ავტორი:

მხოლოდ წლიური შრომითი შემოსავალი 165 964 ლარი და სკანდალები წლების განმავლობაში "ოცნების" ფავორიტის გარშემო - ვინ არის და რა ქონებას ფლობს ნანა ყეინიშვილი, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო?

მხოლოდ წლიური შრომითი შემოსავალი 165 964 ლარი და სკანდალები წლების განმავლობაში "ოცნების" ფავორიტის გარშემო - ვინ არის და რა ქონებას ფლობს ნანა ყეინიშვილი, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო?

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე შეეხება შესაძლო უკანონო მონაწილეობას სამეწარმეო საქმიანობაში.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს "ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.

განმცხადებლების მტკიცებით, ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს და ცდილობდა ერთ-ერთი ასეთი საწარმოს წილში შესვლასაც.

დილიდან ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელშიც ნანა ყეინიშვილი კრიპტობიზნესის 50 % წილს ითხოვს, შემდეგ კი უკვე პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყეს გამოძიება.

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია 2023 წლის სექტემბრიდან. მანამდე ის პარლამენტის დეპუტატი იყო. მისი სახელი წარსულში მედიაში ხშირად ხვდებოდა - მათ შორის, მისი მაზლების - ჯემალ და იანიკ ქარქუსოვების გარშემო განვითარებული მოვლენების გამო.

ქარქუსოვები წლების განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობდნენ, მოგვიანებით კი მათი სახელები საქართველოდან წასვლას, რუსეთის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებსა და ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს უკავშირდებოდა.

  • რა ქონებას ფლობს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი?

2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია უძრავი ქონება თბილისში, ახმეტის რაიონსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ყეინიშვილი ფლობს 14 760 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ახმეტის რაიონის სოფელ ვეძებში. აღნიშნული მიწა მან 2023 წლის ოქტომბერში 1 500 ლარად შეიძინა.

მის საკუთრებაშია ასევე თბილისის დიდ დიღომში მდებარე 82 კვადრატული მეტრის ბინის 50%. დეკლარაციის მიხედვით, ბინა 1995 წელს პრივატიზებულია.

გარდა ამისა, ყეინიშვილს ეკუთვნის ცურტაველის, ყოფილი ხუციშვილის ქუჩაზე მდებარე 212 კვადრატული მეტრის ბინის 25% და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთანიაში არსებული 1 500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის 50%.

დეკლარაციაში მითითებული ეს ქონება ყეინიშვილის უძრავი აქტივების ნაწილია. მათი საერთო საბაზრო ღირებულება წარმოდგენილ მონაცემებში განსაზღვრული არ არის.

დოკუმენტის მიხედვით, ნანა ყეინიშვილის წლიურმა შრომითმა შემოსავალმა, საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით, 165 964,8 ლარი შეადგინა.

დეკლარაციაში ასახულია TBC ბანკში არსებული თანხებიც. ლარის შემნახველ ანგარიშზე ყეინიშვილს 30 085,89 ლარი ჰქონდა, ხოლო სახელფასო ანგარიშზე - 9 988,84 ლარი.

ამავე ბანკში მითითებულია 3 312,34 ევრო და 2 887,42 აშშ დოლარი, აგრეთვე 0,82 ბრიტანული ფუნტი და დამატებით 1 577,07 ევრო შემნახველ ანგარიშზე.

დეკლარაციაში სხვა ბანკებში არსებული ნაშთებიც არის ასახული, თუმცა წარმოდგენილი მონაცემებით ყველა ანგარიშზე არსებული თანხის ერთიანი ჯამის განსაზღვრა შეუძლებელია.

დოკუმენტში 10 000 ლარზე მეტი ნაღდი ფული, ძვირადღირებული მოძრავი ქონება ან ფასიანი ქაღალდები მითითებული არ არის.

ნანა ყეინიშვილის დეკლარაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულება 600 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხია. დოკუმენტის მიხედვით, სესხი მან 2023 წლის 4 თებერვალს აიღო, ხოლო მისი დაფარვის ვადად 2033 წელია განსაზღვრული. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ამ ვალდებულებასთან დაკავშირებულმა მატერიალურმა შედეგმა 235 000 აშშ დოლარის გასავალი შეადგინა.

ამასთანავე, 2024 წლის 26 მარტს ყეინიშვილმა ზეპირი ხელშეკრულებით 50 000 აშშ დოლარი გაასესხა.

დეკლარაციაში ასახულია სხვა მსხვილი ფინანსური ოპერაციებიც. მათ შორის, საზოგადოებაში პარტნიორის შენატანის სახით გაწეულია 781 136 ლარისა და 210 520 აშშ დოლარის გასავალი.

