2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელს, ნავანეთემ (ნავი) პილეის - გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილ უმაღლეს კომისარს გადაეცა. მშვიდობის პრემიის წლევანდელი ლაურეატი 9 ოქტომბერს გამოცხადდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში.
ნობელის კომიტეტმა ნავი პილაის მშვიდობის პრემია მიანიჭა მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის. კომიტეტმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან როლსაც, რომელიც ნავი პილაიმ შეასრულა ომის დანაშაულთან, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთან და გენოციდთან ბრძოლაში.
ნავი პილაი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი იყო 2008-2014 წლებში. იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეც. ხელმძღვანელობდა რუანდაში გენოციდის გამო შექმნილ საერთაშორისო ტრიბუნალს.
"ეგზისტენციალური გამოწვევების ეპოქაში, როდესაც მსოფლიოში იმაზე მეტი ომი და შეიარაღებული კონფლიქტია, ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საერთაშორისო სამართალი აღარ არის მხოლოდ მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების დამატებითი ინსტრუმენტი. ის აბსოლუტურ აუცილებლობად იქცა“, - აღნიშნეს მან ოსლოში მდებარე ნობელის ინსტიტუტში.
ნავი პილეი დაიბადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 1941 წლის 23 სექტემბერს.
1967 წელს იგი გახდა პირველი არათეთრკანიანი ქალი, რომელმაც ნატალის პროვინციაში საკუთარი იურიდიული პრაქტიკა წამოიწყო, მოგვიანებით კი ნელსონ მანდელას აქტიური მხარდამჭერი გახდა. როგორც იურისტი, იგი იცავდა აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლებს და საჯაროს ხდიდა ხელისუფლების მხრიდან წამებისა და რეპრესიების ფაქტებს.
თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ნავი პილეი მუშაობდა სამხრეთ აფრიკის უზენაესი სასამართლოს, რუანდის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლედ. მას ასევე ეკავა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანამდებობა, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ ხელმძღვანელობდა გაეროს დამოუკიდებელ საერთაშორისო კომისიას, რომელიც ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე მომხდარ მოვლენებს იძიებდა.

დღეს ნავი პილეი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში მონაწილეობს მოსამართლედ იმ საქმის განხილვაში, რომელშიც მიანმარს გენოციდში ადანაშაულებენ.
წელს დიპლომატიისა და ჰუმანიტარული საქმიანობის სფეროში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე 287 ადამიანი და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.
ნომინანტთა ვინაობა 50 წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახება, ამიტომ საზოგადოება კიდევ დიდხანს ვერ გაიგებს, იყო თუ არა ამ სიას შორის დონალდ ტრამპის სახელი. აშშ-ის პრეზიდენტი უკვე წლებია ელის ამ ჯილდოს და ამის შესახებ ღიადაც აცხადებს. იგი ამტკიცებს, რომ ბოლო მოუღო რვა ომს და პრემიას ყველაზე მეტად იმსახურებს.
"მათ აქვთ იმ ადამიანების რეპუტაცია, რომლებიც, შესაძლოა, ჩემნაირებს პრემიას არ აძლევენ. ვფიქრობ, ეს მათ დისკრედიტაციას მოახდენდა... და ამას უკმაყოფილების გამო არ ვამბობ“, - განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათს.
წყაროების ცნობით, ოსლოში ამერიკის პრეზიდენტს შესაფერის კანდიდატად არ მიიჩნევენ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული ომის, ტერიტორიული პრეტენზიების (კერძოდ, გრენლანდიაზე), მიგრანტების მიმართ მკაცრი პოლიტიკისა და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობისა და მედიის წინააღმდეგ თავდასხმების გამო.