თბილისში, კიკვიძის პარკთან ერთმანეთს სახანძრო და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის თვითმხილველი დიანა ლომსაძე AMBEBI.GE - სთან მომხდარის თაობაზე ჰყვება.
"იქვე ვცხოვრობ, და მე და დედა სახლში ვბრუნდებოდით, რა დროსაც გამოარა სახანძრომ, რამდენიმე წამში ძალიან დიდი ხმაური გავიგეთ და დავინახეთ ეს ყველაფერი. დასახმარებლად გავიქეცით ყველა, ვინც იქვე ვიყავით.
სავარაუდოდ, სახანძროს მანქანა მიდიოდა გამოძახებაზე, რადგან ციმციმები და სიგნალები ჰქონდა ჩართული. არ ვიცი რა მოხდა, ვერ დაინახა მეორე მანქანის მძღოლმა, ან იფიქრა, რომ გავასწრებო და გზა არ დაუთმო, ხელს ვერავისზე გავიშვერ, მაგრამ ფაქტია, მძღოლის კარის მხარეს დაეტაკა.
სახანძროს მძღოლი იყო გაჭედილი მხოლოდ, თუმცა მალევე მოხერხდა მისი გამოყვანა და საავადმყოფოში გადაყვანა, ფეხები აქვს დაზიანებული. მადლობა ღმერთს, სხვა არავინ დაშავებულა. არც მეორე მანქანის მძღოლი და არც სახანძრო-სამაშველო მანქანის სხვა წევრები არ დაზიანებულან. არ ვიცი სხვას რაიმე მსუბუქი დაზიანება თუ ჰქონდა, თუმცა ყველაზე მძიმე მაინც სახანძროს მძღოლი იყო, რადგან გათავისუფლება დასჭირდა." - ამბობს ჩვენთან საუბარში თვითმხილველი.
AMBEBI.GE დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.
ასევე იხილეთ: