ავტორი:

სტიქიების სერია აშშ-ში - ქარიშხალს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 500 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი: მოსალოდნელია ტორნადოები და წყალდიდობა

სტიქიების სერია აშშ-ში - ქარიშხალს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 500 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი: მოსალოდნელია ტორნადოები და წყალდიდობა

აშშ-ის სამხრეთ შტატებს ძლიერმა ქარიშხალმა “ისაიასმა“ გადაუარა, რასაც სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ასობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ოფიციალური პირების ცნობით, ორ-ორი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა ალაბამასა და ფლორიდის შტატებში, სადაც მსხვერპლი საცხოვრებელ სახლებზე წაქცეულმა ხეებმა გამოიწვია.

ფლორიდის ესკამბიას ოლქში ქარიშხალს ქალი ემსხვერპლა, რომლის სახლსაც წაქცეული ხე დაეცა. დაღუპულის ქმარმა, ჯოი უილიამსმა განაცხადა, რომ ისინი გარეთ სტიქიის შედეგების გადასაღებად გავიდნენ, სახლში დაბრუნებისას კი სახურავზე ხე დაეცა და შიგნით ჩაიკეტნენ, რის შედეგადაც მისი ცოლი გარდაიცვალა.

მეორე გარდაცვალების მიზეზი ფლორიდაში ნახშირჟანგით (CO) ინტოქსიკაცია გახდა, როდესაც მოქალაქემ გენერატორი ცუდად ვენტილირებად ავტოფარეხში ჩართო. ამავე სახლში მყოფი კიდევ ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ალაბამას შტატში ქარიშხალს ასევე ორი ადამიანი ემსხვერპლა, რაც შტატის გუბერნატორმა კეი აივიმ დაადასტურა. ამასთანავე, ალაბამაში შერიფი დაშავდა, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევაზე რეაგირებისას მას წაქცეული ხე დაეცა.

  • 500,000 აბონენტი შუქის გარეშე, ევაკუაცია და საგანგებო მდგომარეობა

PowerOutage-ის მონაცემებით, შაბათის მონაცემებით ელექტროენერგიის გარეშე სულ 500,000-მდე ადამიანი დარჩა. “ისაიასმა“ ფლორიდის სანაპიროს პარასკევს გვიან ღამით მიაღწია, სადაც ქარის სიჩქარე 168 კმ/სთ-ს (105 მილი/სთ) აღწევდა, რის შემდეგაც იგი პოსტტროპიკულ ციკლონამდე შესუსტდა.

სტიქიამ მოგლიჯა ხეები და შენობებს სახურავები გადახადა. ალაბამამ, ფლორიდამ და ჯორჯიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ხოლო ათასობით მცხოვრებს სავალდებულო ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

სასწრაფო სამსახურებს წყალდიდობის გამო ავტომობილებში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენა დასჭირდათ. ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობებისა და საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

  • მოსალოდნელი ტორნადოები და წყალდიდობის საფრთხე

ალაბამას გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის გამო შტატში ტორნადოების ჩამოყალიბების რისკი არსებობს. სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტონში ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა შინ დარჩენილიყვნენ, რადგან წყლის დონემ 2.3 მეტრს მიაღწია.

პარალელურად, წყნარ ოკეანეში მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი “სიმონი“ მექსიკის სანაპიროსკენ გადაადგილდება, ხოლო ტროპიკული შტორმი “რეიჩელი“ სამხრეთ კალიფორნიას უახლოვდება.

წყარო