ავტორი:

უპრეცედენტო გადაწყვეტილება აშშ-ში: პენტაგონი "ფორტ-ჰუდის მსროლელის“ დახვრეტას პირდაპირ ეთერში აპირებს: რა არის ცნობილი სამხედრო ფსიქიატრზე, რომელმაც 2009 წელს 13 ადამიანი მოიკლა?

უპრეცედენტო გადაწყვეტილება აშშ-ში: პენტაგონი "ფორტ-ჰუდის მსროლელის“ დახვრეტას პირდაპირ ეთერში აპირებს: რა არის ცნობილი სამხედრო ფსიქიატრზე, რომელმაც 2009 წელს 13 ადამიანი მოიკლა?
  • ტრამპის გადაწყვეტილება და პენტაგონის განცხადება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ყოფილი სამხედრო ფსიქიატრის, ნიდალ მალიკ ჰასანის სიკვდილით დასჯა პირდაპირ ეთერში გადაიცემა. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა, რომელმაც თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე გააუქმა ჯო ბაიდენის მიერ ფედერალურ სიკვდილით დასჯაზე დაწესებული მორატორიუმი.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, საჯარო ტრანსლირების მიზანია საზოგადოებამ დაინახოს, რომ მსგავს მძიმე დანაშაულებს მკაცრი პასუხისმგებლობა მოჰყვება.

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ხალხმა ეს ნახოს და პროცესი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, რადგან ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ასეთ ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება", - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა. მან კონსერვატიულ ტელეარხ Real America's Voice-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჰასანს "დახვრეტენ. ასეც უნდა მოხდეს“.

სიკვდილით დასჯა დაგეგმილია 3 დეკემბერს, ტეხასის შტატის ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე. ეს იქნება აშშ-ის არმიაში სამხედრო პირის დახვრეტის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის დასრულების (1945 წლის) შემდეგ.

  • რა არის ცნობილი ფორტ-ჰუდის მსროლელზე? - ბიოგრაფია, რადიკალიზაცია და თავდასხმა

ადრეული ცხოვრება და სამხედრო კარიერა:

ნიდალ მალიკ ჰასანი დაიბადა 1970 წელს ვირჯინიის შტატში, პალესტინელი ემიგრანტების ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სამხედრო სამსახური დაიწყო აშშ-ის არმიაში, რათა უმაღლესი განათლების დაფინანსება მიეღო.

ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან სწავლა გააგრძელა შეიარაღებული ძალების სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში (USUHS), სადაც მიიღო ექიმის ხარისხი. მოგვიანებით მან მუშაობა დაიწყო აშშ-ის არმიის ფსიქიატრად და მაიორის წოდებას მიაღწია.

რადიკალიზაცია და კავშირი "ალ-ქაიდასთან“:

2000-იანი წლების ბოლოს, ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში მუშაობისას, ჰასანის ქცევამ კოლეგების შეშფოთება გამოიწვია. ის ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კამპანიების გამო და აცხადებდა, რომ მუსლიმი ჯარისკაცები არ უნდა იბრძოდნენ თანამოძმეების წინააღმდეგ.

გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა, რომ ჰასანს ელექტრონული მიმოწერა ჰქონდა ანვარ ალ-ავლაკისთან - "ალ-ქაიდას“ ერთ-ერთ ცნობილ იდეოლოგთან და სასულიერო პირთან. მიუხედავად იმისა, რომ FT/FBI-ის სპეცსამსახურებმა ეს მიმოწერა ჯერ კიდევ 2008 წელს დააფიქსირეს, ჰასანი მაშინ საფრთხედ არ მიიჩნიეს და საქმე დახურეს.

