რუსეთში, ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომლის, დარია შიპილოვას გარდაცვალების მიზეზი კვლავ დაუდგენელია. ახალგაზრდა მეცნიერის დედა, 64 წლის სვეტლანა შიპილოვა, უარყოფს გავრცელებულ ვერსიას, თითქოს მისი ქალიშვილი ლაბორატორიაში სინჯარის გატეხის შედეგად დაინფიცირდა. ის ექიმებს შვილის გადარჩენისთვის აუცილებელი ზომების მიუღებლობაში ადანაშაულებს.
ამასობაში, ოჯახს დარიას დაკრძალვის შესაძლებლობა ჯერ არ აქვს - გარდაცვლილის ახლობლები სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინში იმყოფებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 10 ოქტომბრის ანგარიშის თანახმად კი, ახალგაზრდა მეცნიერის დაღუპვის გამომწვევი ინფექცია ამ დრომდე უცნობია.
სვეტლანა შიპილოვამ გამოცემა "გლუბინასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საშიში მიკროორგანიზმების შესანახად განკუთვნილი ლაბორატორიული ჭურჭელი იმდენად დაცულია, რომ მისი შემთხვევით გატეხვა ან შიგთავსის დაღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია.
"ყველა მედიკოსსაც კი არ ესმის, რომ სინჯარის გატეხვა შეუძლებელია“, - განაცხადა ქალმა, რომელიც თავადაც სამედიცინო სფეროში მუშაობს. მისი თქმით, გავრცელებულმა ცნობებმა, რომ თითქოს დარია უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად დაინფიცირდა, ოჯახი განსაკუთრებით აღაშფოთა.
სვეტლანა შიპილოვა მიიჩნევს, რომ ექიმებმა მისი ქალიშვილის გადასარჩენად ყველაფერი არ გააკეთეს.
"ჩემი შვილი უბრალოდ დაღუპეს, მიატოვეს და დაღუპეს“, - განაცხადა მან.
ინტერვიუს დროს, რომელიც 5 ოქტომბერს ჩაწერეს, ქალი ირკუტსკის ერთ-ერთ საავადმყოფოში კარანტინში იმყოფებოდა გარდაცვლილის სხვა ახლობლებთან ერთად. მისი თქმით, ყოველდღიურად უტარებდნენ ანალიზებს, თუმცა ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ოფიციალური დასკვნა ჯერ არ ჰქონდა მიღებული. ოჯახის წევრებს სამედიცინო დაწესებულების დატოვება არ შეეძლოთ, რის გამოც დარიას დაკრძალვაც ვერ ხერხდებოდა.
დარია შიპილოვა 2 ოქტომბრის ღამით, ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის კლინიკაში 29 სექტემბერს მძიმე პნევმონიით გადაიყვანეს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 25 სექტემბერს ახალგაზრდა ქალმა ლაბორატორიაში ჭირის გამომწვევის შემცველი სინჯარა გატეხა, რის შემდეგაც თავი შეუძლოდ იგრძნო. თუმცა ამ ვერსიის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები არ გამოქვეყნებულა.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის განცხადებით, ინსტიტუტში საშიშ მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული ავარია არ მომხდარა. უწყების წინასწარი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი "დაუდგენელი წარმომავლობის პნევმონია“ გახდა.
მომხდარის გამო ირკუტსკის ოლქში საგანგებო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები დაიწყო. 2 ოქტომბერს რეგიონში როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელი ანა პოპოვა ჩავიდა და მისი მონაწილეობით განსაკუთრებით საშიში ინფექციის შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართა.
დარიასთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოაქციეს. შელეხოვის საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა, ირკუტსკის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კი ვიზიტები შეზღუდეს.
გამოცემა "ლიუდი ბაიკალას“ ინფორმაციით, დარიას საცხოვრებელ სახლში დეზინფექცია ჩატარდა, ინსტიტუტის თანამშრომლები იზოლაციაში მოაქციეს, ანტიბიოტიკებზე კი მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.
