ალბათ გყავთ ნაცნობი, რომელიც რაც უფრო ახლოსაა რისკთან, მით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.

მსგავსი ქცევა ცხოველებშიც გვხვდება მაგალითად აფთრებში, როდესაც ზოგიერთი მათგანი უეცრად ჩვეული ცხოველისგან სრულიად განსხვავებული ქცევის გამოვლენას იწყებს, თუმცა ეს მათი საკუთარი სურვილით არ ხდება - ცხოველის ქცევას ორგანიზმში ჩაბუდებული პარაზიტი აკონტროლებს.
სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, Toxoplasma gondii-ით ინფიცირებული აფთრის ლეკვები ლომებს სახიფათო მანძილზე უახლოვდებიან, მაშინ როდესაც, ჯანსაღი ინდივიდები უსაფრთხო დისტანციას ინარჩუნებენ.


აღნიშნული მონაცემები კენიაში, მასაი-მარას ეროვნულ ნაკრძალში, ამ ცხოველებზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად შეგროვდა. თუ ჯანმრთელი აფთრები ლომებს 90 მეტრზე ახლოს არ ეკარებოდნენ, დაავადებული ლეკვები 50 მეტრის მანძილზეც კი ბედავდნენ მიახლოებას, რის გამოც მათი დაღუპვის შანსი ოთხჯერ იზრდებოდა.

ეკოლოგმა კეი ჰოლეკამპმა (ზემოხსენებული კვლევის თანაავტორმა) ჟურნალ National Geographic-თან საუბრისას აღნიშნა, რომ გაოცებული დარჩა იმ მოვლენით, რომელიც მისი თქმით “აშკარა და თვალსაჩინოც“ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ აფთრები ბუნებრივი მტაცებლები არიან, სიცოცხლის პირველ წლებში მათ სხვა ცხოველებისგან ზრდასრული აფთრები იცავენ. ლეკვები სანადიროდ არ დადიან, თუმცა მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილებმა შესაძლოა მათთვის უფრო საშიშ სახეობებთან ახლოს გასეირნება მოინდომონ.
ყველაზე შთამბეჭდავი კი ტოქსოპლაზმასა და ადამიანებს შორის არსებული კავშირია. ეს ერთუჯრედიანი მარტივი ორგანიზმი კაცობრიობის მესამედშია აღმოჩენილი.

არსებობს ცნობები, რომ ამ პარაზიტის გავლენით ინფიცირებული ადამიანები უფრო უშიშრები და გაბედულები ხდებიან, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზიც კი ხდება. მეორე მხრივ, ამ “წამახალისებელ“ ეფექტს ზოგჯერ დადებითი შედეგებიც მოაქვს.

ამას ადასტურებს აშშ-ის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნულ ცენტრში (NCBI) გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც ტოქსოპლაზმოზით დაავადებულ ადამიანებს სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების უფრო მაღალი ალბათობა გააჩნიათ, ვიდრე სხვებს.
იმ ადამიანთა უმრავლესობას, ვისაც ტოქსოპლაზმოზი აქვს, გრიპისმაგვარი სიმპტომები აღენიშნება. ორსულობისას ამ დაავადებამ შესაძლოა ნაყოფის განვითარების ანომალიები (მალფორმაციები) გამოიწვიოს.
პარაზიტის ძირითადი მასპინძლები კატები არიან, სწორედ ამიტომ ეძლევათ ორსულებს რეკომენდაცია, მოერიდონ კატის ფეკალიებთან კონტაქტს. კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები ტოქსოპლაზმის საბოლოო მასპინძლები არიან, სწორედ მათ ორგანიზმში მრავლდება ეს პარაზიტი.


ტოქსოპლაზმა ასევე ინფიცირებული მღრღნელებითაც მანიპულირებს, რის გამოც ისინი შინაურ კატებთან უფრო უშიშრად იქცევიან. ინფიცირებული ცხოველები მტაცებლების შარდის სუნის მიმართ შიშს კარგავენ შედეგად და მათთან მიახლოებას აღარ ერიდებიან.

მსგავსი ეფექტი შესაძლოა კვლევაში მოყვანილ აფთრის ლეკვებშიც გამოვლინდა. თუმცა, გადარჩენილმა ლეკვებმა დროთა განმავლობაში ისწავლეს, თუ რა საფრთხეს შეიცავდა ლომის გაღიზიანება და მათი მხრიდან მსგავსმა ქმედებებმა თანდათან იკლა.

“ეს არის პარაზიტი, რომელიც უვნებელი ჰგონიათ (განსაკუთრებით ადამიანებში), მაგრამ, თუ ამ ეფექტებს დავაკვირდებით, ტოქსოპლაზმას შეუძლია უდიდესი გავლენა იქონიოს ადამიანის ქცევაზე, მათ შორის სოციალურ დონეზეც“, - განმარტავს მკვლევარი სტეფანი ჯონსონი.