ავტორი:

“ჯოჯოხეთის ხახად“ წოდებული ვულკანი იღვიძებს - რა საფრთხეებზე საუბრობენ მეცნიერები?

“ჯოჯოხეთის ხახად“ წოდებული ვულკანი იღვიძებს - რა საფრთხეებზე საუბრობენ მეცნიერები?

ცოტა ხნის წინ მკვლევრებმა აღმოაჩინეს რომ “მასაიას“აქტიური ვულკანის ქვეშ არსებული ორი მაგმური კამერა კვლავ ივსება.

ხალხში “ჯოჯოხეთის ხახად“ მოხსენიებული ვულკანი ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუადან სულ რაღაც 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამავე ტერიტორიაზე მყოფი ლავით სავსე “სანტიაგოს კრატერის“ სანახავად ყოველწლიურად ათასობით ტურისტი მიემართება, სწორედ ამ კრატერმა განაპირობა ვულკანის შემზარავი სახელწოდება.

  • “მასაიას“ ამოფრქვევის საფრთხე მუდმივ საზრუნავს წარმოადგენს, ახალმა კვლევამ კი მიწისქვეშ მიმდინარე აქტივობის შემაშფოთებელი ნიშნები გამოავლინა.

“ჯოჯოხეთის ხახა“ განსაკუთრებით რთული აგებულების ვულკანია, იგი ერთმანეთში ჩართული კრატერებისა და ჩავარდნილობებისგან (ძაბრებისგან) შედგება, რომლებიც დაცარიელებული მაგმური კამერების შედეგად წარმოიქმნა.

ამ სირთულის გამო, ზედაპირის ქვეშ არსებული გვირაბებისა და კამერების ქსელი ჯერ კიდევ არასაკმარისადაა შესწავლილი. ყოველივე ეს იმ ნიშნების ამოცნობას ართულებს, რომლებიც შესაძლოა ამოფრქვევის მოახლოებაზე შეიძლება მიუთითებდეს.

“მასაიას ვულკანიდან ლავის მასშტაბური ნაკადი ბოლოს 1772 წელს გამოვიდა, მაგრამ გაზების მუდმივი გამოყოფის პროცესში ხშირად წარმოიქმნება გოგირდის დიოქსიდის, ვულკანური აირის სახიფათოდ მაღალი კონცენტრაცია“, - აცხადებს პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ლიზი ჯონსონი.

როდესაც ზედაპირი დაბლა იწევს, ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ მაგმა ვულკანიდან გადინებას იწყებს, ხოლო როდესაც მიწა კვლავ აწევას იწყებს, ეს შეიძლება ახალი მაგმის შემოდინებაზე მიუთითებდეს.

2018 წლიდან 2022 წლის შუა პერიოდამდე მკვლევრებმა დააფიქსირეს, რომ “მასაიას“ ცენტრალური რეზერვუარის მიმდებარე ტერიტორიამ, რომელიც ცნობილი “სანტიაგოს“ კრატერის ჩრდილოეთით მდებარეობს დაახლოებით 3 სანტიმეტრით ჩაიწია.

თუმცა, 2022-დან 2024 წლამდე მიწის ზედაპირმა კვლავ აწევა დაიწყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ რეზერვუარი ხელახლა ივსებოდა მაგმით.

“უწყვეტი მონიტორინგი საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ ვულკანის აქტივობის საბაზისო მაჩვენებლები და შევამჩნიოთ ცვლილებები, შესაბამისად, თუ მოსახლეობის გაფრთხილება გახდება საჭირო, ამას დროულად შევძლებთ“, - აცხადებს პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის წარმომადგენელი დოქტორი იანგ ჩეოლ კიმი.

წყარო