ავტორი:

“შავი ჭირი“ და ორსულობა - რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა დავიცვათ თავი?

“შავი ჭირი“ და ორსულობა - რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა დავიცვათ თავი?

ექიმი რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია “შავი ჭირის“ შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მის გამომწერებს საინტერესო სტატიას უზიარებს.

  • “შავი ჭირი და ორსულობა - რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა დავიცვათ თავი?“ - რეპროდუქტოლოგი იძლევა რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფიცირების თავიდან აცილება.

“ბოლო პერიოდში შავი ჭირის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ბევრი ადამიანს, განსაკუთრებით კი ორსულების შეიძლება შეშფოთება გამოიწვიოს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: შავი ჭირი დღეს იშვიათი დაავადებაა და დროული დიაგნოსტიკისა და შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპიის პირობებში განკურნებადია. თუმცა, ორსულობის დროს საეჭვო ინფექცია სწრაფ შეფასებას საჭიროებს.

შავი ჭირი გამოწვეულია ბაქტერიით იერსენია პესტის/Yersinia pestis. ადამიანი ძირითადად ინფიცირდება ინფიცირებული რწყილის ნაკბენით ან ინფიცირებულ ცხოველთან/მის ქსოვილებთან კონტაქტით. ფილტვისმიერი შავი ჭირის შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანიდან ადამიანზე რესპირატორული წვეთებით გადაცემაც.

  • რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ნაყოფზე?

ნაყოფისთვის მთავარი საფრთხე დედის მძიმე ინფექციაა. მაღალი სიცხე, სეფსისი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ორგანოთა დისფუნქცია შეიძლება უარყოფითად აისახოს ორსულობაზე.

ამასთან, აღწერილია Yersinia pestis-ის პლაცენტის გავლით ნაყოფამდე გავრცელებისა და ნაყოფის ინფიცირების შემთხვევებიც. მძიმე ან არანამკურნალები ინფექცია შეიძლება დაკავშირებული იყოს ორსულობის არასასურველ გამოსავალთან, მათ შორის ნაყოფის დაკარგვასთან.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დედის ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფიც აუცილებლად დაინფიცირდება. ასეთი შემთხვევები იშვიათია და დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გადამწყვეტია.

  • როგორ დავიცვათ თავი?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - თავიდან ავიცილოთ რწყილებთან, მღრღნელებთან და ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტი.

  • არ შეეხოთ მკვდარ ან ავადმყოფ გარეულ ცხოველებს, განსაკუთრებით მღრღნელებს, კურდღლებსა და სხვა მცირე ძუძუმწოვრებს.
  • თუ ცხოველის მკვდარი სხეულის ან ქსოვილის მოცილება აუცილებელია, ეს არ უნდა გააკეთოს ორსულმა. საჭიროა შესაბამისი დამცავი საშუალებები და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვა.
  • არ შეეხოთ ხელით მკვდარ მღრღნელებს ან მათ ბუდეებს/ექსკრემენტებს.
  • სახლში და მის გარშემო არ დატოვოთ საკვები, ნარჩენები ან სხვა რამ, რაც მღრღნელებს იზიდავს.
  • შეამცირეთ მღრღნელებისთვის ხელმისაწვდომი ადგილები - დახურეთ საკვების კონტეინერები, ნარჩენების ურნები და შესაძლო შესასვლელები სახლში.
  • შინაური ცხოველები, განსაკუთრებით კატები და ძაღლები, მოარიდეთ გარეულ მღრღნელებსა და ავადმყოფ/მკვდარ ცხოველებს.
  • შინაური ცხოველებისთვის გამოიყენეთ ვეტერინარის მიერ რეკომენდებული რწყილების საწინააღმდეგო კონტროლი. კატები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ინფიცირებულმა კატამ შეიძლება ადამიანისთვისაც შექმნას რისკი.
  • არ მისცეთ შინაურ ცხოველს უფლება, ნადირობდეს მღრღნელებზე.

რწყილებისგან დაცვა:

თუ იმყოფებით ისეთ რეგიონში, სადაც შავი ჭირი ცირკულირებს:

  • გამოიყენეთ შესაბამისი მწერების/რწყილების საწინააღმდეგო საშუალებები ინსტრუქციის მიხედვით.
  • ატარეთ გრძელი შარვალი, წინდები და დახურული ფეხსაცმელი განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც მღრღნელების ან რწყილების არსებობის რისკია.
  • მოერიდეთ ცხოველების ბუდეებს, მღრღნელების კოლონიებს და მათთვის დამახასიათებელ ადგილებს.
  • ორსულობის დროს ნებისმიერი რეპელენტის გამოყენებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ეტიკეტზე მითითებული ორსულობის უსაფრთხოების რეკომენდაციები.

თუ მოგზაურობთ:

მხოლოდ შავი ჭირის შესახებ ახალი ამბების გამო მოგზაურობის გაუქმება საჭირო არ არის. გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ რეგიონში დაავადების რეალურ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ოფიციალურ რეკომენდაციებს - ცხადია რუსეთში მოგზაურობას ამ ეტაპზე არ გირჩევთ.

  • მოგზაურობის წინ გადაამოწმეთ WHO-სა და შესაბამისი ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებების უახლესი ინფორმაცია.
  • თუ მოგზაურობისას ან დაბრუნების შემდეგ გქონდათ რწყილის ნაკბენი, მღრღნელთან/გარეულ ცხოველთან კონტაქტი ან დადასტურებულ შემთხვევასთან ახლო კონტაქტი, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

თუ შესაძლო ექსპოზიცია/კონტაქტი უკვე მოხდა:

არ დაელოდოთ სიმპტომების განვითარებას იმისთვის, რომ ექიმს აცნობოთ.

დაუკავშირდით ექიმს ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს და ზუსტად აღწერეთ ექსპოზიცია -სად იმყოფებოდით, როდის მოხდა კონტაქტი, რა ტიპის იყო კონტაქტი და გქონდათ თუ არა რწყილის ნაკბენი.

თუ განვითარდა მაღალი სიცხე, შემცივნება, ძლიერი სისუსტე, მტკივნეული გადიდებული ლიმფური კვანძი, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, საჭიროა სასწრაფო სამედიცინო შეფასება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფილტვისმიერი შავი ჭირზე ეჭვის მიტანა - ასეთ შემთხვევაში საჭიროა სწრაფი იზოლაცია და სამედიცინო დახმარება, რადგან შესაძლებელია ადამიანიდან ადამიანზე რესპირატორული გზით გადაცემა.

ორსულობის დროს მთავარი პრინციპია:

ექსპოზიციის თავიდან აცილება + სიმპტომების ადრეული ამოცნობა + ექიმისთვის ექსპოზიციის ისტორიის სწორად მიწოდება + საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება.

ინფორმირებულობა, მღრღნელებისა და რწყილების კონტროლი, ცხოველებთან უსაფრთხო მოპყრობა და დროული სამედიცინო დახმარება - ეს არის რეალური თავდაცვა.

ყველაზე დიდი საფრთხე დედისთვის არის მძიმე სისტემური ინფექცია - მაღალი სიცხე, სეფსისი, პნევმონია და ორგანოთა დაზიანება. ეს მდგომარეობები თავისთავად ზრდის ორსულობის არასასურველი გამოსავლის რისკს.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროული მკურნალობა. CDC-ს აქვს ორსულებისთვის სპეციალურად განსაზღვრული ანტიმიკრობული მკურნალობის სქემები როგორც ბუბონური, ისე ფილტვისმიერი და სეპტიცემიური შავი ჭირის დროს,“ - წერს ეკა კვირკველია.