ავტორი:

ვის ეკუთვნის სინამდვილეში მთვარე - რას ამბობს საერთაშორისო სამართალი და როგორია რეალობა?

ვის ეკუთვნის სინამდვილეში მთვარე - რას ამბობს საერთაშორისო სამართალი და როგორია რეალობა?

შორეულ 1967 წელს, კოსმოსურმა ზე სახელმწიფოებმა შეთანხმებას მიაღწიეს და დადეს "კოსმოსური სივრცის შესახებ ხელშეკრულება“. ამის შედეგად ამჟამად 100-ზე მეტი ქვეყანა შეთანხმდა, რომ მთვარე არავის ეკუთვნის. თუმცა ახლა ამ კითხვაზე, როგორც ჩანს, ცალსახა პასუხი აღარ არსებობს, - წერს The New York Times.

კომპანიები და სახელმწიფოები წლებია ლაპარაკობენ მთვარეზე საკუთარი ბაზებისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების მშენებლობაზე, მეტიც, დედამიწის თანამგზავრზე მთელი მძიმე მრეწველობის გადატანაზეც კი. აშშ დაინტერესებულია ჰელიუმითა და სხვა რესურსებით მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს, მაშინ როცა ჩინეთს, რუსეთთან პარტნიორობით, სურს ამავე პოლუსის მახლობლად საკუთარი ბაზის აგება.

"ეს ეპოქა ეფუძნება რწმენას, რომ ვინც პირველია, უპირატესობაც მას აქვს და ის, ვინც ყველაზე სწრაფად დამკვიდრდება მთვარეზე, წესების დადგენას შეძლებს. ყველას დანარჩენს კი მხოლოდ მისთვის მიყოლა მოუწევს“, - წერს გამოცემა.

  • რას ამბობს კანონი კოსმოსის ათვისებაზე?

60-იან წლებში ხელმოწერილი "კოსმოსური სივრცის შესახებ ხელშეკრულება“ აცხადებდა, რომ "ქვეყნებს არ შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ კოსმოსურ სივრცეზე გამოყენების ან ოკუპაციის გზით“. გარდა ამისა, კოსმოსის ათვისებას სარგებელი უნდა მოეტანა ყველა ქვეყნისთვის. ამ დოკუმენტით კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსება აკრძალული იყო.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსის შესახებ დოკუმენტი არსებობს, ბევრ კითხვაზე პასუხი დღემდე არ არის.

  • კერძოდ, შეუძლია თუ არა კომპანიას მოგების მიღება მთვარის სიმდიდრით?
  • შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ან კომპანიას დაადგინოს გარკვეული ტერიტორიის საზღვრები, სადაც სხვებს არ დაუშვებენ?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობა წარმატებით არ დაგვირგვინებულა.

70-იან წლებში შეიქმნა "მთვარის შეთანხმება“, რომელშიც დედამიწის თანამგზავრის რესურსები კაცობრიობის მემკვიდრეობად გამოცხადდა. დოკუმენტს 17 ქვეყანა შეუერთდა. ეს არ გაუკეთებიათ არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, არც საბჭოთა კავშირს და არც ჩინეთს.

ინგლისის დაჰემის უნივერსიტეტის ასტროპოლიტიკის პროფესორი ბლენდი ბოუენი ამბობს, რომ ჯერჯერობით ქვეყნებს აკმაყოფილებთ არსებული "რუხი ზონა“. ამავდროულად, კოსმოსური სამართლის სფეროში პოპულარობას იძენს თეზისი იმის შესახებ, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ ფლობდნენ იმას, რასაც მოიპოვებენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არ შეუძლიათ უშუალოდ მთვარის ფლობა.

ამასთანავე აღინიშნება, რომ ქვეყნებს კოსმოსის ათვისების შესახებ საკუთარი კანონებიც აქვთ.

ამასობაში NASA-მ დააჩქარა მთვარეზე ბირთვული რეაქტორის განთავსების გეგმის განხორციელება. სააგენტომ ეს გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ თუ ჩინეთი და რუსეთი რეაქტორს პირველები ააგებენ, მათ შეეძლებათ მთვარეზე აკრძალული ზონის გამოცხადება, რაც შეზღუდავს ამერიკელი ასტრონავტებისა და მათი მარსმავლების/მთვარემავლების წვდომას. ასეთი სცენარი ეწინააღმდეგება "კოსმოსური სივრცის შესახებ ხელშეკრულებას“, რომლის პირველი მუხლიც უზრუნველყოფს კოსმოსზე თავისუფალ წვდომას ყველა სუბიექტისთვის.

  • გაერო ახალ წესებზე მუშაობს

უახლოესი თვეების განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფმა საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს პრინციპები, რომლებიც კოსმოსის ათვისების სფეროში ზოგიერთ საკითხს დაარეგულირებს. თუმცა ავტორები აღნიშნავენ, რომ არსებობს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც გააჩნია საკმარისი რესურსი და ტექნოლოგია მთვარის გამოკვლევისა და ათვისებისთვის. ამავდროულად, მოქმედ ხელშეკრულებაში საკმარისი ხვრელებია იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყანამ მთვარეზე ბირთვული რეაქტორი დადგას ან რომელიმე ბიზნესმენმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიწყოს.

"თუ ჩინეთი და აშშ ის ორი ქვეყანაა, რომლებიც მთვარეზე ყველაფერს აკეთებენ, მათ, არსებითად, შეუძლიათ წესებზე ერთმანეთში შეთანხმდნენ“, - ასკვნის პროფესორი ბოუენი.