ჩილეში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარიშხალმა ქუჩები ადიდებულ მდინარეებად აქცია. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს როგორ გაიტაცა ტალახიანი წყლის ნაკადმა ავტობუსი, რომლის სახურავზე მგზავრები იყვნენ შეჯგუფებული.


ძლიერმა წვიმებმა ქვეყანაში მეწყრული პროცესები გამოიწვია და სანტიაგოში უეცარი წყალდიდობის მიზეზი გახდა, რის გამოც 1000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მოაქვს ტალახის სწრაფ ნაკადს რამდენიმე ავტომობილი მასში ჩარჩენილ მძღოლებთან ერთად.
ცენტრალურ ჩილეს სუპერ “ელ-ნინიო“ დაატყდა თავს, რასაც ანომალიური ნალექი და ქარიშხალი მოჰყვა. დედაქალაქის ათ რაიონში განგაშის მაღალი დონეა გამოცხადებული, ხოლო ელიტურ გარეუბან ლას-კონდესში ოფიციალურად საგანგებო მდგომარეობა დაწესდა. უხვმა ნალექმა მდინარე მაპოჩოს ნაპირებიდან გადმოსვლა და დამაგრეველი მეწყერი გამოიწვია.
პოლიციამ ადიდებული მდინარის სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით განახორციელა.

სან-კარლოს-დე-აპოკინდოში გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ მიათრევს ქუჩაში ტალახიანი წყლის ნაკადი ადამიანებს, რომლებიც ამაოდ ცდილობენ ფეხზე დადგომას.
ელექტროენერგიის გათიშვამ სანტიაგოს ნაწილი სიბნელეში ჩაძირა, რის გამოც 12 000-მდე ადამიანი დენის გარეშე დარჩა. დაზიანდა და დაიტბორა ათობით სახლი.

ლას-კონდესის მერის, კატალინა სან-მარტინის განცხადებით, ბოლო დღეებში მოსულმა თითქმის 150 მმ ნალექმა რეგიონი “სრულად გააჯერა წყლით“. ეს ოქტომბრის თვისთვის მოსალოდნელ ნორმაზე თითქმის ცხრაჯერ მეტია.
სინოპტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ სტიქიის პიკი ხუთშაბათს გაივლიდა, თუმცა დაუცხრომელი წვიმა პარასკევსაც გაგრძელდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, მეხანძრე-მაშველებმა კი უსაფრთხოების მიზნით 1 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.