი წყვილი მოკასინი, რომლის ფასი დაახლოებით 4100 ევრო იყო.
დაზარალებულმა ქალმა ჯამში ზარალი 1 065 862 ევროდ შეაფასა.
სასამართლო პროცესს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ავსტრია ყურადღებით აკვირდება. 44 წლის ქართველის ადვოკატი ნიკოლაუს რასტი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქურდობის ფაქტს პრინციპში აღიარებს, მაგრამ მილიონზე მეტი ევროს ზარალს არ ეთანხმება.
დაცვის მხარის ვერსიით, ბრალდებულს ბინიდან იმ რაოდენობის ნივთების წაღება ფიზიკურადაც კი გაუჭირდებოდა, რასაც მას ედავებიან.
ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი ამტკიცებს, რომ ბინიდან მხოლოდ ორი საათი წაიღო. ამიტომ სასამართლოს ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ის იქნება, რეალურად რამდენი ნივთი გაიტანეს ბინიდან და რამდენად შეესაბამება მათი ღირებულება დაზარალებულის მიერ დასახელებულ მილიონიან თანხას.
საქმე მხოლოდ ერთ ძარცვას არ ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, 24 დეკემბერს 44 წლის ქართველი კიდევ ორი საცხოვრებლის გატეხას ცდილობდა. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ავსტრიელი პოლიტიკოსის ბინა იყო.
ბრალდებულმა ბინაში შეღწევა სცადა, თუმცა კარის გატეხა ვერ შეძლო. ამიტომ იძულებული გახდა, იქაურობა ხელცარიელს დაეტოვებინა.
გამოძიების ინფორმაციით, იმავე ღამეს კაცმა კიდევ ერთი ბინა გახსნა. შიგნით შევიდა, ოთახები დაათვალიერა, თუმცა საბოლოოდ იქიდანაც არაფერი წაუღია.
სწორედ ერთ-ერთი წარუმატებელი ეპიზოდი აღმოჩნდა გამოძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ქართველის კვალზე DNA-ით გავიდნენ. ცნობილი პოლიტიკოსის ბინაში შეღწევის მცდელობისას დატოვებულმა კვალმა გამომძიებლები საბოლოოდ 44 წლის ქართველამდე მიიყვანა.
შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იყო DNA-ს კვალი - მათ შორის სადეზინფექციო საშუალებაზე და მეზობელ ტერასასთან გამყოფ კედელზე.
ნიმუშის მონაცემთა ბაზაში შემოწმების შემდეგ სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დაადგინეს. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი დააკავეს. მოპარული ძვირფასი ნივთების დიდი ნაწილი კი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ მილიონიანი ნაძარცვის ნაწილი უკვე გაყიდულია.
პროკურატურა 44 წლის ქართველს მხოლოდ 2025 წლის საშობაო ეპიზოდებს არ ედავება. საქმეში კიდევ ერთი, უფრო ძველი ქურდობის ფაქტიც ფიგურირებს.
გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 26 ივლისიდან 18 აგვისტომდე პერიოდში მან ვენის ცენტრში მდებარე ბინის კარის საკეტი გატეხა და საცხოვრებელში ე.წ. სამშენებლო გასაღებით შევიდა.
იქიდან, ბრალდების თანახმად, მან დაახლოებით 250 ევროს ღირებულების Seiko-ს საათი მოიპარა. სწორედ ამ და სხვა ეპიზოდების საფუძველზე პროკურატურა მას გეგმურად, პროფესიული მიზნით ჩადენილ ქურდობაში ადანაშაულებს.
გამოძიების ვერსიით, მამაკაცის მოტივი მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ქურდობით რეგულარული შემოსავლის მიღების სურვილი იყო.
საქმის კიდევ ერთი დეტალი ისაა, რომ 44 წლის ქართველი ავსტრიაში აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა. ამჟამად ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასამართლო პროცესს ელოდება.
საქმე ვენის სისხლის სამართლის სასამართლომ უნდა განიხილოს. სასამართლოზე უნდა დადგინდეს არა მხოლოდ ის, მონაწილეობდა თუ არა ქართველი აღნიშნულ ქურდობებში, არამედ ისიც, რეალურად რა რაოდენობის ძვირფასეულობა და ფუფუნების ნივთები გაქრა მილიონერის ქალიშვილის ბინიდან და სად არის დღეს მილიონ ევროზე მეტი ღირებულების სავარაუდო ნაძარცვი.
ერთ მხარეს არის დაზარალებულის მიერ დასახელებული 1 065 862 ევროს ზარალი, ოთხი ჩემოდანი ფუფუნების ნივთებითა და 180-ათასიანი საათით.
მეორე მხარეს კი ბრალდებულის ადვოკატის ვერსიაა - მისი თქმით, საუბარი შესაძლოა მხოლოდ ორ მოპარულ საათს შეეხებოდეს.