პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ 2019 წელს, სამეფო ოჯახის დატოვებისა და კანადაში გადასვლის შემდეგ, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ სასექსის ჰერცოგმა საგანმანათლებლო პლატფორმა MasterClass-ის ონლაინ სესიაზე ისაუბრა, სადაც ნეირომეცნიერ მერი-ფრენსის ო’კონორთან ერთად მწუხარებასა და საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან გამკლავების გზები განიხილა.
ჰარის თქმით, კანადაში ყოფნისას, სტრესული გარემოსგან მოშორებით, მოულოდნელად იგრძნო, რომ ენერგია დაკარგა და ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაც უჭირდა.
"ორი-სამი დღის შემდეგ ადრენალინის დონის მკვეთრი ვარდნა ვიგრძენი - მსგავსი რამ მანამდე არასდროს განმიცდია. თითქოს სტრესი მჭირდებოდა, რომ ადრენალინი გამომუშავებულიყო და ტვინს ნორმალურად ემუშავა. სახლში სრულიად უსარგებლო ვიყავი. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დეპრესიულ მდგომარეობაში ჩავვარდი და ვგრძნობდი, რომ ადრენალინის გარეშე ნორმალურად ფუნქციონირება არ შემეძლო“, - იხსენებს პრინცი.

ჰარიმ ასევე ისაუბრა დედის, პრინცესა დიანას გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე. პრინცის თქმით, წლების განმავლობაში უჭირდა მწუხარებასთან გამკლავება და თავს დამნაშავედ გრძნობდა იმის გამო, რომ დედის გარეშე ბედნიერების განცდა შეეძლო.
"დიდი ხნის განმავლობაში ემოციურად დაბუჟებული ვიყავი. ღალატისა და დანაშაულის გრძნობა მქონდა იმის გაფიქრებაზე, რომ მის გარეშე ბედნიერი და მხიარული შეიძლებოდა ვყოფილიყავი. ვგრძნობდი, რომ მოწყენილი უნდა ვყოფილიყავი, რათა მისთვის დამემტკიცებინა, რამდენად მენატრებოდა“, -თქვა ჰარიმ.
სასექსის ჰერცოგის თქმით, დედის დაკრძალვაზე ტირილის შემდეგ თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში აღარ უტირია. მოგვიანებით, თერაპიის დროს, სპეციალისტმა მას დიანას სუნამოს გამოყენება ურჩია, რათა მასთან დაკავშირებულ მოგონებებსა და ემოციებს დაჰბრუნებოდა. ჰარის თქმით, ამ გამოცდილებამ გააცნობიერებინა, რომ დედას მისი ბედნიერება სურდა.