ავტორი:

"ვხვდებოდით, რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა აღარ გვინდოდა" - ინფლუენსერი მარიამ ჯვართავა დაქორწინდა (ფოტოები)

"ვხვდებოდით, რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა აღარ გვინდოდა" - ინფლუენსერი მარიამ ჯვართავა დაქორწინდა (ფოტოები)

"...ყოველ ჯერზე მინდოდა დანებება, ყველაფერზე უარის თქმა, სადმე წასვლა და გადაკარგვა, ყველაფრის დავიწყება, თუმცა რაღაც ჩემთვის ამოუხსნელი, არასდროს მაძლევდა ამის გაკეთების საშუალებას და მაინც ვაგრძელებდი წინ სიარულს...“, - ამბობს მარიამ ჯვართავა, რომელმაც ურთულესი ცხოვრება გაიარა და გულღია საუბრით უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი.

ამჯერად მან აუდიტორიას თავისი ბედნიერების შესახებ გაუზიარა და ჩვენც ამ სიახლეებზე ჩავწერეთ ინტერვიუ...

- მარიამ, გილოცავთ ბედნიერებას. თქვენმა გამომწერებმა თქვენთან ერთად იზეიმეს თქვენი ქორწილის დღე...

- გმადლობთ... მე უკვე წლებია მიყურებენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები და ფაქტობრივად, ჩემთან ერთად გაიარეს ის გზა, რაც მე გამოვიარე. ყოველ ეტაპზე მგულშემატკივრობდნენ და ჩემი ბედნიერებაც ისე გაიზიარეს, თითქოს მათი ყოფილიყო. ნამდვილად ველოდებოდი ასეთ რეაქციას და მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ჩემთან ერთად იზეიმა ჩემი და ჩემი მეუღლის ბედნიერების დღე.

- გვიამბეთ თქვენი ლამაზი "ლავსთორის" შესახებ...

- ერთმანეთს პირველად 4 იანვარს შევხვდით. ჯერ კიდევ ახალი წლის პერიოდი იყო. შევიხედე ჩემს ინსტაგრამზე და ვნახე, რომ ბადრის მოწერილი ჰქონდა. შევთავაზე გარეთ გასეირნება და ასე შედგა ჩვენი პირველი პაემანი. პირველივე შეხვედრისას ვუთხარი, რომ ასე კომფორტულად თავი არავისთან მიგრძნია. მთელი საღამო ვსაუბრობდით და ერთმანეთს ინტერესებს ვუზიარებდით.

ივნისში კი ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით. ვხვდებოდით, რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა აღარ გვინდოდა. ბადრი აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ შემექმნა ოჯახი, მყოლოდა შვილები და დამეგროვებინა უამრავი მოგონება. ის აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ჩემს გულში შემოაღწია.

- როდის და როგორ გააცანით თქვენს არაჩვეულებრივ მშობლებს?

- ზუსტად იმ პერიოდში, როცა შეხვედრა დავიწყეთ. ხშირად მოდიოდა ჩემთან სტუმრად. მე სიცივე არ მიყვარს და გარეთ სეირნობას, მერჩივნა თბილ, ოჯახურ გარემოში მენახა ბადრი. თვითონ იმდენად გულიანი და კომუნიკაბელური ადამიანია, რომ არ გაუჭირდა ჩემს მშობლებთან საერთო ენის გამონახვა. ფაქტობრივად, ჩვენმა ურთიერთობამ, ჩემი მშობლების თვალწინ გაიარა.

- ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ და ადვილი არ იქნებოდა თქვენსავით ძლიერი მამაკაცი გეპოვათ. როგორ შეძელით ასე ჰარმონიულად შეწყობოდით ერთმანეთს?

- მე უამრავი ნაწიბური მქონდა შემორჩენილი წარსული ჭრილობებიდან, რის გამოც, ძალიან მიჭირდა ადამიანების ნდობა. ყოველთვის ვცდილობდი დისტანცია დამეცვა. ბადრისთან ეს არ დამჭირვებია, რადგან თვითონ არის ძალიან თბილი, ბუნებრივი, უშუალო, მეგობრული, მოსიყვარულე. ზუსტად ის აღმოჩნდა, ვინც მჭირდებოდა. ადამიანი, ვისთანაც არ მომიწევდა ძლიერი გოგოს თამაში, ან სხვა ადამიანის როლის მორგება და საკუთარი მე-ს ჩახშობა. რამდენჯერმე, როცა ჩემდაუნებურად წამიერად ვიყავი ის, ვინც ვიყავი და ბადრისგან სრულიად ადამიანური და თბილი რეაქცია წამოვიდა, მივხვდი, რომ ამ ადამიანთან შემეძლო ჩამომეხსნა ყველა ტვირთი, ყველა ტკივილი და მეგრძნო სიმსუბუქე.

ქორწილის სამზადისი, ემოციები რომ გაგვიზიაროთ...

- სამზადისი ძალიან ჩვეულებრივი და თან ამაღელვებელი იყო. ყველაფერი ზუსტად ისე მიდიოდა, როგორც გვინდოდა. სამყარო ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვეხმარებოდა. ქორწილის დღეს, ძალიან ვნერვიულობდი. სანამ ეკლესიაში მივიდოდი, ის რამდენიმე წუთი, არც კი მახსოვს. მამას დანახვაზე მეტირებოდა და ძლივს ვიკავებდი თავს. იმის გააზრებაც მიჭირდა, რომ სულ ცოტაც და მეუღლე მეყოლებოდა. მართლა სიზმარში მეგონა საკუთარი თავი. ყოველ დილით ვიღვიძებ და სამყაროს უდიდეს მადლობას ვეუბნები, რომ ამხელა ბედნიერება მაჩუქა.

- სასწაულის, დედობის მოლოდინში ხართ...

- ესეც ისეთი ამბავია პირადად ჩემთვის, რისი დაჯერებაც ჯერ კიდევ მიჭირს, მართლა იმდენად დიდი სასწაულია ჩემთვის. ყოველ ექოსკოპიას, თან მოსდევს სიხარულის და გაოცების ცრემლები. ჩემი მეუღლე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იდეალურად ვიგრძნო თავი. ყოველდღე ველაპარაკებით ჩვენს პაწუკას. მალე გავიგებთ, გოგო გვეყოლება, თუ ბიჭი, თუმცა საბოლოოდ ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი.

- რას ეტყოდით იმ გოგონებს, ვინც რთულ პერიოდს გადიან, როგორ უნდა მოიზიდონ ბედნიერება, სამყარომ ამდენად ბევრი სიხარულით რომ დააჯილდოოს?

- მიჭირს ხოლმე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ყოველ ჯერზე მინდოდა დანებება, ყველაფერზე უარის თქმა, სადმე წასვლა და გადაკარგვა, ყველაფრის დავიწყება, თუმცა რაღაც ჩემთვის ამოუხსნელი, არასდროს მაძლევდა ამის გაკეთების საშუალებას და მაინც ვაგრძელებდი წინ სიარულს. ერთადერთი, რაც შევცვალე, იყო საკუთარი თავის შეყვარება და პატივისცემა. რეალობის ისე მიღება, როგორც სინამდვილეში არის. საკუთარი თავია შეყვარებამ, ბევრი საინტერესო ადამიანი გამოაჩინა და მოიზიდა ჩემს ცხოვრებაში. ისინი დღეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან. სამყარო ყოველთვის იმას გვაძლევს, რაც გვჭირდება, მთავარია დაველოდოთ!