ავტორი:

"...ყოველდღიურად ფიქრობ, როგორ გადარჩე. ნულიდან კი არა, ნულს ქვემოდან იწყებ" - როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში მსახიობი, რომელიც მაყურებელმა ჩცდ-დან შეიყვარა

"...ყოველდღიურად ფიქრობ, როგორ გადარჩე. ნულიდან კი არა, ნულს ქვემოდან იწყებ" - როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში მსახიობი, რომელიც მაყურებელმა ჩცდ-დან შეიყვარა

ტელესერიალის "ჩემი ცოლის დაქალები“ მდიდარ ბიზნესმენ გრიშა კაკაჩიას შვილი არ ჰყავდა, ერთ მშვენიერ დღეს კი ახალგაზრდა კაცი გამოეცხადა და მის შვილობას იჩემებდა. იმ პერიოდში სოციალურ ქსელში სერიალის აქტიური მაყურებლები სხვადასხვაგვარ კომენტარს წერდნენ: "თემურ ძიგუა გრიშაევიჩი რომ არ აღმოჩნდეს, გავგიჟდები“, "გრიშა რა კარგი ტიპი ყოფილა, ამ ბიჭს სახლიდან რომ არ აგდებს,“ "ვაა, კაკაჩიას შვილი გამოუჩნდა?“ - ეს ყველაფერი 2017 წელს ხდებოდა.

თემურ-თუთა ძიგუას როლის შემსრულებელ მსახიობს, ბექა ლემონჯავას სხვა ქართულ სერიალებშიც ("შუა ქალაქში,“ "ტიფლისი) ჰქონდა მუშაობის გამოცდილება. ასევე იყო თეატრში "რუსთავულის 19“.

დღეს ის ემიგრანტია. ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

  • Ambebi.ge მას ესპანეთში დაუკავშირდა.

ბექა ლემონჯავა:

– დიახ, ახლა ბარსელონაში ვარ. საქართველოდან 2017 წელს წამოვედი და მას შემდეგ ესპანეთში ვცხოვრობ. აქ წამოსვლის მიზეზი ჩემი შეყვარებული იყო - დღევანდელი ჩემი მეუღლე, რომელიც მაშინ აქ ცხოვრობდა. სამი წელი დისტანციურ ურთიერთობაში ვიყავით: მე - საქართველოში, ის - აქ. წელიწადში მხოლოდ ორი-სამი კვირით ვნახულობდით ერთმანეთს. მერე საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ აქ ჩამოვსულიყავი. მეუღლე იმ პერიოდში ესპანეთში ინტერიერის დიზაინს სწავლობდა და თან მუშაობდა. ჩამოვედი და ოჯახი შევქმენით...

– გამოდის, უკვე ცხრა წელია მანდ ხართ. მანამდე ასე დიდხანს თუ ყოფილხართ ქვეყნიდან წასული?

– მანამდე მხოლოდ ერთხელ ვიყავი რვა თვით წამოსული ესპანეთში, მაგრამ ასე დიდხანს - არა. საქართველოში ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი, გასულ ზაფხულს. ჩემს მეგობარს სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება ჰქონდა და ერთი თვით ჩავედი.

– როგორია უცხო ქვეყანაში ცხოვრება? ალბათ, დამოუკიდებლობა უფრო მეტად აყალიბებს და ზრდის ადამიანს, ხომ?

– წამოსვლამდე მშობლებთან ვცხოვრობდი და მანამდე ჩემით საკუთარი საწოლიც კი არ გამისწორებია. შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასეა. თუმცა, საქართველოშიც ვმუშაობდი და ჩემი შემოსავალი მქონდა, მაგრამ იმ გარემოში არ ვიყავი, რასაც სრული დამოუკიდებლობა ჰქვია.

– ზოგადად, გიჭირთ გარემოს ცვლილება?

– დიახ, არ მიყვარს გარემოს შეცვალა. სამოგზაუროდაც რომ მივდივარ, წასვლისა და წამოსვლის დღეები ძალიან მაწუხებს. ადგილს ვეჩვევი და მერე დაბრუნება მიჭირს, კომფორტის ზონაში ყოფნა მსიამოვნებს.

– პირველ ეტაპზე ესპანეთში ჩასულს სირთულეები შეგხვდათ?

– დიახ, რთული იყო და სულ რთულია. საკუთარი პროფესიით სტაბილურობის პოვნა არც საზღვარგარეთ არის მარტივი და არც საქართველოში. ეს საკმაოდ სპეციფიკური სფეროა: შეიძლება 40 კასტინგზე ჩაწერო სინჯი და ორმოცივეზე უარი მიიღო. ამ დროს ჩნდება სტრესი - იქნებ არ ვვარგივარ, იქნებ ეს ჩემი საქმე არ არის. ყველაზე ცუდი ეს ეჭვებია. ან უნდა შეეგუო იმას, რომ ბევრ უარს მიიღებ, ან ძალიან გაგიჭირდება. ხანდახან ფინანსურად გჭირდება პროექტის გამოსვლა, უარი მოდის და ვერ ხვდები, რა ქნა.