პირადმა ხარჯებმა, მათ შორის მკურნალობასა და მოგზაურობაზე გაწეულმა დანახარჯებმა, 88 101 ლარი შეადგინა.

დოკუმენტში ასევე მითითებულია 137 225 აშშ დოლარის ჩარიცხვა თანხის კონვერტაციის შედეგად. დეკლარაციის განმარტებით, კუთვნილი თანხების გადახურდავებაში დახმარების მიზნით, ეს თანხა ანგარიშზე მძღოლმა, ზურაბ აბხაზოვმა ჩაურიცხა.

ჩამოთვლილი ოპერაციები დეკლარაციაში ასახული ფინანსური მოძრაობის ნაწილია. მათი დანიშნულების, ერთმანეთთან კავშირისა და საბოლოო ფინანსური შედეგის სრულად შესაფასებლად წარმოდგენილი მონაცემები საკმარისი არ არის.

  • ვინ არის ნანა ყეინიშვილი და რას უკავშირდებოდა მისი სახელი პოლიტიკურ პროცესებში

შეიძლება ითქვას, რომ ნანა ყეინიშვილის პოლიტიკური კარიერა 2012 წელს იწყება, როდესაც ის "ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდა. შესაბამისად, 2012 წელს ყეინიშვილი გახდა მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნების“ პარტიული სიით. ამავე წლებში ის იყო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2016 წელს კი ყეინიშვილმა "ქართული ოცნება“ დატოვა და პარტია "ჩვენები“ დააფუძნა.

იმდროინდელი ცნობების თანახმად, 2012 წლისთვის ნანა ყეინიშვილის ოჯახიდან პოლიტპატიმართა და პოლიტ დევნილთა სიაში სამი პირი იყო. მისმა ძმამ, ზაზა ყეინიშვილმა, 2013 წლის იანვარში ამნისტიით დატოვა საპატიმრო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2023 წლის სექტემბრიდან კი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ნანა ყეინიშვილი 2001-დან 2012 წლამდე იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი. პოლიტიკაში მოსვლამდე მას თანამდებობის დატოვება მოუწია, თუმცა საკმაოდ ხმაურიანად. მაშინ ოპონენტები ამბობდნენ, რომ ყეინიშვილმა "წითელი ჯვარი საკუთარ შპს-დ გადააქცია.

მისი სახელი მედიაში კი წლების წინაც გამოჩნდა, როდესაც ლაპარაკი შეეხებოდა მის მაზლებს - ჯემალ და იანიკ ქარქუსოვებს, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობდნენ.

  • ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები - გაქცევა ცხინვალის ციხიდან და რუსეთში განვითარებული მოვლენები

ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები წლების განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ. ჯემალ ქარქუსოვი ხელმძღვანელობდა ე.წ. უშიშროების საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, იანიკ ქარქუსოვი კი რეგიონში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

2005 წელს ძმები იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის ბრალდებით დააკავეს და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმავე წლის ნოემბერში მათ ცხინვალის ციხიდან გაქცევა შეძლეს და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ.

საქართველოს იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაქცევაში ძმებს ქართული სპეცსამსახურები დაეხმარნენ. იმდროინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ქარქუსოვები ქართული სპეცრაზმის მფარველობაში იმყოფებოდნენ.

მოგვიანებით ძმებს თბილისში მათი მესამე ძმა, ურუზმაგ ქარქუსოვი შეუერთდა. 2000-იანი წლების შუა პერიოდში სამივე თანამშრომლობდა თბილისში შექმნილ ცხინვალის დროებით ადმინისტრაციასთან. ჯემალ ქარქუსოვი ამ ალტერნატიული მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, იანიკ ქარქუსოვი კი დიმიტრი სანაკოევის მრჩევლად დაინიშნა.

ურუზმაგ ქარქუსოვი, რომელიც ნანა ყეინიშვილის მეუღლედ იყო მოხსენიებული წარსულში გამოქვეყნებულ მასალებში, ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი გახდა. 2007 წლიდან ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა. 2010 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იმ დროს ქარქუსოვი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები რუსეთში წავიდნენ. რუსულ მედიასთან ინტერვიუებში ისინი მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებდნენ და ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდნენ.

2016 წლის მარტში რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იანიკ ქარქუსოვის შესახებ. გამოცემების ცნობით, მას 200 000 რუბლის ოდენობის ვალის გამო ორი ადამიანისთვის სროლაში ადანაშაულებდნენ, რის შემდეგაც რუსეთის სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოკლედ, ნანა ყეინიშვილს წლების განმავლობაში სკანდალები არ მოჰკლებია, თუმცა ის მაინც ახერხებდა ამ ყველაფრისგან თავის მარტივად დაძვრენას, ამჟამად, როგორც ჩანს, ყველაფერი ასე მარტივად ვერ იქნება.