"მე მქვია შაფი ნურახმეტოვა. ვარ World Class-ისა და Kamasutra Fit-ის ჯგუფური პროგრამების ტრენერი. ქართულ ენას დამოუკიდებლად ვსწავლობ, ვისწავლე ქართული ანბანი და უკვე ვკითხულობ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს ორიგინალში! ვწერ საქართველოს ისტორიაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე", - ამბობს შაფი, რომელიც საქართველოში გატარებულ ყოველდღიურობას სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას და საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავს.
- შაფი, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, დღეს როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?
- ყაზახეთში, ასტანაში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობა საკმაოდ რთული მქონდა, ობლად გავიზარდე. თუმცა დღეს ამ გამოცდილებას მადლიერებით ვუყურებ, რადგან სწორედ ამ ყველაფერმა მაქცია იმ ადამიანად, ვინც დღეს ვარ. ამ გამოცდილებამ გამაძლიერა და დამოუკიდებლობა მასწავლა.

- რა პროფესიის ხართ?
- ფიტნეს-ტრენერი ვარ. მაქვს World Class-ის სერტიფიკატი და თავად World Class-შიც ვმუშაობდი. ახლა საქართველოში ქალთა ფიტნესის მიმართულებას ვავითარებ, განსაკუთრებით მაინტერესებს მენჯის კუნთების გაძლიერება და ქალების სხეულთან უფრო გაცნობიერებული მუშაობა.
- როდის გაიგეთ პირველად საქართველოზე?
- საქართველოზე პირველად სკოლაში გავიგე. შემდეგ კი რუსი კლასიკოსების, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებებში ბევრჯერ წავიკითხე საქართველოზე. განსაკუთრებით მიყვარს ლერმონტოვის "დემონი“, სადაც საქართველო და ქართველი ქალის სილამაზე განსაკუთრებულად ლამაზად არის აღწერილი.

- როდის ეწვიეთ საქართველოს და როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება?
- საქართველოში პირველად 2023 წელს ჩამოვედი. მახსოვს, როგორ მადგებოდა თვალზე ცრემლი თითქმის ყველაფრის გამო, მთების სილამაზის, ძველი სახლების, ქართველი ხალხის სითბოსა და სიკეთის გამო. განსაკუთრებით კი ადგილობრივი გოგოების სილამაზემ და ენერგიამ მომხიბლა.
- რამდენი ხანია საქართველოში ხართ და როგორია ახლა თქვენი ყოველდღიურობა?
- საქართველოში უკვე სამი წელია ვცხოვრობ. აქ მეგობრები შევიძინე და ვიპოვე საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. საქართველოს ბევრი რამით მადლიერი ვარ. აქ თავს ძალიან ცოცხლად ვგრძნობ.
- ქართულს სწავლობთ, რთული არ არის?
- დიახ, ქართულს ვსწავლობ. ძალიან მიყვარს ქართული ენა. უკვე ვისწავლე ქართული ანბანი და ვცდილობ, ყოველდღიურად უფრო მეტი ვისწავლო და ქართულად საუბარიც გავაუმჯობესო.

- როგორ აცნობთ უცხოელებს საქართველოს?
- ჩემი სოციალური ქსელების საშუალებით ვცდილობ ადამიანებს საქართველო ჩემი თვალით დავანახო. არა მხოლოდ როგორც ტურისტული ადგილი, არამედ როგორც ქვეყანა თავისი კულტურით, ისტორიით, ადამიანებითა და განსაკუთრებული ენერგიით. მინდა, რომ ადამიანებმა საქართველოზე ჩემი სიყვარულით გაიგონ.
- საქართველოსთან დაკავშირებით თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
- საქართველოში ბევრი გეგმა მაქვს. მინდა აქ განვავითარო ჩემი ქალთა ფიტნესის მიმართულება, გავზარდო ჩემი საქმიანობა და უფრო მეტ ქალს დავეხმარო საკუთარ სხეულთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. მინდა, რომ საქართველო ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს.

- ალბათ გყავთ ქართველი თაყვანისმცემლები...
- კი, ქართველი თაყვანისმცემლები ბევრი მყავს. ხშირად მწერენ და კომპლიმენტებს მეუბნებიან. თუმცა ამას ძალიან სერიოზულად არ აღვიქვამ და პაემნებზე არ დავდივარ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უყურებენ ქართველი კაცები უცხოელ ქალებთან ურთიერთობას. მაგრამ მე არ მაქვს არანაირი წინასწარი განწყობა. თუ გამოჩნდება ქართველი ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შევუყვარდები და მეც შემიყვარდება, რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ ვიქნები.