ავტორი:

Adidas-ი ავსტრალიურ ბრენდ White Fox-ს დიზაინში 4 ზოლის გამოყენებისთვის  სასამართლოში უჩივის

Adidas-ი ავსტრალიურ ბრენდ White Fox-ს დიზაინში 4 ზოლის გამოყენებისთვის  სასამართლოში უჩივის

სპორტული ტანსაცმლის გერმანული გიგანტი Adidas-ი ავსტრალიურ ბრენდ White Fox-ს ავსტრალიის ფედერალურ სასამართლოში უჩივის. დავის მიზეზი White Fox-ის მიერ 4-ზოლიანი დიზაინის ტანსაცმლის გაყიდვა და რეკლამირებაა. Adidas-ის განცხადებით, 4 ზოლი გერმანული ბრენდის ცნობილ ლოგოს მსგავსია.

  • Adidas-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანიამ მარტის შემდეგ რამდენჯერმე მიმართა სიდნეიში დაფუძნებულ ლეიბლს 4-ზოლიანი პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციის შეწყვეტის მოთხოვნით, თუმცა White Fox-მა უარი განაცხადა.

ავსტრალიის ფედერალური სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, Adidas-ი აღნიშნავს, რომ მის 3-ზოლიან დიზაინს ავსტრალიაში, სადაც იგი 1957 წლიდან არის რეგისტრირებული, “არსებითი და ღირებული რეპუტაცია“ აქვს. გერმანული მხარე ამტკიცებს, რომ White Fox-ი სულ მცირე მარტიდან ყიდის და ავსებს ტანსაცმელს ოთხი პარალელური, თანაბარი სიგანის ზოლით, რაც Adidas-ის სავაჭრო ნიშნის დარღვევას წარმოადგენს.

Adidas-ის მტკიცებით, White Fox-ის დიზაინი გერმანული ბრენდის ლოგოსთან “არსებითად იდენტური ან შეცდომაში შემყვანად მსგავსია“. გარდა ამისა, ავსტრალიური ბრენდის სარეკლამო კამპანიებში, მათ შორის ბილბორდებსა და ავტობუსების გაჩერებებზე, მოდელებს 4-ზოლიან ტანსაცმელთან ერთად Adidas-ის “ორიგინალი“ პროდუქცია (მაგალითად, ფეხსაცმელი) აცვიათ.

კომპანიის განცხადებით, ამან შესაძლოა ავსტრალიელ მომხმარებელს შექმნას შთაბეჭდილება, რომ Adidas-ი დაკავშირებულია White Fox-თან.

White Fox-ი 2013 წელს ბერძნულ-ავსტრალიელმა წყვილმა, ჯორჯია და დანიელ კონტოსებმა და დანიელის დედამ, მელინა მაჩერიმ დააარსეს. სწრაფი მოდის ონლაინ-რითელერი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოზარდებსა და ახალგაზრდებში ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. Australian Financial Review-ს მონაცემებით, 2025 წლის ივნისამდე 12 თვის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 542 მილიონი ავსტრალიური დოლარი (დაახლოებით 377 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც ოთხჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს (121 მილიონი დოლარი).

წყარო