Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს საინტერესო ეპიზოდების ელექტრონულ ვერსიას, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
მარი:
- ნანკა, მოგესალმებით. როგორ ხართ?.. როგორ ინარჩუნებთ ენერგიასა და მოტივაციას უწყვეტი, პროტესტის დროს?
- რთულ და მძიმე პერიოდს გავდივართ, მაგრამ სულ ვფიქრობ ხოლმე ისტორიულ კონტექსტზე და ეს მაძლიერებს. გარდა იმისა, რომ ძალიან მინდა, ჩემი შვილი კარგ ქვეყანაში ცხოვრობდეს, ისიც მინდა, 30 წლის მერე, როცა ისტორიას გადაფურცლავენ, ადამიანებმა არ თქვან, არ უბრძოლიათ ამ ქვეყნისთვისო. ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია. მერე პირველი კიდევ ის არის, რომ ცხოვრება მიყვარს, მეორე - მგონია, რომ უმოქმედობის უფლება არ მაქვს და არ ვაძლევ ჩემს თავს ამის უფლებას, მესამე - ხანდახან მესმის, ამბობენ: "დეპრესიაში ვარ“. მჯერა, რომ ადამიანები რაღაც მძიმე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ ამისთვის არ მცალია და ეს რაღაცნაირი ფუფუნებაა. შეიძლება ძალიან ცუდადაც ვარ, მაგრამ ეს მოტივაცია არ გაძლევს საშუალებას, რომ რაღაცნაირად მოდუნდე - გადიხარ და გადიხარ წინ.
უცნობი:
- ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება აღარ გაგიგრძელათ... ეს ცხადია, თქვენს სამოქალაქო აქტივობას უკავშირდება, თუმცა შესაძლოა, თქვენ სხვაგვარად ხსნით ამ ამბავს...
- კითხვაში შეცდომაა ის, რომ კონტრაქტი არ შეუჩერებიათ, განცხადება თვითონ დავწერე და ჩემი ნებით წამოვედი. ანდროს ბანერის მოხსნის შემდეგ, მე სახელმწიფო თეატრში ვერ გავჩერდებოდი და არც გავჩერდებოდი. ისედაც არ ვაპირებდი "დოის" თეატრიდან (ვასო აბაშიძის ახალი თეატრიდან) გაშვების შემდეგ სხვა რეჟისორთან ან ხელმძღვანელთან თანამშრომლობას. უბრალოდ, მოტივაცია იყო ანდროს ბანერი, რომელსაც მაქსიმალურად ვცდილობდი, დამეცვა. ანდროს ბანერის მოხსნის შემდეგ, როგორც მოიქცნენ, დავწერეთ განცხადება ცხრა კაცმა და წამოვედით. ამიტომ არავის გავუშვივარ - ჩემი ნებით წამოვედი.
ანა:
- როგორ იცვლება ცნობილი მსახიობის როლი ამ პროტესტში? გრძნობთ თუ არა დამატებით პასუხისმგებლობას იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც თქვენს მაგალითს უყურებენ ან თქვენი ხმის იმედი აქვთ?
- რაღაცნაირი პერიოდია, მართლა "ვინ ვინ არის“-ში ვცხოვრობთ. თითქოს ორი საქართველო შექმნეს ვიღაც-ვიღაცებმა საკუთარი ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. ერთი მხარე არის სოლიდარობისთვის მებრძოლი, ხოლო მეორე - ცდილობს, დაჩაგროს ადამიანები. თავს კარგად მხოლოდ იმიტომ ვგრძნობ, რომ მედგრად ვარ - შეიძლება ეს ისეთი სათქმელი არ არის, მაგრამ ნამდვილად მედგრად ვგრძნობ თავს. ამაყი ვარ, რომ არ ვარ იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომლისთვისაც სოლიდარობა არაფერს ნიშნავს. მათი კომენტარებიდან გამომდინარე, სულ ფულის აღებაზე ფიქრობენ და რაღაც საოცრებებს გიწერენ. ძალიან მიხარია, რომ მაგათი ნაწილი არ ვარ! მოკლედ, თუნდაც ვიყო უმცირესობაში, მაგრამ ვიყო თავმოყვარე ადამიანების გარემოცვაში, ეს ნამდვილად მირჩევნია.

