ავტორი:

იტალიაში ქართველი ქალების შრომითი ექსპლუატაციისა და უკანონოდ დასაქმების სქემა გამოავლინეს: დაკავებულია 29 ადამიანი - რას წერს ადგილობრივი მედია?

იტალიაში ქართველი ქალების შრომითი ექსპლუატაციისა და უკანონოდ დასაქმების სქემა გამოავლინეს: დაკავებულია 29 ადამიანი - რას წერს ადგილობრივი მედია?

იტალიური მედიის ცნობით, ქვეყანაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად, ქართველ ქალთა უკანონო მიგრაციასა და მათ შრომით ექსპლუატაციაში ჩართული სავარაუდო დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. ამ დროისთვის დაკავებულია 29 ადამიანი.

ოპერაცია 7 ოქტომბერს დილით დაიწყო და მასში იტალიის ფინანსური გვარდიის დაახლოებით 220 სამხედრო მონაწილეობდა. სამართალდამცველებმა ქვეყნის 10 პროვინციაში, 95 ლოკაციაზე ჩაატარეს ჩხრეკა. გამოძიების ფარგლებში, საერთო ჯამში, 101 პირია მხილებული.

საქმეს მერანოს ფინანსური გვარდიის სამსახური იძიებს და მას ბოლცანოს პროკურატურის პროკურორის მოადგილე იგორ სეკო უწევს კოორდინირებას.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემაში ორი ქართველი ქალი მონაწილეობდა. ისინი საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში უკანონოდ ჩასვლაში ეხმარებოდნენ, რის შემდეგაც ქალებს სხვადასხვა საცხოვრებელში ათავსებდნენ და, ძირითადად, სამხრეთ ტიროლისა და ტრენტინოს რეგიონებში ოჯახებში მომვლელებად ასაქმებდნენ.

სამართალდამცველების ცნობით, ქალების დასაქმებული ოჯახები სავარაუდო დანაშაულებრივი სქემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მერანოში მოქმედი დასაქმების სააგენტო გახდა. სააგენტო ფორმალურად კანონიერად ფუნქციონირებდა და მას ორი იტალიელი მართავდა. ყალბი დოკუმენტებისა და შეცვლილი პირადი მონაცემების გამოყენებით ქართველ ქალებს ევროკავშირის მოქალაქეებად აფორმებდნენ, რათა მათ იტალიაში ლეგალურად დასაქმება შესძლებოდათ. შედეგად, 100-ზე მეტ ქალს ყალბი საგადასახადო კოდები დაუმზადეს.

ქალების ნაწილი, სავარაუდოდ, შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა. მათ ართმევდნენ პირად დოკუმენტებს, ერთი ოჯახიდან მეორეში მათი თანხმობის გარეშე გადაჰყავდათ და სამუშაოს სანაცვლოდ ხელფასის ნაწილის დათმობას ან ე.წ. საჩუქრების გადახდას სთხოვდნენ.

გამოძიების ვერსიით, ქალებს თანხის გადახდა უწევდათ როგორც სამუშაოს მისაღებად, ასევე მათი ყალბი სტატუსის "მოსაწესრიგებლად“.

გამოვლენილ სავარაუდო დანაშაულებში ფიგურირებს შრომითი ექსპლუატაცია, დასაქმებულების უკანონო კონტროლი, ასევე დოკუმენტების გაყალბება და უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა. დაკავებულ 29 პირს სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტები აღმოუჩინეს.