პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დააკავეს პირი, რომელსაც მასა და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მიზნით თავდასხმის დაგეგმვაში ედება ბრალი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მანამდე, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მიიღო სარწმუნო ცნობები დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, კაროლინა გალეცკას განცხადებით, გეგმა მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც სახელმწიფო დაცვის სამსახურმა, რომელიც მინისტრების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, პოლიციას ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინება გადაუგზავნა, რომელიც შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.