მკითხველი:
- ზოგადად რა ფასს იხდის ხელოვანი მკაფიო სამოქალაქო პოზიციის გამო?
- ხელოვანი, რომელიც ვერ აკეთებს იმას, რაც ყველაზე ძალიან უყვარს, უარს ამბობს ამ ყველაფერზე… არ ვიცი, ალბათ ყველა პროფესიაში ასეა. უბრალოდ, ახლა ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ არ მგონია, მხოლოდ ხელოვანს ჰქონდეს ეს პრობლემა. ზოგადად ქვეყანას აქვს ეს პრობლემა, რომ იმას, რისი კეთებაც გინდა, ვერ აკეთებ. მაგრამ რაღაც მომენტში რომ დაფიქრდე, შეიძლება იმაზე მეტს ვაკეთებთ ახლა, ვიდრე სცენიდან რაღაცის თქმაა. და ისევ და ისევ ამ ისტორიულ კონტექსტს ვუბრუნდები: მე მგონია, რომ ადამიანებს, მით უმეტეს, ამ ქვეყანაში, პოპულარობისა და ცნობადობის მთავარი გამოყენება არის ის, რომ იყო იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც შეიძლება ნაკლები აუდიტორია ჰყავთ.
შეიძლება დიდი აუდიტორია არ მყავს იმიტომ, რომ სოციალური ქსელები დიდად არ მიყვარდა არასდროს. Instagram-იც მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ ფეიქ-ნანკა არსებობდა და ვიღაცებს სცოდნოდათ, რომ ის მე არ ვარ. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ჩემი პოზიცია გავაგონო ადამიანებს და მაქსიმალურად ვცდილობ, არ ვიყო არაფრის ნაწილი - ზუსტად იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემს შეცდომებზე და ჩემს ნათქვამ სიტყვებზე ვაგო პასუხი. არ ვიყო რაღაც კოლექტიური ჯგუფის ნაწილი, რომელშიც პასუხს ვერ ვაგებ ბევრ ადამიანზე... როცა შემშლია და ვთქვათ, არასწორი პოსტი დამიწერია - და შეიძლება რაღაც ფეიქ-ნიუსი გამივრცელებია - აუცილებლად წამიშლია და ისიც მითქვამს, რომ ის იყო არასწორი და მცდარი. ვთვლი, რომ ყველა ადამიანმა უნდა გააკონტროლოს ეს, და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, ვისაც კიდევ უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს, უნდა გააჟღეროს იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც არ აქვთ ამის საშუალება.
ლიკა:
- როგორ უმკლავდებით საჯაროობას, ყურადღებას და ხანდახან თქვენ მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა თუ ნეგატიურ კომენტარებს?
- კრიტიკას, სხვათა შორის, ძალიან კარგად ვუდგები, რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს ადამიანი, თუ დასაბუთებული კრიტიკა აქვს - მიმიღია კიდეც. რაც შეეხება ლანძღვას, ტროლებს და იმის გააზრებას, რომ ზოგი პროპაგანდის გამო მოქმედებს, ზოგიც უბრალოდ ბოროტად - ძალიან სასაცილო რაღაცები მომდის ხოლმე თავში. მათ პატარა ბავშვებად წარმოვიდგენ იმიტომ, რომ ყველა პატარა საყვარელი და კარგი იბადება. როგორი ცუდიც არ უნდა ყოფილიყო ადამიანი - ჩემი პროფესიიდან გამომდინარე - ადრე ვიწყებდი იმ ხაზის აგებას, თუ ეს საყვარელი ბავშვი აქამდე როგორ მივიდა, რომ ასე როგორ გაბოროტდა და ასეთი ნეგატივი შეუძლია ანთხიოს. ამ ხაზის აგებაში მერე ბოლოს მეცოდებოდა კიდეც, იმიტომ რომ არ შეიძლება ნორმალური, ბედნიერი ადამიანი აქამდე მივიდეს.
