ავტორი:

ისრაელში არქეოლოგებმა ქრისტეს მოღვაწეობის დროინდელ უძველეს რიტუალურ აბანოს მიაგნეს

ისრაელში არქეოლოგებმა ქრისტეს მოღვაწეობის დროინდელ უძველეს რიტუალურ აბანოს მიაგნეს

ისრაელში არქეოლოგებმა დაახლოებით 2000 წლის წინანდელი, მეორე ტაძრის პერიოდის ებრაული რიტუალური აბანო (მიკვე) აღმოაჩინეს, რომელიც საოცრად კარგ მდგომარეობაშია შემონახული.

უძველესი ნაგებობა იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 56 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ კირლიატ-გატში გათხრებისას აღმოაჩინეს. ისრაელის სიძველეთა სამმართველომ (IAA) სექტემბერში გამოაცხადა, რომ 25-ტონიანი ძეგლის დაუზიანებლად ამოსაღებად სპეციალური ტექნიკითა და ამწეებით რთული ოპერაცია ჩაატარდა.

ებრაული რიტუალური აბანო ტრადიციულად განწმენდის ცერემონიალისთვის გამოიყენებოდა. ის იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდს განეკუთვნება. როგორც მეორე ტაძრის ხანაში მცხოვრები ებრაელი, სავარაუდოა, თავად იესოც იყენებდა მიკვეს, თუმცა წმინდა წერილში ეს პირდაპირ მოხსენიებული არ არის.

ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ნაგებობა იმის მტკიცებულებაა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ოდესღაც მეორე ტაძრის პერიოდის დასახლება არსებობდა, რომლის შესახებაც მეცნიერებისთვის აქამდე ცნობილი არ იყო. გათხრებისას ასევე აღმოაჩინეს ქვის საზომი ჭურჭელი, რომელიც იმ ეპოქაში ფართოდ გამოიყენებოდა.

IAA-ის განცხადებით, რიტუალური აბანო დროებით ამოიღეს, რათა ახალი უბნის მშენებლობისას არ დაზიანებულიყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მას თავდაპირველ ადგილზე დააბრუნებენ და ახალი დასახლების ცენტრში, ღია საზოგადოებრივ სივრცეში გაუკეთებენ ინტეგრაციას.

წყარო