ავტორი:

წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია თუ ცუდი განათება? - მეგან ფოქსი ფანებმა ვერ იცნეს: რა იმალება ვირუსულად გავრცელებული ფოტოების მიღმა

წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია თუ ცუდი განათება? - მეგან ფოქსი ფანებმა ვერ იცნეს: რა იმალება ვირუსულად გავრცელებული ფოტოების მიღმა

ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგან ფოქსი სოციალურ ქსელებში ბულინგის მსხვერპლი გახდა. ვირუსულად გავრცელებულმა ფოტოებმა, რომლებზეც 40 წლის მსახიობი თითქოს მკვეთრად შეცვლილი იერსახით ჩანს, საზოგადოებაში პლასტიკური ქირურგიით სახის “დამახინჯების“ შესახებ კრიტიკის ტალღა გამოიწვია. თუმცა, გავრცელებული კადრების მიღმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კონტექსტი იმალება, რომელიც კრიტიკოსებს გამორჩათ.

გასული კვირას სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა “ტრანსფორმერების“ ვარსკვლავის ფოტოები, სადაც იგი თავისი ახალგაზრდობის პერიოდისგან საგრძნობლად განსხვავებულად გამოიყურება. განსაკუთრებით დიდ გამოხმაურებას მიაღწია ერთ-ერთმა ფოტომ, რომელმაც მომხმარებლებს უბიძგა შეედარებინათ მსახიობის ამჟამინდელი გარეგნობა 2009 წლის კადრებთან, როდესაც მეგანი სულ რაღაც 23 წლის იყო.

სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი “ტვიტერი“) ათასობით მომხმარებელი წერდა, რომ ვარსკვლავმა “პლასტიკური ოპერაციებით სახე გაიფუჭა“ და უამრავი ვარაუდი გამოთქვა კოსმეტიკურ პროცედურებზე. ზოგიერთი მომხმარებელი კითხულობდა, “რა დაემართა მეგან ფოქსს“, ხოლო სხვები აღნიშნავდნენ, რომ იგი უწინდებურად მიმზიდველი აღარ იყო.

როგორც ირკვევა, ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები სინამდვილეში პლატფორმა Letterboxd-ის პროექტის - “Four Favorites“-ის ვიდეოდან ამოჭრილი კადრებია. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ინტერნეტში ახლახან გამოქვეყნდა, გადაღებები სინამდვილეში 2025 წლის ოქტომბერში მიმდინარეობდა.

  • იმ პერიოდში მეგან ფოქსს მეოთხე შვილი, ქალიშვილი საგა ბლეიდი ახალი გაჩენილი ჰყავდა და მშობიარობიდან სულ რაღაც შვიდი თვე იყო გასული. მსახიობი ყოფილ საქმროსთან, Machine Gun Kelly-ს სწორედ ორსულობის პერიოდში დაშორდა.

გარდა ამისა, გავრცელებული ფოტოებიდან სულ მცირე ერთი ციფრულად იყო დამუშავებული და ფოტოშოპის მეშვეობით მსახიობის სახის ნაკვთები განზრახ იყო დამახინჯებული. ზოგიერთმა მომხმარებელმა ეს დამუშავებული კადრები ხელოვნური ინტელექტის (AI) ვიდეოების შესაქმნელადაც კი გამოიყენა, სადაც მეგანის ახლანდელ და 20 წლის წინანდელ იერსახეს ადარებენ.

გამოცემა People-თან ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მშობიარობის შემდეგ სამუშაოს დაუყოვნებლივ არ დაუბრუნდა და შეძლო შვილთან მეტი დრო გაეტარებინა.

“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამუშაოზე სასწრაფოდ დაბრუნება არ მომიწია, რის გამოც ჩემი მშობიარობის შემდგომი გამოცდილება სრულიად განსხვავებული იყო. შევძელი მასთან ზუსტად ისე ვიყო, როგორც მინდოდა“, - განაცხადა მსახიობმა.

მან ასევე დასძინა, რომ უფროს შვილებთან ადრეულ ეტაპზე დაშორება მისთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეული იყო და უარყოფითად მოქმედებდა როგორც მის ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.