უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ვიტალი ჟიკოვიჩმა, რომელიც მონაკოში მილიონერ ვადიმ ერმოლაევზე განხორციელებულ აფეთქებასთან დაკავშირებულ საქმეში ფიგურირებს, BBC-ს უკრაინის ციხიდან ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მისი მტკიცებით, თავდასხმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის - HUR-ის - მაღალჩინოსნების დავალებით განხორციელდა.
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდნენ უკრაინაში დაბადებული ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი 13 წლის ვაჟი, უმძიმესი დაზიანებები მიიღო ერმოლაევის პარტნიორმაც. მოგვიანებით ბიზნესმენმა მათი გადარჩენა "ნამდვილ სასწაულად“ შეაფასა.
მონაკოში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ანასტასია ბერეზოვსკა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ვიდეოში ჩანს, როგორ მიდის ის ჯგუფზე ოდნავ წინ და ასაფეთქებელ მოწყობილობას ჩანთაში, საცხოვრებელი შენობის შესასვლელთან ტოვებს. მოწყობილობა მაშინ აფეთქდა, როდესაც ოჯახი მას მიუახლოვდა.
ბერეზოვსკა სწრაფად ამოიცნეს. 2 ივლისს ინტერპოლმა სათვალთვალო კამერით გადაღებული მისი ფოტო გაავრცელა. მანამდე ქალი უკვე გაქცეული იყო - ჯერ იტალიისა და გერმანიის გავლით გადაადგილდა, შემდეგ კი ფრანკფურტიდან უკრაინაში ავტობუსით გაემგზავრა.
აფეთქებიდან ერთი კვირის შემდეგ მისი ცხედარი კიევის დასავლეთით, ტყეში იპოვეს. ქალს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა.

ქალის მკვლელობის ბრალდებით ჟიკოვიჩი და HUR-ის მოქმედი თანამშრომელი, ვლადისლავ რეუტი დააკავეს. თავდაპირველად რეუტმა გამომძიებლებთან დანაშაული აღიარა და ისინი ცხედრის სამარხთან მიიყვანა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, სასამართლოში ჩვენება შეცვალა და მკვლელობაში ჟიკოვიჩი დაადანაშაულა. ისინი პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
ჟიკოვიჩის განცხადებით, მონაკოში ოპერაციის ჩატარება სწორედ რეუტმა შესთავაზა. მისი თქმით, ეგონა, რომ საქმე ოფიციალურ დავალებას ეხებოდა.
"როგორც რეუტმა მითხრა, ეს ოპერაცია მისმა ზემდგომებმა დაამტკიცეს და ნებართვა გასცეს. ისინი თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში - HUR-ში - მსახურობდნენ“, - აცხადებს ჟიკოვიჩი.
ჟიკოვიჩის თქმით, რეუტმა მას განუცხადა, რომ აფეთქება ერმოლაევის მიერ "ყირიმის ანექსიის დაფინანსებისთვის“ შურისძიებას უკავშირდებოდა. "ჩემი აზრით, ეს ოპერაციის ჩატარების საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა მან ციხიდან.
ერმოლაევი უარყოფდა, რომ რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესინტერესები კვლავ ჰქონდა. ბიზნესმენმა რამდენიმე წლის წინ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და ამჟამად კვიპროსის მოქალაქეა. თავდასხმის შესაძლო მოტივად განიხილებოდა ვერსიაც, რომ ის უკრაინაში მოქმედ კრიმინალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას უკავშირდებოდა. საუბარია თაღლითურ სატელეფონო ცენტრებზე, რომლებიც უკრაინაში "ქოლცენტრების“ სახელით არიან ცნობილი.
მიმდინარე წლის დასაწყისში ესტონეთის სასამართლომ ერმოლაევის ვაჟი, არტური, მილიონობით ევროს მოტყუებით მიღების საქმეზე გაასამართლა. საქმე სწორედ ამ ტიპის თაღლითურ ქსელებს უკავშირდებოდა.
ვადიმ ერმოლაევმა გამოცემა Ukrainska Pravda-ს განუცხადა, რომ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

ჟიკოვიჩი ამტკიცებს, რომ ანასტასია ბერეზოვსკა მისი აგენტი იყო. მისი თქმით, ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს და ერთად მუშაობდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად. თუმცა, ბერეზოვსკას ქმარი ამ ბრალდებას "აბსურდს“ უწოდებს. მისი აზრით, ქალი ამ საქმეში ისე აღმოჩნდა ჩართული, რომ შესაძლოა, თავადაც არ სცოდნოდა, რაში მონაწილეობდა.
ჟიკოვიჩის თქმით, აფეთქების მეორე დღეს ბერეზოვსკა თავად დაუკავშირდა. როდესაც ჰკითხა, რატომ ჩაიდინა ეს, ქალმა, მისი მტკიცებით, უპასუხა, რომ რეუტი მას დიდ თანხას დაჰპირდა.
"50 000 დოლარი ქუჩაში არ ყრია“, - უთქვამს მას.
ქალის თანასოფლელების თქმით, ბერეზოვსკა ბინის შესაძენად ფულს აგროვებდა. როდესაც თანხის მისაღებად უკრაინაში ჩავიდა, ის ტყეში შეიტყუეს და მოკლეს. 39 წლის ბერეზოვსკა 2022 წლის დასაწყისიდან გერმანიაში ცხოვრობდა. უკრაინიდან ის მცირეწლოვან შვილთან ერთად, ლტოლვილის სტატუსით, წავიდა. მონაკოში მომხდარი აფეთქებისა და უკრაინაში ბერეზოვსკას მკვლელობის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.