ავტორი:

"მართლმადიდებლობა თითქოს ყველას ერთნაირს გვხდის" - მღვდელმონაზონმა ირინეოსმა, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, ბოსტონში Holy Cross School of Theology-ში მაგისტრატურა დაამთავრა

"მართლმადიდებლობა თითქოს ყველას ერთნაირს გვხდის" - მღვდელმონაზონმა ირინეოსმა, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, ბოსტონში Holy Cross School of Theology-ში მაგისტრატურა დაამთავრა

"აწ უკვე თეოლოგიის მაგისტრი“ - დაწერა თავის ფეისბუქ გვერდზე მღვდელმონაზონმა ირინეოს შენგელიამ. მან ბოსტონში, Holy Cross School of Theology-ში თეოლოგიის გაძლიერებული სამაგისტრო პროგრამა წარმატებით დაასრულა და თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი მაღალი შეფასებით მიიღო.

ცნობისთვის, ირინეოს შენგელიას განათლების გზა საბერძნეთს, შვეიცარიასა და აშშ-ს უკავშირდება. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციასა და სიმპოზიუმში და ავტორია რამდენიმე თეოლოგიური ნაშრომის ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. თეოლოგიის მაგისტრობა კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალგაზრდა სასულიერო პირის აკადემიურ გზაზე. როგორც ცნობილია, ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიაში მოღვაწეობს.

მამა ირინეოსს ამერიკაში დავუკავშირდით.

- მოგესალმებით. როგორც შევიტყვეთ, თეოლოგიის მაგისტრი გახდით. გილოცავთ. საინტერესო გზა გაგივლიათ...

- დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მოლოცვა და გამოხატული ინტერესი იმ წარმატებაზე, რომელსაც მხოლოდ ჩემ წარმატებად არ ვთვლი. როგორც ცნობილი გახდა, დავასრულე ბოსტონის Holy Cross-ის თეოლოგიური სასწავლებლის (Holy Cross Greek Orthodox School of Theology, აშშ) გაძლიერებული მაგისტრატურის ThM (Advanced Master of Theology) პროგრამა. მიხარია, რომ ეს ინტენსიური და შრომატევადი აკადემიური ეტაპი განსაკუთრებული წარმატებით - Magna Cum Laude შეფასებით დავხურე.

ბოსტონის Holy Cross-ის თეოლოგიური სასწავლებელი წარმოადგენს მსოფლიო მართლმადიდებლური საღვთო მეცნიერებების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ავტორიტეტულ აკადემიურ კერას. ThM-ის გაძლიერებული სამაგისტრო პროგრამა მოითხოვს არა მხოლოდ საბაზისო თეოლოგიურ ცოდნას, არამედ სიღრმისეულ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, ტექსტების კრიტიკულ ანალიზსა და თანამედროვე გამოწვევების თეოლოგიურ გააზრებას.

მნიშვნელოვანია, რომ ეს საპასუხოხმგებლო და მრავლისმომცველი გზა ჩემთან ერთად, ასევე წარმატებით მამა იერონიმე (ქათამაძე) გაიარა.

ვფიქრობ, ეს აკადემიური გამოცდილება ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ ჩვენი ცოდნა და ხედვა მაქსიმალურად მოვახმაროთ საქართველოს ეკლესიისა და საზოგადოების სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას.

- დიდი ისტორია აქვს ბოსტონის Holy Cross-ის თეოლოგიური სასწავლებელ?

- ბოსტონის Holy Cross-ის თეოლოგიური სასწავლებელი (Holy Cross Greek Orthodox School of Theology) მდებარეობს მასაჩუსეტსის შტატში (აშშ) და წარმოადგენს დასავლეთ ნახევარსფეროში მართლმადიდებლური საღვთო მეცნიერებების უმნიშვნელოვანეს და ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ ცენტრს.

სასწავლებელი დაარსდა 1937 წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ ათენაგორას I-ისა (იმჟამად ამერიკის მთავარეპისკოპოსის) ინიციატივითა და შრომით. თავდაპირველად ის დაფუძნდა პომფრეტში (კონექტიკუტი), ხოლო 1946 წელს გადავიდა მის დღევანდელ ისტორიულ მდებარეობაზე მასაჩუსეტსში.

