ავტორი:

“მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება საქართველოში არ მეგულება“ - ეკა კუპატაძე

“მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება საქართველოში არ მეგულება“ - ეკა კუპატაძე

“დაიმახსოვრეთ, მერაბ მალანია და მისი ოჯახი, ჩემთვის ნაცნობი ადამიანებიდან, ყველაზე საშიშები არიან. მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება მე საქართველოში არ მეგულება“, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • ეკა კუპატაძის თქმით, გიორგი მალანიას ადვოკატი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მალანიას ალექსანდრე გაბაშვილისთვის არც ერთხელ არ დაურეკავს, თუმცა ეს ბრალს არ ცვლის, რადგან გიორგი მალანიას გამოძიება ალექსანდრე გაბაშვილის დახმარებას ედავება და არა მალანიასთან დარეკვას.

“გიორგი მალანიას ადვოკატი დაჟინებით ამტკიცებდა ერთ კონკრეტულ ფაქტს, რომ არც ერთხელ არ დაურეკავს გიორგი მალანიას ალექსანდრე გაბაშვილისთვის. მე არ ვიცი, სად წაიკითხა ლაშა ცუცქირიძემ, რომ ვინმე აბრალებს გიორგი მალანიას იმას, რომ შენ ურეკავდი ალექსანდრე გაბაშვილს. ჩვენ ეს არ გვითქვამს არსად, ვგულისხმობ პროკურატურასაც. გიორგი მალანიას ბრალად ედება დახმარება ალექსანდრე გაბაშვილისთვის. ალექსანდრე გაბაშვილს როცა სჭირდებოდა დახმარება გიორგი მალანიასგან, მაშინ ურეკავდა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გიორგი მალანია ადგილზე იყო თავდასხმის დროს, გიორგი მალანია თავს არ დასხმია გიგას, გიორგი მალანია ეხმარებოდა ალექსანდრე გაბაშვილს ამ დანაშაულის სისრულეში მოყვანაში. რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციას იღებდა გიორგი მალანიასგან. ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთ რამ იცოდა, რასაც ვერ მიაწოდებდა ნია იმნაძე და სხვა საერთო ნაცნობი მას გიგა ავალიანთან არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს, მიაწოდა გიორგი მალანიამ. ჩვენ გიორგი მალანიას ვედავებით ალექსანდრე გაბაშვილის დახმარებას და არა პირიქით ასე, რომ ზარის ავტორი ყოველთვის თუ არა, უფრო ხშირად იქნებოდა ალექსანდრე გაბაშვილი“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

  • “ბრალდების მხარემ დღეს ჩემი შვილის წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, “- ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამამ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მერაბ მალანიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ საგამოძიებო უწყებას მასთან საქმის გარშემო რაიმე კითხვები გაუჩნდება, მზად არის, ნებისმიერ დროს ამ კითხვებს უპასუხოს.

“დღეს დაიკითხნენ გამომძიებლები, ვინც ამ საქმეს უძღვებოდნენ. მათ დაადასტურეს, რომ ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს ჩემი შვილის წინააღმდეგ, რომ ის რაიმე სახით ეხმარებოდა ან შეხვედრია როდისმე დამნაშავეებს და ა.შ. გარდა ამისა, დღეს ექსპერტიც იყო, რომელმაც ასევე დაადასტურა ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ ჩვენ, რომ არცერთი ვიდეო ზარი არ განხორციელებულა გაბაშვილსა და ჩემს შვილს შორის.

ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს რეალურად.

გამოითქვა ვარაუდები და იყო საუბარი, რომ შეეძლო მიეწოდებინა რაიმე ინფორმაცია [გიორგი მალანიას ალექსანდრე გაბაშვილისთვის]. რა ინფორმაცია ან რა სახის ინფორმაცია? ასე თუ ვიმსჯელებთ, ბევრი რამ არის შესაძლებელი, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულებები არ გააჩნიათ და ამას დღეს წერტილი დაესვა.

თუ რომელიმე საგამოძიებო უწყებას ჩემთან შეკითხვები ექნება, ნებისმიერ დროს მზად ვარ, რომ ვუპასუხო”, - განაცხადა მერაბ მალანიამ.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.