მერე გავაცნობიერე, რომ ეს ხაზები იმისთვის ავაგე, გავერთე და მათ ბავშვებად იმიტომ ვუყურებდი, რომ ჩემგან ნეგატივი არ წამოსულიყო მათ მიმართ. ახლა ახალი ეტაპი მაქვს: ვხვდები, რომ იმდენად პრიმიტივიზმში გადადის მათი ეს ნეგატივიც, რომ ამდენი ენერგიის დახარჯვა და ფიქრი, ეს ადამიანი აქამდე როგორ მოვიდა, უკვე მოსაბეზრებელი და არაფრის მომცემი გახდა. ახლა მათ ცხვრებად წარმოვიდგენ. საყვარელი ცხვრები კი არიან, მაგრამ ცხვრების ფარა ლანძღვა-გინებით პირდაპირ მიყვება რაღაც პროპაგანდას. ამიტომ მათ სულ ვწერ... მართლა იმხელა სტაჟი მაქვს უკვე...
არასდროს მეშლებოდა ნერვები ამ ნეგატივზე იმიტომ, რომ ყოველთვის ვიცოდი, რაში ვიყავი მართალი და რაში - არა. როცა არ ვიყავი მართალი, იმაში ჩემ თავზე მეტად ვერავინ დამადანაშაულებდა, იმიტომ რომ მე თვითონ არ მსიამოვნებდა რაღაცები. ბოდიშის მოხდაც არ არის ჩემთვის პრობლემა, მაგრამ როცა ვხვდები, რომ მიზანმიმართული კამპანიაა, რა ვქნა - ცხვრებად წარმოვადგენ, იმ ხაზებს აღარ ვაგებ, ესენი უბრალოდ არ იმსახურებენ ამხელა ყურადღებას!

თაია:
- როგორი გოგო იყო ნანკა, სანამ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარებდა?
- ძალიან ცელქი, მაგრამ დიდად არც "თეატრალურში“ შევცვლილვარ... უბრალოდ ახლა ბევრად ძლიერი მგონია თავი, ვიდრე "თეატრალურში“ ჩაბარებამდე. მაინც ისეთი გზა გამოვიარე, რაც პირადად ბევრ რამეში ძალიან მეხმარება დღეს.
ყველაზე ძალიან მომწონს 35 წლის მერე შეგრძნებები, 45-ის მერე - ხომ საერთოდ. რაღაცნაირად, პატარა ასაკი გაძლევს იმის ფუფუნებას, რაც ახალგაზრდობაში გაწელილი იყო - გულის ტკენა იქნებოდა, დასკვნის გამოტანა თუ ა.შ. "თეატრალურში“ ჩაბარებამდე კიდევ უფრო ემოციურობა ჭარბობდა. ახლა დასკვნები ბევრად მარტივად და უმტკივნეულოდ გამომაქვს. ეს გამოცდილება ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ დიდ გულის ტკივილსაც უკვე სხვანაირად ვუყურებ. მერე მივხვდი: ვიღაც თუ ცუდად იქცევა, მე ამ ტვირთით რატომ უნდა ვიარო?! ამიტომ მალე ვიშორებ ამ ტკივილსაც და ყველაფერს - ვაკეთებ ანალიზს, ვცემ პასუხებს და მერე ვხვდები, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არ იმსახურებენ მათზე დიდხანს ფიქრს.
ზურა:
- თუ გითამაშიათ ისეთი როლი, რომელმაც თქვენს შინაგან სამყაროზე, ფსიქიკაზე იმოქმედა?
- საბედნიეროდ, ცხოვრების ყველა მძიმე პერიოდში მიმართლებდა და ზუსტად ისეთი როლები მხვდებოდა, სადაც შემეძლო, ჩემი სათქმელით დავცლილიყავი. ძალიან ბევრ ინტერვიუში მაქვს ნათქვამი, რომ თეატრს გაჯანსაღების რაღაც ფუნქცია ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან მეხმარებოდა ბევრ რამეში. სხვები სპეციალისტთან დადიოდნენ, ჩემი მთავარი სპეციალისტი ყოველთვის სცენა იყო და ის როლები, რომლებიც ბევრ რაღაცაში დამეხმარა...
ნინი:
- საერთოდ, როგორ ემზადებით ახალი როლისთვის?
- განსაკუთრებით მიყვარს რეპეტიციების პერიოდი, ძიების პროცესი, ათასი ვერსიის მოფიქრება და მერე როცა რაღაც ერთი რჩება. ყოფილა შემთხვევები, რომ პრემიერის დღესაც კი რაღაც შეცვლილა. ეს პერიოდი, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, დოისთან ერთად, ძალიან მაგარი იყო და მჯერა, რომ იქნება - აუცილებლად იქნება!

თემო:
- თანამედროვე თეატრის ცხოვრება დღეს როგორ გამოიყურება, როცა ხელოვანების დიდი ნაწილი პროტესტშია? როგორია დღეს თეატრი - მებრძოლი, მშვიდი, ქაოსური თუ სევდიანი?
- ალბათ სევდიანია იმიტომ, რომ ადამიანები, ვინც პროტესტში არიან, ძალიან რთულია მათი მდგომარეობა. სევდიანია ისიც, ვინც არ იმჩნევს ამ ყველაფერს, ზოგადად ქვეყანაში რაც ხდება. იმიტომ რომ ხელოვნება იმისთვისაა, რომ მაყურებელს კითხვები დაასმევინო. თეატრში მიდიხარ იმისათვის, რომ რაღაც კითხვები გაუჩინო, რომ ადამიანებს დაფიქრების საშუალება მიეცეთ... კი, სევდიანია იმის გაამოც, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ ამოუღია ხმა, ეშინიათ. ვინც ამოიღო ხმა - კი იცით, როგორ მდგომარეობაშიც არიან. მაგრამ არაუშავს, "მაინც ამვოთხრით!“
მარი:
- პოლიტიკის გამო კოლეგა, ან მეგობარი თუ დაგიკარგავთ?
- ძალიან კარგი პოსტი იყო ადრე: "ჩვენ მეგობრებს არ ვკარგავთ პოლიტიკის გამო, ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს მორალის გამო“. მართლა ასეც მოხდა - პოლიტიკა არაფერ შუაშია, იმას რასაც პოლიტიკას ეძახიან და მით უმეტეს, გასაოცარია ფრაზა - "აპოლიტიკური ვარ“ - მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, ცოტა იდიოტური ფრაზა მგონია... საქმე მორალშია ალბათ, იმიტომ რომ ის, რაც ვთქვათ, ჩემთვის ამორალურია, ვიღაცისთვის მორალურია და პედასტალიდან ქადაგებს ამას. დაკარგვაზეც არ არის… არ ვიცი, როგორ შეიძლება ეკონტაქტო ადამიანს, რომლისთვისაც ქუჩაში ძალადობა ნორმაა?! ამიტომ, იმისათვის, რომ წითელ ხაზებს არ გადავიდე, ვცდილობ, საერთოდ არ ვეკონტაქტო ვიღაცებს, იმიტომ რომ არც ეს ნეგატივი მომწონს ჩემში და ვცდილობ, არ ვიყო გაბოროტებული, არ ვლანძღო და ა.შ. "ხო, პოლიტიკა რა შუაშია“ - ეს კი მორალისა და ფასეულობების ამბავია. როცა უკვე ვხვდები, რომ მნიშვნელოვან რაღაცაში გვაქვს აცდენა, ძალიან რთულია, თავი მოიტყუო და დავუახლოვდე მას, რის გამოც აღარ ენდობით ერთმანეთს.
ბესო:
- ტელეწამყვანობა არ მოგენატრათ?
- ტელეწამყვანობაზეც: არასდროს არ მიყვარდა დიდად, მართალი რომ გითხრათ. ძალიან შემიშალა ჩემს პროფესიაში ხელი - რეჟისორებს ჰქონდათ რაღაცნაირად ისეთი დამოკიდებულება, რომ "ზედმეტად პოპულარული ხარ“. იყო პერიოდი, ტელესახედ აღვიქმებოდი მათთვის და ეს როგორც მსახიობისთვის არ იყო კარგი ამბავი. ამიტომ მაქსიმალურად ჩამოვშორდი და, სიმართლე რომ გითხრათ, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ტელევიზიაში ვმუშაობდე.
თეონა:
- ნანკა, მოგესალმებით, დიდ პატივს გცემთ, როგორც მსახიობს, ქალს და მოქალაქეს. მაინტერესებს, ვინ არის თქვენთვის სამაგალითო ქალი საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ?
- დედაჩემი... ის ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი და ძლიერი ქალია. თუ კი ვინმე შეიძლება ჩემთვის სამაგალითო იყოს, ეს არის დედაჩემი.
ტყუპისცალი:
- გყავთ ტყუპის ცალი ძმა... ტყუპს შორის იდუმალი ბმა არსებობს... ეს თქვენ შემთხვევაში როგორ ვლინდება? ძმას როგორ გაგვაცნობთ?
- ჩემი ძმა არის ერთ-ერთი ყველაზე უსაყვარლესი და საოცრად ერთგული ადამიანია, ძალიან განათლებული და საინტერესო. ხომ იცით, ტყუპებიდან ვიღაც ერთი უფრო გამორჩეულია, კიდევ რაღაცნაირად შორმსჭვრეტელი, შეგრძნებებიც მას უფრო მეტად აქვს განვითარებული. არაერთი შემთხვევა იყო, როცა სხვა ქვეყნიდან დაურეკავს და უგრძნია, რომ მე ცუდად ვარ ან რაღაც მჭირს. ძალიან უცნაური რაღაც დაემართა ჩემი მშობიარობის დღეს - მართლა 19 საათი ვაჩენდი და რაღაც მომენტში, უკვე ყველა რომ დაიღალა ლოდინით, ის გახდა ცუდად და მიხვდა, რომ მე დამეწყო მშობიარობა. და მართლაც, აი, ზუსტად იმ წუთებს დაემთხვა ეს! სამწუხაროდ, მე ასეთი გამძაფრებული არ მაქვს ეს შეგრძნებები, როგორც მას... მე ჩემი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობ, გავამართლო მისი იმედები.
სოფო:
- რაში მდგომარეობს თქვენი სილამაზის საიდუმლო? როგორია თქვენი თავის მოვლის რუტინა?
- გემოვნებაზე არ დაობენ - აქედან დავიწყოთ და არავითარ შემთხვევაში არ ვიკამათებ, იმიტომ რომ მერე ხალხს ჰგონია, რომ კომპლიმენტებს ვითხოვ. არ ვითხოვ, როგორც ვთქვი - გემოვნებაზე არ დაობენ.
