დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი იყო, როდესაც გარკვეულმა კორუფციულმა პრობლემებმა სისტემურად იჩინა თავი - ასეთი ტიპის პრობლემები არც მანამდე იყო, ხოლო დღეს ყველა სახელმწიფო უწყება ყველა დონეზე პრინციპულად თავისუფალია კორუფციისგან, - ეს განცხადება მედიასთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, თუკი რაიმე გამოსაძიებელია, ამას შესაბამისი უწყებები გააკეთებენ.
“ეს პრობლემები [კორუფცია] დაახლოებით ორწლიანი პერიოდის განმავლობაში იყო. როგორც კი ასეთი პრობლემები სისტემური სახით გამოვლინდა, ჩვენ მაშინვე ჩავერიეთ, მაშინვე გაკეთდა განაცხადი და ძალიან მკაფიო მინიშნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ის გარკვეულ პრობლემებს ხედავდა, რასაც დაძლევა და მოგვარება სჭირდებოდა. ჩვენ ამაზე მუშაობა მყისიერად დავიწყეთ.
დღეს სახელმწიფო ძლიერია, ისე როგორც არასდროს და შეგვიძლია თანაბრად ვიყოთ კონცენტრირებული როგორც გარე თავდასხმების მოგერიებაზე, ასევე ქვეყნის შიგნით კორუფციასთან ბრძოლაზე.
კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, ასევე წამყვან სახელმწიფო უწყებებში და სახელმწიფო საწარმოებში. რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, აქ ნებისმიერ ქვეყანაში მუდმივი ბრძოლაა საჭირო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.