ambebi.ge უკვე წერდა, რომ ა.წ. სექტემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელობისთვის 25 წლის ედგარ აბუხბა დააკავეს. ეს მისთვის პირველი მძიმე დანაშაული არ არის - ორი წლით ადრე ის ტურისტი ქალის გაუპატიურებისა და სასტიკად ცემისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ამჯერად მოკლული 26 წლის ამინა ბიკბოვაა, რუსეთის ქალაქ ორენბურგის მცხოვრები, რომელიც გაგრაში მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებდა.
ამინას ბოლო სამი დღის განმავლობაში ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რის გამოც დედამ განგაში ატეხა და გაგრის მილიციას მიმართა. მოკლულის მეგობრის ინფორმაციით, ამინამ ტელეფონით გაიცნო გუდაუთელი ედგარ აბუხბა, რომელიც გაგრაში ხილს ყიდდა. გაცნობიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ერთმანეთს სწერდნენ. 24 სექტემბერს აბუხბამ ორივე მეგობარი ყავაზე დაპატიჟა, თუმცა შეხვედრას მხოლოდ ამინა დათანხმდა. ამის შემდეგ გოგონას კვალი გაქრა. მეორე დღეს მეგობარმა აბუხბას იმ მაღაზიაში მიაკითხა, სადაც ის ხილს ყიდდა და ამინას შესახებ ჰკითხა. აბუხბამ უთხრა, რომ მათ ყავა დალიეს, შემდეგ კი ამინას ვიღაც სხვა ბიჭმა მანქანით მიაკითხა და წაიყვანა.
26 სექტემბერს დაკარგული გოგონას მშობლებმა გაგრის მილიციას მიმართეს. მეორე დღეს აბუხბა დააკავეს. დე ფაქტო შს სამინისტრო დაკავებულის ჩვენებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ყავის დალევის შემდეგ აბუხბამ ამინა ტაქსით ნაქირავებ ბინაში წაიყვანა. იქ მათ კონფლიქტი მოუვიდათ, რის მერეც აბუხბამ გოგონა დაახრჩო. უწყების ინფორმაციით, მეორე დილით, კვალის დაფარვის მიზნით, მან ნაცნობს ავტომობილი სთხოვა, ცხედარი მანქანაში მოათავსა და ბზიფის ხეობისკენ გაემართა. თავდაპირველად ცხედრის წყალში გადაგდებას აპირებდა, თუმცა ვერ შეძლო და პლედში გახვეული სოფლის გზასთან, ბუჩქებში მიაგდო, მოკლულის ტელეფონი და პირადი ნივთები კი სოხუმის გზატკეცილზე, ნაგავში გადაყარა.
დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ აბუხბა მანამდეც იყო ნასამართლევი. 2019 წელს, როდესაც ის 17 წლის იყო, 20 წლის რუსი ტურისტი ქალი სოხუმის ცენტრში მდებარე ე.წ. სამთავრობო შენობის კომპლექსში მიიყვანა, გააუპატიურა, ქვებითა და მუშტებით სასტიკად სცემა, გაძარცვა, ბოლოს საფეთქელში ქვა ჩაარტყა და მიატოვა. აბუხბას ეგონა, რომ ქალი მკვდარი იყო, თუმცა ის გადარჩა. დე ფაქტო სასამართლომ აბუხბას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა საკასაციო სასამართლომ განაჩენი გააუქმა და როგორც არასრულწლოვანს, სასჯელი 9 წლამდე პატიმრობით შეუმცირა. დაზარალებული ქალის ოჯახი კომპენსაციად მილიონ რუბლს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ აბუხბას 10 ათასი რუბლის ჯარიმა დააკისრა.
აბუხბამ შემცირებული სასჯელის მხოლოდ ნახევარი მოიხადა და 2024 წლის თებერვალში ვადაზე ადრე გათავისუფლდა. მის გათავისუფლებას მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწვავედ გამოეხმაურა და ეს გადაწყვეტილება "უკიდურეს გაუგებრობად" შეაფასა და რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია უსაფრთხოების რისკების გამო. განცხადებას აფხაზეთში უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ცალკეული დანაშაულის გამო რეგიონში ტურისტების უსაფრთხოების საკითხის პოლიტიზება არასწორია.
ვადაზე ადრე გათავისუფლებიდან ორი წლის შემდეგ აბუხბა კვლავ დააკავეს. ამჯერად რუსი ტურისტის მკვლელობის საქმეზე. დე ფაქტო გენპროკურორმა განაცხადა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა. დე ფაქტო ტურიზმის სამსახურმა მოკლულის ოჯახს დაკრძალვის ხარჯების დაფარვა და ფულადი კომპენსაცია შესთავაზა.
უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი: - აფხაზეთში კრიმინალური ვითარება წლებია მძიმეა და ეს ახალი პრობლემა არ არის. ყოველწლიურად ხდება მსგავსი შემთხვევები, მათ შორის რუსი ტურისტების მიმართაც და მოსკოვსაც ჰქონდა ამაზე რეაქცია. შეიძლება ითქვას, კრიმინალი ბევრ სფეროშია შეღწეული და კრიმინალური სამყაროს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზეც არაერთხელ ყოფილა. დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს ტურისტებთან დაკავშირებული მსგავსი შემთხვევები სეზონზე არ გახმაურდეს, რათა შემოსავალი არ დაკარგოს და მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას. არ ახმაურებენ შემთხვევებს, თუკი საქმე ძალიან მძიმე დანაშაულს, მაგალითად, მკვლელობას, არ ეხება. წლებია, არაფერი იცვლება და მთავარი პრობლემა დაუსჯელობასა და დე ფაქტო ინსტიტუტების კორუმპირებულობას უკავშირდება. თუ აფხაზეთში ადამიანი გავლენიანი კლანის წევრია, კავშირები აქვს ან შეუძლია ფულის გადახდა, ის ყოველთვის არიდებს თავს პასუხისმგებლობას ან მხოლოდ მოჩვენებითად ისჯება. თუნდაც ამ შემთხვევაში მკვლელობის მცდელობისთვის ის კაცი წლების წინ იყო დაკავებული და ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. რუსეთი ბევრს ვერაფერს აკეთებს, რადგან საპოლიციო კონტროლი აფხაზური სტრუქტურების ხელთაა. გააგრძელეთ კითხვა