ავტორი:

ფრანგული პროტესტის ტალღა ბელგიაშიც გავრცელდა - ქუჩაში გამოსულმა დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვაფენილის ნატეხები, აგურები და შუშის ბოთლები დაუშინეს (ფოტო)

ფრანგული პროტესტის ტალღა ბელგიაშიც გავრცელდა - ქუჩაში გამოსულმა დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვაფენილის ნატეხები, აგურები და შუშის ბოთლები დაუშინეს (ფოტო)

საფრანგეთში დაწყებული სტუდენტური არეულობა ბელგიაშიც გავრცელდა, სადაც ასობით ახალგაზრდა ქუჩებში სამართალდამცველებს დაუპირისპირდა.

ქვეყნის ფრანგულენოვანი საზოგადოების პროტესტის მიზეზი ხელისუფლების ის გადაწყვეტილება გახდა, რომლიც მაღალი დეფიციტის შესამცირებლად მომდევნო წლებში სულ მცირე 10 მილიარდი ევროს დაზოგვას გეგმავს, რაც განათლების ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებასაც გულისხმობს.

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებით შთაგონებულმა ბელგიელმა მოსწავლეებმა ბოლო დღეებში რამდენიმე ქალაქის ქუჩები დაიკავეს.

  • პოლიციის ცნობით, 9 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 09:30 საათიდან, ბრიუსელში 30,000-მდე დემონსტრანტი გამოვიდა, რაც ამ პატარა ევროპული ქვეყნისთვის “უპრეცედენტო“ მაჩვენებელია.

დემონსტრანტები პოლიციელებს ქვაფენილის ნატეხებს, აგურებს, შუშის ბოთლებს, ღობეებსა და საგზაო ნიშნებს ესროდნენ. ერთ-ერთ პოლიციელმა მომიტინგეს სამურაის ხმალიც კი ჩამოართვა.

სამართალდამცავებთან დაპირისპირებული პირები ბრიუსელის ცენტრალურ სადგურთან შეიკრიბნენ, რომელიც ევროპარლამენტსა და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობას შორის მდებარეობს.

რკინიგზის მთავარ კვანძთან შეკრებილმა არეულობის მონაწილეებმა ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებულ პოლიციელებს ხის ნაჭრები დაუშინეს, საპასუხოდ სამართალდამცველებმა მომიტინგეების მიმართულებით შუქბგერით და საკვამლე ყუმბარები ისროლეს.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ყრიან ნიღბიანი და კაპიუშონიანი პირები ცეცხლში სხვადასხვა ნივთებს, პოლიცია კი ამას თვალს ადევნებს.

მორიგი კადრები ასახავს, როგორ უმიზნებს მარტო მდგარი ნიღბიანი მომიტინგე პოლიციელებს ფეიერვერკს, რაზეც პოლიციამ წყლის ჭავლით უპასუხა და იგი იძულებული გახადა გაქცეულიყო.

სტუდენტების პროტესტს პროფკავშირებიც შეუერთდნენ. ისინი მოითხოვენ, რომ ნაცვლად ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების შემცირებისა და დღგ-ის გაზრდისა, მთავრობამ გადასახადები ყველაზე მაღალშემოსავლიან პირებს გაუზარდოს.

თავისი მეზობლების, საფრანგეთისა და იტალიის მსგავსად, ბელგიაც ღრმა სახელმწიფო ვალშია ჩაფლული. ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში გაფიცვების სერია გაიმართა პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის მაღალი დეფიციტის შემცირების მიზნით მომდევნო წლებში 10 მილიარდი ევროს დაზოგვას ითვალისწინებს.

წყარო