ავტორი:

სროლა საფრანგეთის სკოლაში - დააკავეს 14 წლის მოსწავლე, რომელმაც გიტარის შალითაში დამალული თოფი შენობაში შეიტანა: დაჭრილია 2 მასწავლებელი

სროლა საფრანგეთის სკოლაში - დააკავეს 14 წლის მოსწავლე, რომელმაც გიტარის შალითაში დამალული თოფი შენობაში შეიტანა: დაჭრილია 2 მასწავლებელი

ორშაბათს დილით, მარსელიდან 11 მილის დაშორებით მდებარე ქალაქ ობანის Lakanal-ის საშუალო სკოლაში 14 წლის მოსწავლე სანადირო თოფით შევიდა, რომელიც გიტარის შალითაში ჰქონდა დამალული.

მარსელის პროკურორ ნიკოლა ბესონის განცხადებით, მოზარდმა პირველ სართულზე 53 წლის სკოლის დირექტორს (რომელსაც ტყვია ფეხსა და წელში მოხვდა) და 37 წლის მასწავლებელს (რომელსაც დაზიანება ბარძაყის არეში აღენიშნება) ესროლა. მსუბუქი დაზიანება მიიღო მესამე პირმაც.

ამის შემდეგ შეიარაღებული მოზარდი მეორე სართულზე ავიდა, სადაც კიდევ ორჯერ გაისროლა - ერთხელ იატაკის მიმართულებით, ხოლო მეორედ მოსწავლეებით სავსე საკლასო ოთახში, სადაც ტყვია დაფას მოხვდა. საბედნიეროდ, საკლასო ოთახში მყოფი ბავშვები და პედაგოგი ფიზიკურად არ დაშავებულან.

  • სკოლის დერეფანში მყოფმა თანამშრომელმა მოზარდის შეჩერება შეძლო, რის შემდეგაც იგი პოლიციას გადასცეს. ქალაქ ობანის მერის, ჟან-პიერ სკილარის ცნობით, მოსწავლეების უსაფრთხოება დაუყოვნებლივ იქნა უზრუნველყოფილი და მათთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა დაიწყო.

როგორც თვითმხილველი მოსწავლეები აცხადებენ, განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ დერეფანში გამოსვლისას ისინი შეიარაღებულ თანასკოლელს პირისპირ შეეჩეხნენ, რომელიც მათკენ თოფით მოემართებოდა და იატაკზე ისროდა.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო. პოლიციის ცნობით, შემთხვევა არ უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ოჯახის სახლის ჩხრეკისას იარაღის აღმოჩენის შემდეგ დაკავებულის მამაც დააკავეს.

მომხდარი ინციდენტის გამო სკოლა ერთი დღით დაიხურა.

წყარო