ავტორი:

"ცეცხლის ფასი" ანუ როდის გაიაფდება საწვავი?

"ცეცხლის ფასი" ანუ როდის გაიაფდება საწვავი?

ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ფასი ლამის ყოველდღიურად იმატებს, რაც გლობალურ პროცესებს უკავშირდება იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ საქართველო ნავთობმომპოვებელი არ არის და სრულად იმპორტზეა დამოკიდებული. ეს კი, ცხადია, გავლენას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ახდენს. რამდენად ადეკვატურია ქვეყანაში დღეს არსებული ფასები და რისი გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.- მთავარი მიზეზი უკვე თქვით და ეს მაგონებს ნაპოლეონის შეკითხვას გენერლისადმი, არტილერია ეფექტურად რატომ არ მუშაობდაო. გენერალმა უპასუხა, ხუთი მიზეზი მაქვს და პირველი ის არის, რომ ჭურვები არ გვქონდაო. ნაპოლეონმა კი მიუგო, აღარაა საჭირო დანარჩენი ოთხის ჩამოთვლაო - ანუ მთავარია გლობალური პროცესები. ეს ფაქტორი ნამდვილად მუშაობს და ამ ვითარებაში ყველა ცდილობს ხელის მოთბობას - მომწოდებლებიც, შუამავლებიც, დისტრიბუტორებიც და ა.შ. ამბობენ, რომ ამით რისკის დაზღვევა ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ შეიძლება ყველაფერი კიდევ უფრო გაძვირდეს, რაც საბოლოოდ თავისთავად აჩქარებს ამ პროცესს.

- ანუ ასეთ მაღალ ფასს რეალურად არა თვითღირებულება, არამედ ეს რისკები, მოგების სურვილი და ა.შ., სხვა სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს?

- ბევრი ფაქტორია, მათ შორის ე.წ. უსაფრთხოების ბალიში, რაზეც ადრეც გვისაუბრია.

როცა ვითარება არამყარია და ფასების ზრდას გრძელვადიანი, განგრძობითი ხასიათი აქვს, ბიზნესის ყველა მონაწილე ცდილობს "უსაფრთხოების ბალიშის" შექმნას და როგორც მიუწვდებათ ხელი, ისე მოქმედებენ.

შემიძლია სხვა მაგალითიც მოვიყვანო - 2008 წლის აგვისტოს კრიზისი განპირობებული იყო არა მარტო საქართველო-რუსეთის ომით, არამედ იმითაც, რომ იმ დროს ნავთობის ფასმა მსოფლიო ბაზარზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ერთ ბარელზე 147 დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძველი რეკორდული ნიშნულისთვის ნავთობის ფასს ჯერ არ მიუღწევია, სამომხმარებლო ბაზარზე ფასებმა დიდწილად მაინც გადააჭარბა 2008 წლის დონეს. სწორედ ეს ფაქტორი - გაურკვევლობა, მსოფლიო კრიზისი და სპარსეთის ყურის ამბები განაპირობებს ამ პროცესს. შემდეგ კი, ჯაჭვური რეაქციით, ყველამ "წაკრა თითო ქიშტი", გურამიშვილის არ იყოს.

საქართველოც გლობალური ეკონომიკის მონაწილეა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წილად მსოფლიო ეკონომიკის მხოლოდ 0,05% მოდის, სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს ჯამში 140-მდე ქვეყანასთან. იმდენად ვართ ჩართული მსოფლიო ვაჭრობასა და კონკრეტულად, ნავთობის იმპორტში, თანაც ჩვენი ეკონომიკაც იზრდება და უფრო მეტი საწვავი გვჭირდება, რომ მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის 1 დოლარით გაძვირება ჩვენთვის, 1 წელიწადზე გადაანგარიშებით, დამატებით 12 მილიონი დოლარის გადახდას ნიშნავს. თუ საწყის ფასად 60 ან 70 დოლარს ავიღებთ, წარმოიდგინეთ, ახლა, როცა ფასმა 100 დოლარს დიდი ხანია გადააჭარბა, რამხელა დამატებით ხარჯებთან გვაქვს საქმე. საბოლოო ჯამში კი ამ ყველაფერს რიგითი მომხმარებელი იხდის. განაგრძეთ კითხვა