ავტორი:

87 წლის ქალი, რომლის სახლიდან გამოსახლებას ესპანეთში დიდი პროტესტი და პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა, საავადმყოფოში გარდაიცვალა - მარიკარმენ აბასკალის ტრაგიკული ისტორია

87 წლის ქალი, რომლის სახლიდან გამოსახლებას ესპანეთში დიდი პროტესტი და პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა, საავადმყოფოში გარდაიცვალა - მარიკარმენ აბასკალის ტრაგიკული ისტორია

მადრიდის ბინის დამქირავებელთა პროფკავშირმა (Sindicato de Inquilinas) ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2026 წლის 7 ოქტომბერს, საკუთარი ბინიდან იძულებით გამოსახლებიდან ორი კვირის თავზე, მადრიდის გრეგორიო მარანიონის საავადმყოფოში 87 წლის მარიკარმენ აბასკალი გარდაიცვალა.

აბასკალი, რომელიც 23 სექტემბერს საკაცით გაიყვანეს საკუთარი სახლიდან, საავადმყოფოში ნერვული აშლილობითა და ფიზიკური გამოფიტვით მკურნალობდა.

პროფკავშირის განცხადებით, მარიკარმენის შემთხვევა გახდა "გარდამტეხი მომენტი ქვეყნის ისტორიაში“.

  • 70-წლიანი ისტორია და სამართლებრივი დავა Urbagestión-თან

მარიკარმენ აბასკალი მადრიდის რეთიროს (Retiro) რაიონში მდებარე ბინაში 1956 წლიდან, 70 წელზე მეტხანს ცხოვრობდა. ხელშეკრულება თავდაპირველად მამამისმა გააფორმა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ უფლებამონაცვლეობა მარიკარმენზე გადავიდა. წლების განმავლობაში ის ყოველთვიურად იხდიდა 500 ევროს (ძველი, რეგულირებადი იჯარის განაკვეთი).

სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 2018 წელს, როდესაც უძრავი ქონება საინვესტიციო კომპანია Urbagestión Desarrollo e Inversión-მა შეიძინა. ინვესტორმა ქირა 2,650 ევრომდე გაზარდა, მოგვიანებით კი მოლაპარაკებისას 1650 ევრომდე შეამცირა. თუმცა, 1 350-1 400-ევროიანი პენსიის პირობებში, ეს თანხა პენსიონერისთვის სრულიად შეუძლებელი გადასახადი აღმოჩნდა.

კომპანიამ სამჯერ სცადა მისი გამოსახლება, რაც სასამართლოების მიერ დაიბლოკა (მათ შორის გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციითაც). თუმცა, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ იჯარის ვადის ამოწურვა ცნო და მეოთხე მცდელობაზე, 23 სექტემბერს, 400-მდე მომიტინგის წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციამ იძულებითი გამოსახლება მაინც აღასრულა.

  • მასობრივი საპროტესტო ტალღა: "არცერთი მარიკარმენით მეტი"!

87 წლის ქალბატონის სახლიდან საკაცით გამოყვანის კადრებმა მთელი ესპანეთი შეძრა. ქვეყნის ათობით ქალაქში ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა სლოგანით «Ni una Maricarmen más» ("არცერთი მარიკარმენით მეტი“).

მადრიდში, 26 სექტემბერს გამართული მრავალათასიანი დემონსტრაციის შემდეგ, მომიტინგეებმა ცენტრალურ მოედან Puerta del Sol-ზე კარვები გაშალეს.

საზოგადოებრივი წნეხის შედეგად, კომპანია Urbagestión-მა განაცხადა, რომ თანახმა იყო აბასკალის ძველი პირობებით დაბრუნებაზე, თუმცა მისი ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო ეს ვეღარ მოხერხდა.

  • პოლიტიკური კრიზისი და ვადამდელი არჩევნები

მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების დასაცხრობად, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ორი სამეფო დეკრეტი-კანონი, რომლებიც ითვალისწინებდა:

  • 2030 წლამდე გამოსახლებების აკრძალვას მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
  • მსხვილი საინვესტიციო ფონდების (რომლებსაც მთავრობაში "მტაცებელ ფონდებს“ / fondos buitre უწოდებენ) საქმიანობის შეზღუდვას.

ვინაიდან სანჩესის კაბინეტს პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს, მემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიებმა დეკრეტები ჩააგდეს. ოპოზიციამ განაცხადა, რომ ეს იყო დარტყმა კერძო საკუთრების უფლებაზე და იმ რიგით მოქალაქეებზე, რომლებიც ბინებს აქირავებენ.

საკანონმდებლო ჩიხისა და მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 29 ნოემბრისთვის დანიშნა.