ავტორი:

"ერთი საათი ასი ლარია?" - პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს: შსს ფარულად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

"ერთი საათი ასი ლარია?" - პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს: შსს ფარულად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა განაცხადა, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში განხორციელდა.

  • "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 21 პირი დააკავეს, ხოლო 11 ობიექტი დალუქეს.

საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში განხორციელდა.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები, რომლებიც სხვადასხვა ობიექტის მენეჯერები და ადმინისტრატორები იყვნენ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში. კერძოდ, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ისინი მათ განკარგვაში არსებულ ობიექტებში ქალებს ფართებს უთმობდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი, ქალების მიერ სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული ანაზღაურების დიდ ნაწილს თავად იღებდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტების შემოსავლის ძირითად წყაროს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხები წარმოადგენდა.

სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა ობიექტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს მსგავსი სახის უკანონო საქმიანობის გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე დანაშაულში ჩართული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - განაცხადა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.