– დღესდღეობით რა არის მთავარი მსახიობის შერჩევისას?

– სამწუხაროდ, დღეს ხშირად ყურადღება ექცევა არა შესრულების ხარისხს, არამედ იმას, თუ რამდენი გამომწერი ჰყავს მსახიობს Instagram-ზე. ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ყველაფერს ექცევა ყურადღება, რაც სოციალურ ქსელებთან არის კავშირში. ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი, მაგრამ ამის მიუხედავად, უბრალოდ შენი საქმე უნდა აკეთო და წინ იარო...

– კონკრეტულად რა იყო ყველაზე დიდი წინააღმდეგობა - ესპანური ცხოვრების ყაიდა თუ მატერიალური მხარე?

– ხალხთან და ცხოვრების ტემპთან პრობლემა არ მქონია - ძალიან ჰგვანან ქართველებს, გვერდში დგომაც იციან. პრობლემა უფრო მატერიალურ მხარეს უკავშირდებოდა. როცა გინდა, შენი პროფესიით იცხოვრო, თავისუფალი დრო გჭირდება. სტაბილურ სამსახურში ვერ იტყვი, ორი კვირით გადაღებაზე მივდივარო. შესაბამისად, ასეთი სამსახურის შოვნაც რთულია და მხოლოდ გადაღებებზე ფინანსურად დამოკიდებულებაც. თუ ზურგს უკან მდიდარი მამა არ გიდგას, ვინც ბინის ქირას გადაგიხდის, რთულია. აი, ჩემთვის ემიგრაცია ეს არის - როცა ყოველდღიურად ფიქრობ, როგორ გადარჩე.

– ნულიდან დაწყება ალბათ ორმაგად რთულია...

– დიახ, ნულიდან კი არა, ნულს ქვემოდან იწყებ, იმიტომ რომ ენის ბარიერიც გაქვს და არავინ გიცნობს. საქართველოში დღემდე მყავს ხალხი, ვინც ჩამოსვლისას დამასაქმებს, კონტაქტები მაინც არსებობს. უცხოეთში კი აბსოლუტურად არავინ ხარ და ყველაფერი თავიდან უნდა დაამტკიცო...

– ესპანეთში ჩასვლისას იცოდით, რა უნდა გაგეკეთებინათ?

– წარმოდგენა არ მქონდა. არც მეგონა, ჩემს პროფესიასთან შეხებას თუ შევძლებდი. სიყვარულმა ჩამიყვანა ესპანეთში...

– როგორ განვითარდა თქვენი შემოქმედებითი გზა მას შემდეგ, რაც საბუთები მოაწესრიგეთ?

– პირველი, რაც გავაკეთე, აგენტის ძებნა იყო. ჩემი მეგობარი, გიორგი სიხარულიძე დამეხმარა. მას ესპანელი მეგობრები ჰყავდა უნივერსიტეტიდან. ერთ-ერთმა გოგონამ კასტინგ-მენეჯერი მირჩია, მან კი საერთაშორისო მსახიობებზე მომუშავე სააგენტოსთან დამაკავშირა. ასე დაიწყო ჩემი მცირე "მოგზაურობა“ ამ სფეროში. კოვიდის პერიოდში მქონდა პირველი გადაღება - ესპანურ სერიალში კაზინოს კრუპიეს ვთამაშობდი...

– ამის შემდეგ ალბათ გაგიცნეს, ხომ?

– ქუჩაში ცნობილი არ გავმხდარვარ, მაგრამ შიდა წრეში გავიცანი ბევრი საინტერესო რეჟისორი, პროდიუსერი და კასტინგ-მენეჯერი. შემდეგ შემოთავაზებებიც მეტად წამოვიდა.

– თქვენი გარეგნობა - ქერა თმა, ევროპული ნაკვთები - გეხმარებათ თუ პირიქით, გარკვეულ კლიშეებს ქმნის?

– ესპანეთში თავისი კლიშეები აქვთ. მაგალითად, მყავს მეგობარი, რომელიც წარმოშობით მოლდოვიდანაა, მაგრამ აქ არის დაბადებული და უაქცენტოდ ლაპარაკობს. რადგან ქერა და ცისფერთვალებაა, მთავარ როლებს მაინც არ აძლევენ - ესპანელად არ აღიქვამენ. ასე რომ, ინდივიდუალურია და ბევრ რამეში სხვებზე ხარ დამოკიდებული.

– ახლა რა პროექტზე მუშაობთ? სოციალურ ქსელში საინტერესო ფოტოები გამოაქვეყნეთ...

