დასამალი არაა, რომ ხშირად გაზვიადებულად მიიჩნევენ სპეცსამსახურების ყოვლისშემძლეობას და სხვა ქვეყნების საშინაო და საგარეო პროცესებში “ხელის ფათურის” მასშტაბებს. ზოგიერთები ამას "კონსპიროლოგიის თეორიად” ნათლავენ. თუმცა მრავალრიცხოვანი ისტორიული ფაქტები მეტყველებენ, რომ სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციები ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც შემოდგომის ფოთოლცვენა.მრავალი ათეული წლის შემდეგ თუ ხდება ცნობილი, რომ პოპულარული პოლიტიკოსი, გამოჩენილი მეცნიერი ან ყველაზე "პატრიოტული“ გამოსვლებით გამორჩეული პარლამენტარი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები იყვნენ და მათი მითითებებით მოქმედებდნენ.
სპეცსამსახურისთვის ნებისმიერი აგენტის მართვა-მანიპულირება ურთულესი ამოცანაა, განსაკუთრებით „გავლენის აგენტის“ საჭირო მიმართულებით „წაყვანაა“ რთული საქმე. რატომ? იმიტომ, რომ მის მოტივაციას დიდწილად ფსიქოლოგიური ფაქტორები (პატივმოყვარეობა და გაასმაგებული ეგო) წარმართავენ, ვიდრე - მატერიალური დაინტერესება. „გავლენის აგენტი“ ისეთივე სათუთ მოპყრობას მოითხოვს, როგორც ჩინური ფაიფური: ოდნავი გაუფრთხილებლობა და - დაიმსხვრევა, „ოქროს ჩიტიც“ გალიიდან გაფრინდება. ჯაშუშობის ისტორია გვიჩვენებს, რომ უმართავი „გავლენის აგენტი“ დიდი პრობლემაა სპეცსამსახურისთვის.
„გავლენის აგენტების“ ოჯახურ დინასტიებზე კი ცალკე ისტორიების მოყოლაა შესაძლებელი, მათ შორის - საქართველოს მაგალითზეც. ყველაზე დიდი საიდუმლო, რაც რუსეთის სპეცსამსახურების არქივებში იმალება, „გავლენის აგენტების“ ოჯახური დინასტიების აგენტურული საქმეების ამსახველი დოკუმენტებია. როგორც სპეცსამსახურების თანამშრომლების ოჯახური დინასტიები არსებობს (როდესაც რამდენიმე თაობა სპეცსამსახურში მსახურობს), ასევე, „გავლენის აგენტების“ ოჯახური დინასტიებიც არსებობს: როცა თაობები დგანან რუსეთის სამსახურში. ეს კი ყველა სპეცსამსახურის საოცნებო ვარიანტია: მათთვის განსაკუთრებით ფასეულია ის გარემოება, რომ სამშობლოს გაყიდვის „ოჯახური ბიზნესი“ უკვე მხოლოდ ერთი აგენტის თავსატეხი არაა და მთელი ოჯახია ჩართული ამ საქმეში. ამ დროს აგენტის „ჩავარდნის“ შანსიც მცირდება და მისი ეფექტიანობაც იზრდება.
რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ, არა მარტო მოქმედი, არამედ - სარეზერვო „გავლენის აგენტებიც“ ჰყავდეთ: რა იციან, რა დროს დასჭირდებათ? ამიტომაც მათ „გავლენის აგენტები“ ჰყავთ უცხო ქვეყნის, როგორც სახელისუფლებო, ასევე, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში: კონკურენცია ხომ პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა! ამიტომაცაა რომ ასე მრავლად არიან ირგვლივ რუსეთის აგენტები: პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები, ჟურნალისტ/ექსპერტები და „სასარგებლო იდიოტები".
დღეს გთავაზობთ რუსეთის „გავლენის აგენტის“ გაზრდა/ფორმირების და დაწინაურების ერთ კლასიკურ ისტორიას. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ოთარ ფარცხალაძის გადაბირების ამბავი ქრესთომატიული და ტიპურ/თვალსაჩინო (თუმცა, სამწუხაროდ, არა - ერთეული) მაგალითია იმისა, თუ რა მონდომებითა და მოთმინებით მუშაობს “კრემლი”: მისი საიდუმლო ოპერაციები ათწლეულებზეა გათვლილი! როდის აღმოაჩინა ფარცხალაძემ, რომ ის “რომანოვია” და მისი ისტორიული სამშობლო რუსეთია? როდიდან აწვდიდა ის რუსეთის სპეცსამსახურებს ინფორმაციას და რა პერიოდიდან იყო მათი “გავლენის ოპერაციების” გამტარებელი საქართველოში? ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არც 2021 წლიდან დაწყებულა და არც 2012 წლიდან.
ვფიქრობ, ფარცხალაძე 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან მოხვდა რუსეთის სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში და შემდეგ განხორციელდა მისი მეთოდური დამუშავება. სავარაუდოდ, ის ჯერ “აგენტი-ინფორმატორის” ფუნქციას ასრულებდა, შემდეგ კი მასში პოტენციალი დაინახეს და მისი დაწინაურებისა და კარიერის შექმნის ოპერაციაც დაგეგმეს, რაც, ჩემი აზრით, 2008 წლიდან დაიწყო. მაშინ რუსეთის სპეცსამსახურებს ძალზე სჭირდებოდათ აგენტურა საქართველოში, განსაკუთრებით - სამართალდამცავ და მაკონტროლებელ სტრუქტურებში. ამავე დროს, შიდა ქართლის რეგიონი, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის ერთ-ერთი ეპიცენტრია, ყოველთვის იყო და რჩება მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებად. სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის პოსტზე მუშაობისას “დაადგა თვალი” ფარცხალაძეს ეფ-ეს-ბემ. მალევე ის ამ სამმართველოს უფროსი ხდება და ამ თანამდებობაზე 2012 წლის ბოლომდე მუშაობს. შიდა ქართლში მომავალი “რომანოვი” ხელმძღვანელობდა ფინანსურ გამოძიებებს - გადასახადების, ფინანსური დარღვევების, მეწარმეების ფინანსური ვალდებულებებისა და ეკონომიკური დანაშაულის მიმართულებით. გააგრძელეთ კითხვა