დაარსების დღიდან სასწავლებლის მთავარი მისია იყო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მაღალკვალიფიციური სამღვდელოებისა და თეოლოგების მომზადება. დღეს ის წამყვანი აკრედიტებული მართლმადიდებლური უმაღლესი საღვთო მეცნიერებათა სკოლაა შეერთებულ შტატებში, რომელიც აერთიანებს ღრმა პატრისტიკულ ტრადიციებსა და თანამედროვე აკადემიურ კვლევით მეთოდოლოგიებს. სწორად ეს გახდა მიზეზი ჩემი და მამა იერონიმესთვის არ დაგვეზოგა ძალისხმევა, რათა მიგეღო და გაგვეღრმავებინა ჩვენი ცოდნა მის დიდებულ აუდიტორიებსა და თაღებ ქვეშ.

- კონკრეტულად რა მოგცათ იქ სწავლამ და რაში დაგარწმუნათ?

- არსებობს შესანიშნავი გამოთქმა სწავლე სიბერემდე… ჩემი მიზანი დღიდან ჩემი აკადემიური ცხოვრების დაწყებისა ამ მოტივს ეფუძნება... მუდმივი განახლება, სულიერი ჩაღრმავება, კითხვები და მათზე პასუხების პოვნა. ბოსტონის თეოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლისას კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, რომ განათლების მიღება არ ყოფილა მხოლოდ ფაქტების და თეორიული ცოდნის დაგროვება. ეს იყო მეთოდოლოგიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, როგორ უნდა შეისწავლო საღვთო მეცნიერებები მკაცრი აკადემიური კრიტიკულობით, ტექსტების სიღრმისეული ანალიზით და ამავდროულად, შენ ეპოქამდე მოღწეული საეკლესიო ტრადიციის მემკვიდრეობის ერთგულებით.

ამ პროცესმა დამარწმუნა იმაში, რომ თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგია არ უნდა იყოს მოწყვეტილი გლობალური აკადემიური სივრცის გამოწვევებისგან, პირიქით, აუცილებელია, რომ სასულიერო პირს ჰქონდეს უნარი, აწარმოოს ღია, არგუმენტირებული და ღრმა ინტელექტუალური დიალოგი თანამედროვე სამყაროსთან. ბოსტონის აკადემიურმა სივრცემ დამანახა თეოლოგიური აზროვნების ისეთი სივრცეები, რომლებიც ეხმარება ადამიანს, იპოვოს პასუხები ეპოქის ყველაზე კომპლექსურ კითხვებზე ისე, რომ არ დაკარგოს თავისი სულიერი ფესვები. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა დამარწმუნა იმის აუცილებლობაში, რომ შეძენილი ცოდნა და საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება აქტიურად უნდა მოვახმარო საქართველოს ეკლესიას, ღვთისაგან ჩემზე მობარებლ მრევლს და ნებისმიერ დაინტერესენულ ადამიანს.

- ადამიანების ნაწილს როგორ ფიქრობთ, რატომ აქვს ისეთი წარმოდგენა, რომ ამერიკა სულიერებისგან დაცლილია და იქ სულიერი განათლების მიღება შეუძლებელია?

- ვფიქრობ, ადამიანების ნაწილს მსგავსი სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს, რადგან თანამედროვე ამერიკული საზოგადოება ზედაპირული დაკვირვებით ძლიერ ტექნოლოგიურ, მატერიალურ და კომერციულ ცივილიზაციად აღიქმება. ხშირად მიჩნეულია, რომ საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ეკონომიკურ წარმატებაზე, ინდივიდუალიზმსა და რაციონალიზმზე, ბუნებრივად მოკლებულია სულიერ სიღრმეს.

თუმცა, ეს მიდგომა ღრმად მცდარი და ზედაპირულია. რეალობაში, ამერიკის შეერთებული შტატები არის სივრცე, სადაც რელიგიური თავისუფლება და მრავალფეროვნება ისტორიულად უწყობდა ხელს სულიერი და აკადემიური აზროვნების უნიკალურ განვითარებას. სწორედ ამერიკაში არსებობს ისეთი უმაღლესი აკადემიური კერები, როგორიცაა ბოსტონის Holy Croos-ის თეოლოგიური სასწავლებელი, წმინდა ვლადიმერის სახელობის სემინარია და კიდევ სხვა მრავალი.

- რას გვეტყვით ამერიკელ მართლმადიდებლებზე, ვინაიდან მათთან გაქვთ შეხება და პირადად იცნობთ?

