იტალიური მედიის ცნობით, ქურდებმა ცნობილი იტალიური მარნიდან 30 000 ბოთლი ღვინო მოიპარეს, რომლის საერთო ღირებულებაც დაახლოებით 5 მილიონ ევროს შეადგენს.
სავარაუდოდ, სულ მცირე შვიდმა ნიღბიანმა პირმა გათიშა სიგნალიზაცია, გამორთო სათვალთვალო კამერები და კომპანიის კუთვნილი ტექნიკის გამოყენებით ორი დიდი სატვირთო ავტომობილი ტოსკანური წითელი ღვინოების: Tignanello-ს, Solaia-სა და Guado al Tasso-ს ძვირფასი ბოთლებით გაავსო.
მარანში მიიჩნევენ, რომ შერჩეული ასორტიმენტი (რომლის თითოეული ბოთლის ფასიც, როგორც წესი, 150-დან 500 ევრომდე მერყეობს) იმაზე მიანიშნებს, რომ ქურდები ღვინის კარგი მცოდნეები იყვნენ და კომპანიის შიდა ინფორმაციასაც ფლობდნენ.
ქურდობის ფაქტი მხოლოდ ორშაბათს დილით, თანამშრომლების სამუშაოზე გამოცხადების შემდეგ აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.
კომპანია Marchesi Antinori 1385 წელს დაარსდა და პროდუქციის ექსპორტს 170 ქვეყანაში ახორციელებს. გასულ წელს მისმა შემოსავალმა 263 მილიონი ევრო შეადგინა.