ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები - ეს მისი პასუხისმგებლობაა" - შალვა პაპუაშვილი ნანა ყეინიშვილზე

"სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები - ეს მისი პასუხისმგებლობაა" - შალვა პაპუაშვილი ნანა ყეინიშვილზე

ეს მას [სალომე ზურაბიშვილს] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და როგორ იყო კანდიდატურები წარმოდგენილი, ეს მისი პასუხისმგებლობაა - მნიშვნელოვანია პარლამენტიც, ამ შემთხვევაში, დეტალურად გარკვეულიყო, რაც ეხება წევრების არჩევას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე.

  • შალვა პაპუაშვილის თქმით, გამოძიების დეტალებში ვერ შევა, თუმცა როგორ შეარჩია ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად, ეს კითხვა თვითონ სალომე ზურაბიშვილს უნდა დაესვას.

"რაც მოვისმინეთ, როგორც ჩანს, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად იქნას გამოკვლეული, ამიტომ გამოძიების საკითხია და დაველოდოთ გამოძიების შედეგს.

ეს მას [სალომე ზურაბიშვილს] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და როგორ იყო კანდიდატურები წარმოდგენილი, ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტიც დეტალურად გაეცნოს, ამ შემთხვევაში, დეტალურად გარკვეულიყო რაც ეხება წევრების არჩევას. დანარჩენზე თვითონ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გიპასუხოთ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს "ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი 2023 წელს გახდა. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა (სალომე ზურაბიშვილმა) წარუდგინა, ხოლო პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.