კომპანია Bitxchange განცხადებას ავრცელებს და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს და უპასუხისმგებლოს უწოდებს.
ეროვნულ ბანკს თვეების განმავლობაში ხელთ ჰქონდა ჩვენი არაერთი ოფიციალური მიმართვა, რომლებშიც დეტალურად იყო აღწერილი შემოწმების მიმდინარეობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კონკურენტების მიმართ შერჩევითი მოპყრობის გარემოებები. ჩვენ ვითხოვდით ამ საკითხების შესწავლას, ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან დროებით ჩამოშორებასა და შემოწმების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას. ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყო და შესაბამისი რეაგირების ნაცვლად კომპანიას უპრეცედენტო, ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი და აშკარად არაპროპორციული ჯარიმა დააკისრა.
განსაკუთრებით საყურადღებოა მოვლენათა ქრონოლოგია და თანდართული აუდიომტკიცებულება. 2026 წლის 18 თებერვალს გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა პატიმრობიდან. 25 თებერვალს "კრიპტომატის“ წარმომადგენელმა ვახტანგ ვახტანგიშვილმა გვაცნობა, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაციის ამოქმედების თარიღი — 2 მარტი, 13:00 საათი — ეროვნულ ბანკთან ჰქონდათ შეთანხმებული. შეთანხმებულ თარიღზე იდენტიფიკაცია ორივე კომპანიამ აამოქმედა, თუმცა 13 მარტს "კრიპტომატმა“ იგი კვლავ გათიშა.
ჩვენს შეკითხვაზე ვახტანგიშვილმა 15 მარტს გამოგვიგზავნა თანდართული აუდიოშეტყობინება, რომელშიც ისმის ფრაზები: "რაც ბოლო პერიოდში მოხდა“, "არ გვართვევინებდნენ“, "მოვგვარდით“. ჩანაწერის ბოლოს იგი ასევე აცხადებს, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაციას მომდევნო სამშაბათს ჩართავდნენ. თუმცა ეს "სამშაბათი“ რამდენიმე თვის განმავლობაში არ დადგა — "კრიპტომატი“ კვლავ აგრძელებდა საქმიანობას მომხმარებელთა იდენტიფიკაციის გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკი, არაერთი შეტყობინებისა და წარდგენილი მტკიცებულების მიუხედავად, მოთხოვნების თანაბარ აღსრულებას არ უზრუნველყოფდა.
აღნიშნული გარემოებები, ბაჩიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მანამდე მისი, როგორც "კრიპტომატის“ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის, კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პრობლემების გათვალისწინებით, მიუთითებს არსებული დაბრკოლებების მოგვარების მცდელობაზე. მიმოწერა და აუდიოჩანაწერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დასადასტურებლად, რომ ეროვნული ბანკი ინფორმირებული იყო "კრიპტომატის“ საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესებისა და იდენტიფიკაციის ამოქმედების შეთანხმებული პირობების შესახებ. მიუხედავად ამისა, მარეგულირებელმა მოთხოვნების თანაბარი აღსრულება არ უზრუნველყო.
"ბიტექსჩეინჯმა“ იდენტიფიკაციის მოთხოვნების შესრულება განაგრძო, რამაც იგი კონკურენტულად არათანაბარ პირობებში ჩააყენა და შემოსავლების კატასტროფული შემცირება გამოიწვია. ეროვნულ ბანკს დარღვევების შესახებ არაერთხელ მივაწოდეთ წერილობითი შეტყობინებები და ვიდეომტკიცებულებები, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.
ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი, მძიმე ფინანსური დანაშაულისთვის ნასამართლობის მიუხედავად, კვლავ ფიგურირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელად. ეროვნული ბანკის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის "ა“ ქვეპუნქტი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირს ასეთ მონაწილეობას უკრძალავს. მოვითხოვთ განმარტებას, რატომ არ იქნა უზრუნველყოფილი აღნიშნული მოთხოვნის აღსრულება, ჩატარდა თუ არა "კრიპტომატში“ ანალოგიური შემოწმება და რატომ არ გამოიყენა მარეგულირებელმა ამ კომპანიის მიმართ ის საზედამხედველო ზომები, რომლებიც "ბიტექსჩეინჯის“ მიმართ გამოიყენა.
ცალკე პასუხს მოითხოვს ნანა ყეინიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესების საკითხი. ეროვნულ ბანკს არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია და მტკიცებულებები ყეინიშვილის მიერ რეგულირებული კომპანიების საქმიანობაში შესაძლო ფაქტობრივი მონაწილეობისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. მოვითხოვთ განმარტებას, როგორ დარეგისტრირდნენ და საქმიანობდნენ მასთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები, როგორ დადგინდა მათი ფაქტობრივი მფლობელობა და კონტროლი და როგორ იყო უზრუნველყოფილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება მათი რეგისტრაციისა და ზედამხედველობის პროცესში. რატომ გახდა ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან ჩამოშორება შესაძლებელი მხოლოდ საკითხის საჯაროდ გახმაურების შემდეგ, როდესაც შესაბამისი მოთხოვნა თვეებით ადრე გვქონდა წარდგენილი?
მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, შეწყვიტოს სადავო დასკვნების დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა და საჯაროდ უპასუხოს მისივე ქმედებებისა და უმოქმედობის შესახებ დასმულ კითხვებს. სახელმწიფო მარეგულირებელი ვალდებულია, კანონი თანაბრად აღასრულოს და უზრუნველყოს მიუკერძოებელი ზედამხედველობა. თუ ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს ჩვენი მოთხოვნების უგულებელყოფასა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებას, კომპანიის წარმომადგენლები საჯაროდ, მაქსიმალური დეტალიზაციით წარმოადგენენ მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგიას, დოკუმენტურ მტკიცებულებებსა და ეროვნული ბანკის კონკრეტული თანამდებობის პირების როლს აღნიშნულ პროცესებში, კანონით დასაშვებ ფარგლებში“ - წერს კომპანია Bitxchange.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯი“ 572 118 000 ლარით დააჯარიმა. ეროვნული ბანკის განცხადებით, კომპანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა.
ასევე იხილეთ: