ჯობია, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო - ომი და ეკონომიკური სტაგნაცია ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს, ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მინისტერიალის დაწყებამდე, ევროკომისრების განცხადებებს გამოეხმაურა.
პაპუაშვილი ასევე ამბობს, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც ევროპულ ღირებულებებს პრინციპულად ეწინააღმდეგება.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დროა, ბრიუსელი ევროპულ გზას დაუბრუნდეს.
რაც შეეხება ქალბატონ კოსს - მან თქვა, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდესო, რაც გაუგებარია. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე. თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას, რას უწუნებს. ჩვენი ქვეყანა დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენა არის, რომ ქრისტიანული ღირებულებები არის ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები. ასე რომ, ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, მაშინ გვითხრას, რა ასპექტში აქვს მას ეს პრობლემა.
რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას - მას შეუძლია, რამდენჯერაც უნდა ეს ყალბი ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია, რომ ჯობია, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო. ასე იქნებოდა ჩვენ რომ დაგვეჯერებინა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით უკრაინის და მოლდოვის მდგომარეობაში. მოლდოვაში წლებია არის ეკონომიკური სტაგნაცია, უკრაინაში კი წლებია, ომია. ზუსტად ორივე სცენარი ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს, ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ასევე იხილეთ: