58 წლის სელინ დიონი პარიზში, კონცერტის დროს, სცენაზე დაეცა, თუმცა მალევე წამოდგა, მაყურებელს ცერა თითით ანიშნა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, და გამოსვლა გააგრძელა.
შემთხვევა ოთხშაბათს, Plenitude Arena-ზე გამართული შოუს დროს მოხდა. მომღერალი 1998 წლის სიმღერას - Dans un autre monde - ასრულებდა, როდესაც რამდენჯერმე ცალ ფეხზე ახტა, წონასწორობა დაკარგა და იატაკზე დაეცა.

ვიდეოს ავტორმა, გარი ფრანკმა, მომხდარის გამო შეშფოთება გამოხატა. მისი თქმით, მომღერლის დაცემამ გააკვირვა და შეაშფოთა, თუმცა შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ დიონი წამოდგა და ისე განაგრძო ცეკვა, თითქოს არაფერი მომხდარა.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/f_bSWFb6ZXE?si=0DSZTlrGXv2G8dTB" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
მიუხედავად ინციდენტისა, ფრანკმა საღამოს შთამბეჭდავი უწოდა.

მომღერალი სცენას გასულ თვეში დაუბრუნდა, როდესაც პარიზში კონცერტების სერია დაიწყო. ეს მისთვის განსაკუთრებით ემოციური დაბრუნება იყო, რადგან წლების განმავლობაში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძოდა.
2022 წელს დიონმა განაცხადა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადება - Stiff Person Syndrome - დაუდგინდა. ამ მდგომარეობას კუნთების გაშეშება და მტკივნეული სპაზმები ახასიათებს, რომლებიც პერიოდულად ჩნდება და დროთა განმავლობაში შესაძლოა, გაძლიერდეს.
დაავადების გამო მომღერალს რამდენიმე კონცერტის გაუქმება მოუწია.
პარიზში სცენაზე დაბრუნებისას დიონმა მაყურებელს ემოციური სიტყვებით მიმართა: "გპირდებოდით, რომ არ ვიტირებდი. დღეს მინდა თქვენთვის ვიმღერო, ჩემთვის, სიცოცხლისთვის“.
მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.
მარტში მომღერალმა პარიზში 10 კონცერტის გამართვის შესახებ განაცხადა. ეს გამოსვლები მისი სცენაზე დაბრუნების მნიშვნელოვანი ნაწილია.