ავტორი:

უძველესმა ძვლებმა ვიკინგების სოფელში ცხოვრების საშინელი რეალობა გამოავლინა - რიტუალები და მსხვერპლშეწირვა: რას მოგვითხრობენ ნაშთები?

უძველესმა ძვლებმა ვიკინგების სოფელში ცხოვრების საშინელი რეალობა გამოავლინა - რიტუალები და მსხვერპლშეწირვა: რას მოგვითხრობენ ნაშთები?

ადამიანების ნაშთები, რომლებსაც არქეოლოგებმა სკანდინავიაში წარმოებული კვლევების დროს მიაგნეს, სრულიად ადასტურებენ ვიკინგების მოძალადეობრივ რეპუტაციას როგორც ბრძოლის ველზე, ისე მის მიღმა.

მეცნიერებმა გატეხილი თავის ქალების, დალეწილი კიდურებისა და იმ ქალის ნაშთებს მიაგნეს, რომელსაც ფეხი შუაზე ჰქონდა გადაჭრილი.

ვიკინგების ეპოქის ცხოვრებისა და სიკვდილის შესახებ არსებული მტკიცებულებების უმეტესობა სამარხებსა და ძმურ საფლავებში გაკეთებულ აღმოჩენებს ეფუძნება. მკვლევრებმა ადამიანების ნაშთები უძველესი ვიკინგების დასახლებების ჭებში, სანადიმო დარბაზების საძირკველში და საცხოვრებელი სახლების იატაკის ქვეშაც კი იპოვეს.

ბოლო აღმოჩენა პროექტ BODY-POLITICS-ის არქეოლოგებს ეკუთვნის. მათ 12 ცხედარს მიაგნეს რომლებსაც მძიმე ტრავმები აღენიშნებოდათ, ნაშთების ასაკი 1500-წლიან პერიოდს მოიცავს (ძვ.წ. 500 – ახ.წ. 1050 წლები). აღმოჩენილი ნაშთებიდან რვას მიზანმიმართული, ზოგჯერ კი სასიკვდილო ძალადობის კვალი ეტყობოდა, ამასთან, ზოგიერთ მათგანს წლების განმავლობაში მიყენებული მრავალჯერადი ჭრილობა აღენიშნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ რთულია ზუსტად იმის დადგენა, თუ რამ გამოიწვია ეს დაზიანებები, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ოჯახური ძალადობის, ადგილობრივ თემში დაპირისპირების ან ომის შედეგი ყოფილიყო.

თუმცა, არსებობს საგანგაშო ნიშნებიც იმისა, რომ ზოგიერთი გარდაცვლილი შესაძლოა რიტუალური ძალადობისა და ადამიანთა მსხვერპლშეწირვის მსხვერპლიც კი ყოფილიყო.

მრავალ სხვა ნაჭდევთან ერთად, ერთ-ერთ ქალს მარცხენა წვივი მახვილი იარაღით მთლიანად შუაზე ჰქონდა გადაჭრილი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა როგორც სასიკვდილო დარტყმა, ისე მისი სხეულის შემდგომი დამუშავების ნაწილი ყოფილიყო, რაზეც მრავალრიცხოვანი ჭრილობა და დამწვრობის კვალი მიუთითებს.

დაახლოებით ახ.წ. 400 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ ინდივიდს ნეკნებს შორის ორი სასიკვდილო ჭრილობა აღენიშნებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, გრძელი, თხელი პირის მქონე იარაღით – შუბით ან ხანჯლით იყო მიყენებული. გარდაცვალების შემდეგ სხეული ორმოში მოათავსეს, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ღია იყო, მანამ სანამ ზემოდან სახლს ააშენებდნენ.

გათხრებისას არქეოლოგებმა შენიშნეს, რომ მიცვალებულის მაჯები ნეკნების ქვეშ ერთად იყო მოთავსებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის, შესაძლოა, რიტუალური მკვლელობისთვის იყო განკუთვნილი.

ამასთანავე, რთულია იმის დაჯერება, თუ რატომ უნდა მიეღო მცირეწლოვან ბავშვს ისეთი ჭრილობები, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ ბრძოლის ველზე გვხვდება, თუ ეს რაიმე რიტუალურ მიზანს არ ემსახურებოდა

“ჩვენ ვერასდროს გავუგებთ მათ აზროვნებას ბოლომდე, თუმცა შეგვიძლია დასაბუთებულად ვივარაუდოთ, რომ მათ შესაძლოა სურდათ კონკრეტული გარდაცვლილი ადამიანების ძვლები ახლოს ჰქონოდათ; ან უშუალოდ ძვლებსა და ძალადობის სანახაობას მათთვის გარკვეული ძალა და ენერგია მოჰქონდა, “ - აცხადებს პროფესორი ერიქსენი.

წყარო