ავტორი:

“საწვავზე აქციზის დროებით შეჩერება ლიტრს დაახლოებით 40 თეთრით, აქციზისა და დღგ-ს ერთად შეჩერება კი დაახლოებით ლარით გააიაფებს“ - ნიკა გვარამია

“საწვავზე აქციზის დროებით შეჩერება ლიტრს დაახლოებით 40 თეთრით, აქციზისა და დღგ-ს ერთად შეჩერება კი დაახლოებით ლარით გააიაფებს“ - ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საწვავის ფასებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დროებითი ზომების მიღებას ითხოვს.

  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საწვავზე საგადასახადო ტვირთის შემცირების გარეშე ფასების “კატასტროფა“ გარდაუვალია და მყისიერი ეფექტია საჭირო. გვარამიას თქმით, შესაბამისი ზომის მიღების გარეშე საწვავის ფასების ზრდას პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების ზრდაც მოჰყვება.

გვარამია ამბობს, რომ აქციზის დროებით შეჩერება ლიტრს დაახლოებით 40 თეთრით გააიაფებს, ხოლო დღგ-ის შეჩერებასთან კომბინაციაში ლარამდე გააიაფებს.

“ჩემი მანქანის ავზის შევსება პრემიუმით (და არა სუპერით) უკვე 260 ლარი ჯდება. ამ 260 ლარიდან დაახლოებით 65 ლარი გადასახადია: აქციზი და დღგ. თან ამ ქალაქის საცობებში მანქანა პრაქტიკულად ორმაგს წვავს. თუ ეს ჩემთვის მძიმეა, წარმოიდგინეთ ტაქსის მძღოლი, დისტრიბუტორი ან ფერმერი, ვისთვისაც საწვავი ყოველდღიური სამუშაო ხარჯია.

ივანიშვილის კლანური კორუფცია მთავარი და გადამწყვეტი პრობლემაა, მაგრამ ამაზე უსასრულო საუბარი მომხმარებელს დღეს ვერაფერს შველის.

საწვავზე საგადასახადო ტვირთის შემცირების გარეშე ფასების კატასტროფას ვერ ავცდებით. მყისიერი ეფექტი გვჭირდება. საწვავი ყველა პროდუქტის ფასში დევს, ამიტომ მას პირველადი მოხმარების ყველა საქონელი მიჰყვება.

რიცხვები მარტივია. აქციზის დროებით შეჩერება ლიტრს დაახლოებით 40 თეთრით გააიაფებს. აქციზისა და დღგ-ის ერთად შეჩერება დაახლოებით ერთი ლარით, ანუ ფასის მეოთხედით.

ის, რომ მთავრობას ფასის მატება აწყობს, მათემატიკური ფაქტია: დღგ ფასის პროცენტია, ამიტომ რაც უფრო ძვირია ლიტრი, მით მეტს იღებს ბიუჯეტი თითოეული ჩვენგანისგან. პოლიტიკური ფაქტი კი ისაა, რომ ამ ბიუჯეტიდან ასობით მილიონი მიდის ვითომ საჯარო მოხელეებზე, სინამდვილეში კი სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ “ქართული ოცნების“ წევრებსა და კოორდინატორებზე.

წელს გერმანიამ ლიტრზე გადასახადი 17 ცენტით, ირლანდიამ კი 27–32 ცენტით შეამცირა. ჩვენც დროებითი ზომა დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ. ოღონდ, ერთი პირობით: შეღავათი მოქალაქის ჯიბეს უნდა შეეხოს და არა ივანიშვილის საწვავის მაფიის მოგების მარჟას დაემატოს“, - წერს გვარამია.