2009 წლის ტრაგედია ფორტ-ჰუდში:

2009 წლის 5 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ავღანეთში უნდა გაეგზავნათ, ჰასანი ტეხასის შტატის ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე, სამხედროების მომზადების ცენტრში შევიდა. მან ნახევრად ავტომატური პისტოლეტით (FN Five-seven) ცეცხლი გაუხსნა უიარაღო ჯარისკაცებს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი (12 ჯარისკაცი და 1 სამოქალაქო პირი, რომელიც ორსულად იყო) და დაშავდა 32.

დაკავება: სროლისას ბაზის პოლიციელმა მარკ ტოდმა ჰასანს რამდენიმე ტყვია მოახვედრა და დააკავა. მიღებული ჭრილობების შედეგად ჰასანის ქვედა კიდურები პარალიზებული დარჩა და მას შემდეგ ეტლით გადაადგილდება.

გასამართლება და პატიმრობა:

2013 წელს გამართულ სამხედრო ტრიბუნალზე ჰასანმა უარი თქვა ადვოკატების დახმარებაზე და საკუთარ თავს თავად იცავდა. მან განაცხადა, რომ თავისი ქმედებით სურდა "დაეცვა თალიბები და მუსლიმები აშშ-ის აგრესიისგან“.

სამხედრო ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მას 13 მუხლით წინასწარ განზრახული მკვლელობა და 32 მუხლით მკვლელობის მცდელობა დაუმტკიცა და ერთსულოვნად გამოუტანა სიკვდილით დასჯის განაჩენი. წლების განმავლობაში ის კანზასში, ფორტ ლივენვორტის სამხედრო ციხეში იმყოფებოდა.

  • იურიდიული დავა და კრიტიკა

სიკვდილის დასჯის პირდაპირი ეთერით გადაცემის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამართალდამცველებისა და იურისტების მხრიდან:

სამართლებრივი გაურკვევლობა:

იურისტ ჯონ მილსის განცხადებით, ეს არის "გროტესკული სანახაობა“ და პოლიტიკური ყურადღების მიქცევის მცდელობა. მისი თქმით, ჰასანის სააპელაციო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ხოლო ფედერალური სასამართლო, სავარაუდოდ, შეაჩერებს განაჩენის აღსრულებას.

ეთიკური და ტექნიკური ბარიერები:

ზოგიერთ შტატში მოითხოვება სიკვდილით დასჯის გარკვეული სახის საჯარო ჩვენება. ბევრ შტატში ჟურნალისტების დასწრება სავალდებულოა, ხოლო სიკვდილმისჯილს შეუძლია მიიწვიოს ადამიანები. სხვა შტატებში რიგით მოქალაქეებსაც ეძლევათ ნება, მოხალისეობრივად დაესწრონ სიკვდილით დასჯის აღსრულებას მოწმის სტატუსით.

მაგრამ "სიკვდილით დასჯის პირდაპირი ტრანსლირება არასდროს ყოფილა“, - ამბობს დებორა დენო, ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, რომელიც აშშ-ში სიკვდილით დასჯის მეთოდებს სწავლობს.

მისი თქმით, პირდაპირი ეთერის ორგანიზებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ასაკობრივი შეზღუდვები და ისიც, წინააღმდეგობაში ხომ არ მოვა ეს იმ ონლაინ-პლატფორმის პოლიტიკასთან, სადაც ტრანსლირება განხორციელდება.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად იქნება ხელმისაწვდომი პირდაპირი ეთერი.

აშშ-ის არმიაში ბოლო სამხედრო სიკვდილით დასჯა 1961 წელს მოხდა, როდესაც აშშ-ის არმიის რიგითი ჩამოახრჩვეს მას შემდეგ, რაც ის ცნეს დამნაშავედ 11 წლის ავსტრიელი გოგონას გაუპატიურებაში. სიკვდილით დასჯა სანქცირებული იყო მაშინდელი პრეზიდენტის, დუაიტ ეიზენჰაუერის მიერ და ის აღსრულდა მსხვერპლის ოჯახის შეწყალების თხოვნის მიუხედავად, რომელიც მის მემკვიდრეს, ჯონ კენედის წარედგინა.