– ეს Amazon Prime-ის სერიალია - "წითელი დედოფალი“ (Reina Roja), რომელიც ხუან გომეს-ხურადოს ამავე სახელწოდების რომანის (ბესტსელერი) ტრილოგიის მიხედვით არის გადაღებული. მეორე ნაწილში, "შავ მგელში“ (Loba Negra), ვთამაშობ. რეჟისორს წინა პროექტიდან ვიცნობდი და მას ნამდვილად სურდა ჩემი აყვანა. პროდაქშენს ცოტა ეჭვი ეპარებოდა, რადგან კომერციულ პროექტებში მეტი გამომწერის მქონე მსახიობებს ეძებენ, თუმცა რეჟისორის დამსახურებით როლზე მაინც დამამტკიცეს. ორი წლის წინ გადავიღეთ მარბელაში და ახლა გამოვიდა.

– რა როლი გაქვთ ამ სერიალში?

– ერთ-ერთ კრიმინალს ვთამაშობ. ჩემი პერსონაჟი პირველივე სერიაში კვდება - სახეში ესვრიან ტყვიას. დანარჩენი ოთხი სერია კი პრეისტორიაა, სადაც ჩანს, თუ როგორი ტიპი იყო და რატომ მოკლეს.

– ამჟამად რას აკეთებთ?

– ჯერჯერობით სიახლეებს ველოდები. ვაპირებ, პატარა ცვლილებების შეტანას, იქნებ ახალი გზები გავჭრა ესპანეთის ფარგლებს გარეთაც.

– ქართულ გამოცდილებაზეც რომ ვისაუბროთ - სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები“ თემური ("თუთა“) ითამაშეთ, კაკაჩიას შვილის როლი. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს?

– ამ სერიალმა ძალიან დიდი ცნობადობა მომიტანა, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ცნობადობა ვერაფერში გამოვიყენე... ჩემი მხრიდან ინტერესი სულ იყო, თუმცა ქართული კინოინდუსტრიიდან ჩემ მიმართ ინტერესი არავის გამოუხატავს...

– ცუდია... ე.ი. გულის წყვეტა გაქვთ ქართულ კინოსფეროზე...

– უბრალოდ, ცოტა უცნაური სიტუაციაა. კასტინგის მხრივ მონოპოლია იყო - თუ კონკრეტულ ადამიანებს გულზე არ ეხატებოდი, გბლოკავდნენ. ესპანეთში ასე არ არის. აქ სისტემა მუშაობს: ჰყავთ აგენტები, პროდაქშენი უგზავნის მასალას კასტინგ-მენეჯერს, ის - სააგენტოებს. ერთი ადამიანი ვერ გადაწყვეტს შენს ბედს. იქ კი კონკრეტულ ადამიანებს უნდა ეფერო... ცხრა წლის მანძილზე საქართველოდან არანაირი დაინტერესება არ ყოფილა.

– როგორი იყო მსახიობ დავით კვირცხალიასთან (გრიშა კაკაჩიას) მუშაობა?

– ძალიან საინტერესო ადამიანი და დიდი პროფესიონალია. სულ 10 დღის გადაღება მქონდა და ამდენხნიანი ურთიერთობა, ძირითადი სცენები მასთან იყო. ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება...

კადრი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"

– რა განსხვავებაა ესპანურ და ქართულ გადაღებებს შორის?

– ჯგუფის მუშაობის პრინციპი იდენტურია, განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია. "ჩემი ცოლის დაქალებს“ არ ჰქონდა იმხელა დაფინანსება, აქ კი თითო გადაღების დღე შეიძლება მილიონზე მეტი ჯდებოდეს. სხვა მხრივ, სპეციფიკა და პროფესიონალიზმი ქართველებსაც ძალიან მაღალ დონეზე აქვთ.

- როგორც ვიცი, "თეატრალურში“ რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის ჯგუფში სწავლობდით...

– დიახ, ბატონი სანდროს ჯგუფში ვიყავი. ძალიან თბილად მახსენდება, უდიდესი ამაგი აქვს ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში. საოცარი ადამიანი იყო. სულ ვფიქრობდი, ჩავალ საქართველოში და ვნახავ-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი... ადრე გარდაიცვალა...

– პირად ოჯახს როგორ გაგვაცნობთ?

– მეუღლე - ანა ჩხატარაშვილი და ოთხი წლის გოგონა კირა მყავს. ანა საქართველოში ჟურნალისტიკას სწავლობდა, აქ კი ტურისტულ სფეროში მუშაობს. კირა ბარსელონაში დაიბადა, უკვე დადის ბაღში (სკოლამდელ დაწესებულებაში) და სამ ენაზე საუბრობს - ქართულად, ესპანურად და კატალანურად.

ბექა ლემონჯავა მეუღლესთან ერთად

ბექა შვილთან ერთად

– ე.ი. არ ნანობთ, რომ წახვედით უცხო ქვეყანაში?

– თავიდან ცოტა მაწუხებდა ეს კითხვა, მაგრამ - არა, არ ვნანობ... ახლა, როგორც გითხარით, მინდა ესპანეთის ფარგლებს გარეთაც გავიდე და ახალი კონტაქტები მოვიძიო. იმედია, ეს მიზანმიმართული შრომა შედეგს გამოიღებს.