რუსეთის ფედერალურმა ზედამხედველობის სამსახურმა ქართული კომპანიების ნაწილის პროდუქციის იმპორტსა და მიმოქცევაზე დროებითი სანიტარული ღონისძიება გამოაცხადა. 2026 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდვა რამდენიმე მსხვილ ქართულ მწარმოებელს შეეხო.
"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის კუთვნილებაშია კომპანიები, რომელთა პროდუქციის იმპორტიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აიკრძალა.
"თელიანი ველი“
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება "თელიანი ველის“ გენერალური დირექტორის პოზიციას თეიმურაზ ჯაყარაშვილი იკავებს. კომპანია სამეწარმეო რეესტრში 1997 წლიდან არის რეგისტრირებული. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯგუფის აქციების 100%-ს ფლობდა სს "ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“. თავის მხრივ "ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგს“ აკონტროლებს სს "საქართველოს კაპიტალი“.
"თბილღვინო“
სააქციო საზოგადოება "თბილღვინო“ 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიის წილებს (50-50%) თანაბრად ინაწილებენ ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მარგველაშვილია, ხოლო ერთპიროვნული პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი.
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრია ომარ მარგველაშვილი, ხოლო საბჭოს კიდევ ერთი წევრია ზურაბ ნიკვაშვილი.
"ძმები ასკანელები“
შპს "ასკანელი ძმები“ სამეწარმეო რეესტრში 1998 წლიდან ოპერირებს. საწარმოს 55%-იან წილს ფლობს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გოჩა ჩხაიძე, ხოლო დარჩენილ 45%-ს - შპს "ასკანელი ვაინერი & დისტილერი“.
რეესტრის მონაცემებით, კომპანიას ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს დირექტორი ირინე ქიტიაშვილი. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს გოჩა ჩხაიძე, ხოლო წევრები არიან თამთა ხარაიშვილი და გიორგი ჩქარეული.
"ვაინმენი“
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს "ვაინმენის“ 60%-იანი წილის მესაკუთრე საქართველოსა და უკრაინის ორმაგი მოქალაქე ოლეკსანდრ ჯორჯაძეა, რომელიც ამავდროულად საწარმოს ერთპიროვნული დირექტორია.
კომპანიაში 35%-იან წილს ფლობს კონსტანტინე გაგუა, ხოლო დარჩენილი 5% დავით მაისურაძის მფლობელობაშია. ორივე შემთხვევაში წილებს შპს "ბიელსი“ მართავს.
"ვაინმენი“ სამეწარმეო რეესტრში 2000 წლიდანაა რეგისტრირებული. განაგრძეთ კითხვა