ჭირი საჯაროდ პირველად ბურიატიის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ალექსეი ციდენოვმა ახსენა. 2 ოქტომბერს მან დაწერა, რომ ირკუტსკის ოლქში ქალი ჭირით გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით განცხადება შეცვალა და სიტყვა "შესაძლოა“ დაამატა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 10 ოქტომბრის ანგარიშმა დარიას გარდაცვალების მთავარ მიზეზზე პასუხი ვერ გასცა.
რუსეთის მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტებმა 5 500-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩაატარეს, მათ შორის ბაქტერიოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური ანალიზები. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევები არ გამოვლენილა.
დარიასთან კონტაქტში მყოფ პირებს შორის დაფიქსირდა COVID-19-ის ორი, რინოვირუსული ინფექციის სამი შემთხვევა და Haemophilus-ის გვარის ბაქტერიის გამოვლენის ერთი შემთხვევა. ყველა კონტაქტურ პირს შვიდდღიანი სამედიცინო დაკვირვება ჩაუტარდა. მძიმე პნევმონიის ახალი, ამ შემთხვევასთან დაკავშირებული შემთხვევები ოფიციალურად არ დაფიქსირებულა.
თუმცა WHO ხაზს უსვამს, რომ დაავადების გამომწვევი აგენტი უცნობი რჩება. ორგანიზაციას არ შეუძლია დამოუკიდებლად დაადგინოს, საკმარისი იყო თუ არა შვიდდღიანი დაკვირვება ყველა შესაძლო ინფექციის გამოსარიცხად.
ამასთან, WHO პირდაპირ მიუთითებს, რომ ლაბორატორიაში პროფესიული გზით ინფიცირების შესაძლებლობის სრულად გამორიცხვა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

დამატებითი კითხვები გააჩინა ცნობამაც, რომ შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის კიდევ ერთ თანამშრომელს უცნობი წარმოშობის პნევმონია ჰქონდა. WHO-მ რუსეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციის დადასტურება სთხოვა, თუმცა ამ დრომდე ახალი, დაკავშირებული მძიმე პნევმონიის შემთხვევები ოფიციალურად არ დაფიქსირებულა.
დარია შიპილოვა ირკუტსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. 2022 წელს მან სამედიცინო ბიოქიმიის სპეციალობით დაამთავრა უნივერსიტეტი და მუშაობა შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში დაიწყო. 2024 წელს კლინიკური ლაბორატორიული დიაგნოსტიკის რეზიდენტურა დაასრულა და ჭირის მიკრობიოლოგიის განყოფილებაში მუშაობდა.
2026 წლის 31 მარტს მოსკოვში გამართული ინფექციური დაავადებების სრულიად რუსეთის კონგრესის პროგრამაში შიპილოვა მოხსენიებულია Yersinia pestis-ის - ჭირის გამომწვევი ბაქტერიის - ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის კვლევის თანაავტორად. მოხსენების წარმდგენი სვეტლანა ვიტიაზევა იყო მითითებული.
კოლეგები დარიას განსაკუთრებით პასუხისმგებლიან თანამშრომლად ახასიათებდნენ, რომელიც უსაფრთხოების წესებს ზედმიწევნით იცავდა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მედიასთან განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალი შიშობდა, შემთხვევით სხვები არ დაეინფიცირებინა და ჰიგიენის წესებს ლაბორატორიის გარეთაც მკაცრად იცავდა.
ინსტიტუტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ეჭვი გამოთქვა სინჯარის გატეხვის ვერსიაზე. მისი განმარტებით, საშიშ ნიმუშებთან მუშაობა იზოლირებულ ბოქსებში, სპეციალური დამცავი ტანსაცმლის გამოყენებით მიმდინარეობს.
დარიას გარდაცვალებიდან ცხრა დღის შემდეგაც მთავარი კითხვა პასუხგაუცემელია: რომელმა ინფექციამ იმსხვერპლა ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელიც განსაკუთრებით საშიშ დაავადებებს იკვლევდა?