ნაწილი 1
ის-ის იყო, ივნისი დადგა. ისეთი პირი უჩანდა, წვიმიანი გაზაფხულის შემდეგ უამინდობა ზაფხულშიც გაგრძელდებოდა. ორ დღეში შვებულება და ჩემი შვედური არდადეგები იწყებოდა, რისთვისაც გულმოდგინედ ვემზადებოდი. ჩემი დისშვილი გიმნაზიას ამთავრებდა და მეც სადღესასწაულოდ მივფრინავდი. ჩემოდანი, ფაქტობრივად, უკვე ჩალაგებული მქონდა, როდესაც ივნისის იმ თითქოს ერთ ჩვეულებრივ დღეს, სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე უცნაური სიმაგრე მკერდში. ინანიშვილის მოთხრობის გმირ თინასავით კარგა ხანს ვიდექი სარკის წინ და ვისინჯავდი მარცხენა ძუძუს, მეჩვენებოდა თუ მართლაც სიმაგრე ხან ქრებოდა, ხან ისევ ჩნდებოდა, ამ სინჯვა-სინჯვაში კვანძი ვნახე იმავე მხარეს, იღლიაშიც და ზუსტად იმწუთას მივხვდი, რომ მთლად კარგი ამბავი არ უნდა ყოფილიყო ჩემს თავს. კიბო! - თავზარდამცემია შენს ცნობიერებაში ამის პირველი გაელვება, ამ თითქოს შორეულ და უცხო სიტყვასთან პირველი კავშირი, თორემ მერე თითქოს მალევე ეჩვევი ყველაფერს, ტვინი თითქოს შენგან დამოუკიდებლად იწყებს ახლებურად გადალაგებას, მთავარისა და არამთავარის გადახარისხებას და ჯერ სრულიად უცნობი და ახლებური ცხოვრებისთვის სამზადისს.
ჩემი და შვედეთის სამხრეთში, სკონეს რეგიონში, ქალაქ ქრისთიანსთადის მახლობლად ცხოვრობს. ჰყავს შვედი ქმარი - სვენ ნილოსნი, 2 შვილი - ევიტა და გაბრიელი. სწორედ ევიტას გიმნაზიის დამთავრების ღონისძიებებსა და დღესასწაულებში მონაწილეობა იყო ჩემი ამ მოგზაურობის მთავარი მიზანი, ჩემი ჩასვლიდან მალევე შემოგვიერთდნენ ჩემი დეიდაშვილები - ლია და მზია ათენიდან, ნატას მეგობარი - ნათია გერმანიიდან... მოკლედ, ქართველები შევიყარეთ და კარგი დროც ვატარეთ.
აკრძალვის მიუხედავად, დროდადრო მაინც მახსენებდა თავს ჩემი უცნაური კვანძები, ტკივილით არაფერი მტკიოდა, მაგრამ დროდადრო განწყობას მაინც მიფუჭებდა... ხელი თავისით გარბოდა მკერდისკენ, იღლიისკენ. მეჩვენებოდა, რომ კვანძები პატარავდებოდა, მერე თითქოს ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ან ისევ ისე იყო, ან უარესად...
არ ვიცი, თუ რამ არის სამყაროში ისეთივე მშვენიერი, როგორც შვედური ზაფხული - მართალია, დღეში შეიძლება რამდენჯერმეც გაწვიმდეს, თუმცა როცა გადაიღებს, მზე ცხოველად აჭერს და ირგვლივ ყველაფერი ძვირფასი თვლებივით იწყებს ბზინვას: ვაშლისა და არყის ხეები, მარწყვით სავსე მდელოები, ყაყაჩოშერეული სათიბები, ტბები, გზის პირას ჩარიგებული პატარა, ფერად-ფერადი სოფლები... მეც ვტკბებოდი ამ ყველაფრით, სვენს მივეხმარე ულამაზესი თეთრი კარვის გაშლაში, სადაც ევიტას წვეულება გავმართეთ, რა დროსაც შვედი სტუმრები ქართული სამზარეულოს შედევრებით, განსაკუთრებით ჩაქაფულითა და ხაჭაპურით აღფრთოვანდნენ, ქართველებს ამგვარი აღიარება, ხომ იცით, როგორ გვიყვარს. მოკლედ, ამ საერთო მხიარულებაში ხან მავიწყდებოდა კიდეც სადღაც ტვინის კუნჭულში სულ ძალით შეჩურთული და მიჭირხნილი შიში, სახელად, კიბო. რა თქმა უნდა, არავისთვის არაფერი მითქვამს... წაიკითხეთ ვრცლად