შოტლანდიაში, დანფერმლაინში, 55 წლის ბავშვის მომვლელმა, ამანდა მეთიუსონმა, აღიარა, რომ მის მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს სახლში მარტო და მეთვალყურეობის გარეშე ტოვებდა. როგორც გაირკვა, მეთიუსონი ერთდროულად 27 ბავშვს უვლიდა, მაშინ როცა ლიცენზიით მაქსიმუმ 8 ბავშვის მოვლის უფლება ჰქონდა.
BBC-ის ინფორმაციით, გამოძიების დროს ბავშვებმა მშობლებს უთხრეს, რომ მეთიუსონის სახლში მარტო დარჩენა მათთვის “ჩვეულებრივი რამ“ იყო. ერთ-ერთმა მშობელმა კი სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ბავშვის წამოსაყვანად მისულს სახლში რამდენიმე ბავშვი მარტო, ოთახებში გამოკეტილი და ატირებული დახვდა.

მეთიუსონი დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ბავშვის მომვლელად. 2023 წელს ჩატარებული შემოწმების მიხედვით, მას ერთდროულად მხოლოდ რვა ბავშვის მოვლის უფლება ჰქონდა.
გამოძიების ინფორმაციით, ის ზოგჯერ მშობლებს სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევდა და ხმამაღალ მუსიკას რთავდა, რათა დაემალა, რამდენი ბავშვი იმყოფებოდა მის მზრუნველობაში.
მეთიუსონი 2025 წლის 2 ივლისს დააკავეს. გამოძიება 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდში მომხდარ შემთხვევებს ეხებოდა.