ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ "სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს შეეხება.
რეპორტაჟში დეტალურადაა მოთხრობილი ნატა ვიბლიანის მძიმე ბრალდებების შესახებ. ქალი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, 35 წლის შემდეგ ამბობს, რომ ბავშვობიდან მოყოლებული სექსუალური ძალადობის, მუქარისა და სხვა დანაშაულების მსხვერპლი იყო.
საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. ნატა ვიბლიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ვარშავაში მისი გამოკითხვა ჩატარდა, ამოღებულია ნატა ვიბლიანისა და ბაჩუკი ჩხვიმიანის ნერწყვის ნიმუშები, ხოლო სვანეთში 43 მოწმე გამოიკითხა.
ბაჩუკი ჩხვიმიანი, რომელსაც ნატა ვიბლიანი ყველაზე მძიმე ბრალდებებს უყენებს, რეპორტაჟში საკუთარ პოზიციას პირველად ვრცლად ჰყვება.
ჩხვიმიანი ადასტურებს, რომ ნატა ვიბლიანთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა კატეგორიულად უარყოფს არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ ძალადობასა და გაუპატიურებას.
"ეს იყო 16 წლიდან და ჩვენი ურთიერთობა მოხდა 17-ში. ნატა იყო 17 წლის. მე ვიქნებოდი მაშინ 33 წლის.“
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მათ სექსუალური კავშირი, ჩხვიმიანი ამბობს:
"კი, ახლაც ვამბობ მაგას, რომ მთაში მოხდა ეს ჩვენი ურთიერთობა"...
იგი უარყოფს ნატა ვიბლიანზე ბავშვობაში განხორციელებულ ძალადობას და ამბობს, რომ 9 წლის ბავშვთან რაიმე კავშირს გამორიცხავს.
"მდინარის პირას მოხდა ერთი შემთხვევა. კი ბატონო, ეს იყო მესამე შემთხვევა".
თუმცა გაუპატიურების ფაქტს ის არ ადასტურებს. ჩხვიმიანი იხსენებს, რომ წლების წინ მის წინააღმდეგ მსგავსი ბრალდება ნატა ვიბლიანის დედამაც წამოაყენა.
შემთხვევიდან ოთხ დღეში მოზარდის დედამ სახლში დაიბარა, უთხრა, რომ მის სახლში მოზარდზე ძალადობის კვალი იყო და საქმის გარჩევა დაუწყო სახლში. გაგიუპატიურებიაო ჩემი შვილიო და მის მერე იყო ეს, რომ დამაბრალეს, რომ დამიცხრილიაო სახლიო... - ამბობს ის.
კითხვაზე, იყო თუ არა ის იარაღით მისული სახლში, ჩხვიმიანი პასუხობს: "არა, არა, კაცო, რა, რა სისულელე. წივილ-კივილი, ერთი ამბავი ჰქონდათ.“
ნატა ვიბლიანის ვერსიით, ძალადობა ერთჯერადი შემთხვევა არ ყოფილა და წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ქალი იხსენებს შემთხვევას, როდესაც, მისი თქმით, ბაჩუკი ჩხვიმიანი ძროხის მოსაწველად მისულს დახვდა და მასზე იძალადა.
"ძროხის მოსაწველად მისული ბაჩუკი ჩხვიმიანი იქ მოვიდა, თავისი საქმე გააკეთა და მე იქ უგონოდ დამაგდო.“
ნატა ასევე აღწერს სხვა ეპიზოდს, რომლის შემდეგაც, მისი თქმით, დედამისმა რეაგირება მოახდინა და დახმარებისთვის ოჯახის წევრებს მიმართა.
ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდი სვანეთში ხატზე დაფიცებას უკავშირდება. ბაჩუკი ჩხვიმიანი ამბობს, რომ ნატა ვიბლიანის ბრალდებების საპასუხოდ ხატზე მივიდა და დაიფიცა.
კითხვაზე, - კონკრეტულად რა დაიფიცა? - ის პასუხობს:
"ის, რაც ტყუილი ითქვა ჩემზე. ეს ცხრა წლიდან ხომ დაიწყო მაგან, რომ იმაზე დავიფიცე, რომ ეს არასწორია, არ იყო ასე, რაც არ მომხდარა. ცხენის მობმაზე დავიფიცე, იარაღით დახვრეტაზე. საქონლის სადგომზე გაუპატიურება - იმაზეც დაფიცული ვარ. სასაფლაოზეც, იმაზეც დაფიცული ვარ. ცხოვრებაში რომ არ გიფიქრია საერთოდ ასეთი რაღაცები - რას ჰქვია ეს, რა სისულელე".
რეპორტაჟში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი ნატა ვიბლიანის მოზარდობის პერიოდში ორსულობას ეხება. ნატა ამბობს, რომ 17 წლის ასაკში იმშობიარა. მისი თქმით, ამ პროცესში ბაჩუკი ჩხვიმიანი და მისი დედა მონაწილეობდნენ.
"ეს იყო ბაჩუკი ჩხვიმიანის შვილი. ბაჩუკიც ესწრებოდა ამ ყველაფერს და ბაჩუკის მანქანით წავედით".
ბაჩუკი ჩხვიმიანი ადასტურებს ნატა ვიბლიანის ორსულობის ფაქტს, თუმცა ამბობს, რომ ბავშვი მისი არ იყო.
"17 წლის იყო, რა, ასე, როცა ორსულად იყო. ჩემი შვილი არ იყო. ერთხელ მქონდა მე ამასთან ორსულობამდე ურთიერთობა და ორსულობის მერე".
ნატა ვიბლიანი კი ამტკიცებს, რომ ორსულობის ფაქტი სოფელში ცნობილი იყო და ბავშვის გაჩენის შემდეგ მისი გაუჩინარების შესახებაც იცოდნენ.
ნატა ვიბლიანი ძალადობაში მხოლოდ ბაჩუკი ჩხვიმიანს არ ამხელს. მის მონათხრობში ფიგურირებენ სხვა პირებიც, მათ შორის ბაჩუკი ჩხვიმიანის ძმა მალხაზი და ბიძაშვილი როდერ ჩხვიმიანი. მალხაზთან დაკავშირებით რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ნატას მოზარდობის პერიოდში ის ციხეში იმყოფებოდა.
რეპორტაჟში ასევე ჩანს ძალადობაში მხილებული პირების ადვოკატის პოზიცია. ადვოკატის თქმით, ბაჩუკი ჩხვიმიანს კრიმინალური წარსული არ აქვს და მის წინააღმდეგ სხვა დანაშაულში მონაწილეობა არ დასტურდება.
რეპორტაჟის მიხედვით, ნატას გამოსაკითხად გამომძიებლები ვარშავაში ჩავიდნენ. ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ნატა ვიბლიანისა და ბაჩუკი ჩხვიმიანის ნერწყვის ნიმუშები. სვანეთში გამოიკითხა 43 მოწმე. ნატა ვიბლიანს 12 აგვისტოს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
ქალი ამბობს, რომ ვარშავაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა და ბრძოლის გასაგრძელებლად საფრანგეთში გაემგზავრა.
ბაჩუკი ჩხვიმიანი კი ამბობს, რომ სიმართლის დადგენის შემთხვევაში შედეგს არ გაურბის:
ჟურნალისტი: სვანურ სამართალსაც არ ელოდებით?
- მე არა, იმიტომ რომ მე ხატზე დავიფიცე, "ვსიო".
- ელოდებით დაკავებას?
- არ ვიცი. სიმართლე თუ გაჭრის, მაშინ არა...