სახის მოვლას რაც შეეხება: არ ვიცი, ეტყობა, რაღაცნაირად ამ ეტაპამდე ჯერ სწორად ვუვლი და ბოლო რამდენიმე წელია, გადასული ვარ მხოლოდ კორეული თავის მოვლის საშუალებებზე. მაქსიმალურად ვცდილობ, ამით გავუმკლავდე რაღაცებს. ამ ეტაპზე ჯერ მგონია, რომ "ვქაჩავ“ ამ ყველაფერს და როგორც კი მივხვდები, რომ ვეღარ ვქაჩავ, მერე დავფიქრდები რამე სხვაზე. ჯერჯერობით რაღაც სპორტული ინტერესი მაქვს 50 წლამდე და რაღა დარჩა, სამი წელი! აი, რაღაცნაირად მინდა, რომ ამ თავის მოვლის საშუალებებით მივიდე იქამდე...
თიკა:
- ნანკა, როგორი დედა ხართ და მოგვიყევით შვილზე? როგორია მისი აღზრდის თქვენეული პრინციპი?
- შვილის აღზრდის პრინციპები არის სიმართლეზე დაფუძნებული და, რაც მთავარია, ნდობაზე. არ მოვიტყუები, რომ არ ვჩხუბობთ - ვჩხუბობთ, რაც თავისთავად მერე ამ ჩხუბის გარჩევამდე მიდის. ორივე ვხვდებით, რომ არ შეიძლება ასე, მაგრამ… მაქსიმალურად მინდა, რომ გააზრებული ჰქონდეს ცხოვრებაში: შეცდომები "მოსულა“, უბრალოდ ჭკვიანსა და სულელ ადამიანებს შორის განსხვავება ის არის, რომ ჭკვიანს დასკვნა გამოაქვს შეცდომიდან, სულელს - არა. და ძალიან მინდა, რომ ამას მიხვდეს. რა ვიცი, იმედია, ხვდება. როგორი დედა ვარ? ეს ალბათ მას უნდა ჰკითხოთ. ვცდილობ, ვიყო კარგი. უკვე 13 წლის არის, კი, რთული ასაკი დაგვეწყო. პერიოდულად აი, ამ ჩხუბის დროს, იმასაც ახსენდება და მეც: "აი, ღმერთო, ახლა ჰორმონების პრობლემაა და ეს ასაკი უნდა გადავაგოროთ!“. უკვე ისიც მეუბნება, რომ "აი, გარდატეხის ასაკი მაქვს რა, ახლა“ და მეთქი: "კი ბატონო, გავიგეთ, რა ვიცი, მეც მქონდა და ასე არ გამივლია, მაგრამ…“ (იცინის). ისიც ის არის, მეც მე ვარ და რაღაცნაირად ამ ასაკის გამო ფეთქებადი მონაკვეთი რომ იწყება, მერე უცებ ორივეს გვახსენდება: "შენ ახლა ის ასაკი გაქვს, მოიცა, მოიცა, გადავაგოროთ!“. და ასე - ვცდილობ, რომ ვიყო ადამიანი, რომელსაც ენდობა.
ლიზი:
- როგორია თქვენი სამომავლო სურვილები?
- ამას ვერ ვპატიობ "ქართულ ოცნებას“. ფეხბურთის პერიოდში რის დანახვაც შევძელით ყველამ და რაც დაგვინგრიეს ძალიან მალე - იმიტომ, რომ მივხვდი, თურმე ეს რესურსი ჯერ კიდევ არსებობს ადამიანებში, რომ სრულიად უცხო ადამიანებს, სხვადასხვა პოზიციის მიუხედავად, ერთად უხაროდეთ, უყვარდეთ ერთმანეთი. და ასეთი საქართველო მინდა! რაც იმ სამ-ოთხ დღეში ვნახე, ყველას ერთად ეს მინდა. და ესეთი საქართველო იქნება, თუ გამარჯვებული იქნება ეს საქართველო და ყველა გაიაზრებს, რომ გვაქვს ერთი ქვეყანა და უნდა ვიბრძოლოთ ამ ერთი ქვეყნისთვის და არა კონკრეტული ადამიანებისთვის და პარტიებისთვის.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/9NGfVJwCxoA?si=G9ZUY_-Bcrgkugb8" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>