- ამერიკელ მართლმადიდებლებთან პირადმა შეხებამ და მათთან მჭიდრო ურთიერთობამ დამანახა, რომ ისინი გამოირჩევიან რწმენისადმი განსაკუთრებული, გააზრებული და ღრმა ერთგულებით. საინტერესოა, რომ სოციოლოგიური და რელიგიური კვლევებიც ადასტურებს იმ ტენდენციას, რომ დღეს მართლმადიდებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე მზარდია. აღსანიშნავია, რომ ამ ზრდის უკან დგას არა მხოლოდ ეთნიკური მართლმადიდებლების მიგრაცია, არამედ ამერიკული საზოგადოების წარმომადგენელთა მასობრივი მისვლა ეკლესიაში, ძალიან ბევრი ამერიკელი ინათლება და თავისი ნებით უერთდება მართლმადიდებელ ეკლესიას.

ალბათ, ყველას აინტერესებს, თუ რა იზიდავთ მათ მართლმადიდებლობაში?! ძირითადი მიზეზი ის არის, რომ თანამედროვე დასავლურ და მუდმივად ცვალებად სამყაროში, მათ ხიბლავს მართლმადიდებელი ეკლესიის უცვალებელი და მყარი ტრადიცია, ურყევი ორთოდოქსული ხედვა და სამოციქულო მემკვიდრეობა. ისინი პოულობენ იმ სულიერ სიმტკიცეს და ღირებულებათა უცვლელობას, რომელიც აკლია თანამედროვე სეკულარულ სივრცეს. ეს არის ცოცხალი, უჭკნობი სულიერება, რომელიც არ ექვემდებარება ეპოქალურ დაკვეთებს და ინარჩუნებს ქრისტესმიერ პირველქმნილ სისავსეს. აი, ეს არის საიდუმლო და მიზეზი მე ასე ვიტყოდი "მართლმადიდებლობის ყვავილობისა“ ამერიკაში.

- ამერიკელი მართლმადიდებლები ჰგვანან ქართველ მართლმადიდებლებს?

- მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერი და ხალხი უნიკალურია, თავისი კულტურით, ტრადიციითა და ეთიკით, უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლობა თითქოს ყველას ერთნაირს გვხდის, გვაერთიანებს, ღვთის ერად გვაქცევს…

ყველაზე მეტად რაც ამერიკელ მართლმადიდებლებში მომწონს, ეს არის მათი დამოკიდებულება ლიტურგიისადმი, საოცარი წესრიგი, სრული სიჩუმე, მლოცველი გულები და ხელები, სიხარულით სავსე თვალები… ღვთისმსახურისთვის ეს ძალიან მარტივი შესამჩნევია.

- ე.ი. ქართველი დამწყები თეოლოგებისთვის, ახალგაზრდებისთვის ეს უნივერსიტეტი მიუწვდომელი სულაც არ არის?

- ამ სასწავლებელთან და ზოგადად განათლებასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გავუსვმა იმას და მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს და დამწყებ თეოლოგებს: არასოდეს იფიქროთ, რომ მსგავსი მასშტაბისა და დონის აკადემიური მწვერვალები თქვენთვის მიუწვდომელია. თუკი მე, ერთმა ჩვეულებრივმა ახლგაზრდა სასულიერო პირმა, შევძელი ამ გზის გავლა და ბოსტონის Holy Cross-ის მაგისტრატურის წარმატებით დასრულება, დამიჯერეთ, ამის გაკეთება თითოეულ თქვენგანს შეუძლია. საჭიროა მხოლოდ შრომა, რწმენა და მიზანსწრაფვა!

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მღვდელმთავარს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) მისი მხარდაჭერა, მზრუნველობა და ძალისხმევა შეუფასებელია, მინდა გითხრათ, რომ ის აქტიურად უწყობს ხელს რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ შეძლოს განათლების მიღება მსგავს უნივერსიტეტებში. ამის დასტურია ისიც, რომ წელსაც უკვე გავგზავნეთ ერთი ახალი სტუდენტი და ეს მხოლოდ დასაწყისია სამომავლოდ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ მასშტაბურ ნაბიჯს ვგეგმავთ.

არ შემიძლია მადლობა არ ვუძღვნა ამერიკის ბერძნულ სამთავარეპისკოპოსოს და მთავარეპისკოპოსს ელპიდოფოროსს, რომლის ურყევი მხარდაჭერითაც ხორცს ისხამს ჩვენი ეს წმინდა იდეები და სამომავლო ჩანფიქრები.