არქეოლოგებმა თურქეთის სანაპიროსთან 2100 წლის წინ ჩაძირულ ხომალდს მიაკვლიეს, რომელიც ათასობით კერამიკული ნაკეთობით იყო დატვირთული.
აღმოჩენილ ნივთებს ჭურჭელი, თევზის თეფშები და სხვადასხვა ზომის ლანგრები აღმოჩნდა, რომლებმაც თავდაპირველი სახე საოცრად კარგად შემოინახა. ეს იშვიათი მიგნება ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ სადილობდნენ მდიდარი რომაელები და როგორ ხორციელდებოდა ამ მოთხოვნადი ფუფუნების საგნებით საზღვაო ვაჭრობა.

ხომალდის ნაშთები ანტალიაში, ადრასანის სანაპიროსთან, 55 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მკვლევართა ვარაუდით იგი უძველესი დასახლება როსოსიდან გამოვიდა და რომისკენ მიემართებოდა, როდესაც ქარიშხალში მოჰყვა, რიფს შეეჯახა და ჩაიძირა.

მკვლევრებმა უკვე ამოიღეს ათასობით ნივთი, მათ შორის 122 სხვადასხვა ფორმისა და ზომის თეფში, ჯამი და ლანგარი, რაც იმ ეპოქის დახვეწილ და ფუფუნებით სავსე კულინარიულ კულტურაზე მეტყველებს. არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს ეგეოსის ზღვის რამდენიმე კუნძულიდან წარმოშობილი კერამიკული ქილები, რაც მიანიშნებს, რომ ხომალდს ტვირთი სხვადასხვა საწარმოო ცენტრიდან გადაჰქონდა.

როგორც რომაული წერილობითი წყაროები მოწმობს, როსოსის კერამიკა დიდი პოპულარობით სარგებლობდა შეძლებულ მომხმარებლებში. აღმოჩენის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის საინტერესო კავშირი ძველი რომის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ სახელმწიფოს მოღვაწესა და ორატორ ციცერონთან.
ძვ. წ. 50 წელს თავისი მეგობარი ატიკუსისადმი მიწერილ წერილში ციცერონი აღნიშნავს, რომ როსოსიდან კერამიკული ჭურჭელი შეუკვეთა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ რეგიონის ნაწარმი მდიდარ რომაელებში მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა.

არქეოლოგების თქმით ტვირთი განსაკუთრებულად კარგმა მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამის მიზეზი მისი ტრანსპორტირების პირობები გახდა, ჭურჭელი ხის ყუთებში სათუთად იყო ჩალაგებული, ხოლო ცალკეულ ნივთებს შორის თიხა იყო დატანილი, რათა ისინი ტრანსპორტირებისას არ გატეხილიყო. ჩაძირვისას სწორედ ამ დამცავმა ფენამ გადაარჩინა ტვირთის უდიდესი ნაწილი სერიოზულ დაზიანებას.
ხომალდზე ასევე აღმოაჩინეს ძვ. წ. I საუკუნით დათარიღებული მონეტები, რამაც მკვლევრებს გემის უკანასკნელი ნაოსნობის ზუსტი პერიოდის დადგენაში შეუწყო ხელი.