34 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი არჯეი მიტი, რომელიც მაყურებელმა პოპულარულ სერიალ "Breaking Bad“-ში უოლტერ უაიტის შვილის, უოლტერ უმცროსის როლით გაიცნო. მსახიობის გარდაცვალებას მისი ეკრანული მამა, ბრაიან კრენსტონი და სხვა კოლეგები ემოციური წერილებით გამოეხმაურნენ. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის ოფიციალურად დადგენილი არ არის.

მსახიობი ტეხასის შტატის ქალაქ ბრაუნსვილში გარდაიცვალა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი და გარემოებები ჯერ დადგენილი არ არის, გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველების განცხადებით, ამ ეტაპზე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. გარდაცვალების ფაქტი 12 ოქტომბერს დაფიქსირდა, დაგეგმილია მისი ცხედრის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევა.
ბრაიან კრენსტონმა, რომელიც "Breaking Bad“-ში RJ Mitte-ის პერსონაჟის მამას განასახიერებდა, მსახიობს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა.
"სასოწარკვეთილი ვარ“, - დაწერა მან.
"ის მაშინ გავიცანი, როდესაც სულ რაღაც 14 წლის იყო. როლს ისეთი სიხარულითა და ენთუზიაზმით ასრულებდა. 2007 წლის თებერვალში, როდესაც საპილოტე ეპიზოდის გადაღება დავიწყეთ, ჯერ კიდევ გამოუცდელი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ვუყურებდით, როგორ იზრდებოდა და შესანიშნავ მსახიობად ყალიბდებოდა“, - იხსენებს კრენსტონი.
მან ასევე ისაუბრა მიტის საქმიანობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობების მხარდაჭერისა და მათი უფლებების დაცვის მიმართულებით. კრენსტონის თქმით, მსახიობი არასდროს იყენებდა ცერებრალურ დამბლას საბაბად, რომელიც მის შესაძლებლობებს შეზღუდავდა.
"მთელი ეს შესაძლებლობა და პოტენციალი ახლა ისეთი დიდი დანაკარგია. ძალიან მსიამოვნებდა მასთან ერთად ყოფნა სერიალის გადაღებების დროსაც და მას შემდეგაც, როცა "Breaking Bad“-ის გარშემო აჟიოტაჟი ჩაცხრა. მენატრები, შვილო“, - დაწერა მსახიობმა.

"RJ, მიყვარხარ, მეგობარო. მოგვენატრები“, - დაწერა მან.
მსახიობის გარდაცვალებას გამოეხმაურა დინ ნორისიც, რომელიც სერიალში ჰენკ შრეიდერს, Mitte-ის პერსონაჟის ბიძას, თამაშობდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე RJ-ის მამა არ ყოფილა, გადასაღებ მოედანზე მას ყოველთვის ყურადღებას აქცევდა.
მსახიობი, რომელმაც საკუთარი გამოცდილება როლში გადაიტანა
RJ Mitte ლუიზიანაში გაიზარდა. 2005 წელს ლოს-ანჯელესში უმცროს დასთან ერთად გადავიდა, რათა გოგონას სამსახიობო კარიერის განვითარებაში დახმარებოდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო საკუთარი სამსახიობო გზის აქტიურად გაგრძელებაც.
მსახიობს ცერებრული დამბლა ჰქონდა, მდგომარეობა, რომელიც მოძრაობასა და კოორდინაციაზე მოქმედებს. "Breaking Bad“-ში უოლტერ უაიტ უმცროსის როლის შესრულებისას მან პირადი გამოცდილება გამოიყენა და პერსონაჟს განსაკუთრებული დამაჯერებლობა შესძინა. საინტერესოა, რომ სერიალში მისი პერსონაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირდაპირ არ საუბრობდნენ. Mitte-ის გმირი მაყურებელს იუმორითა და უშუალობით ამახსოვრდებოდა.
სერიალი ამერიკულ ტელეარხ AMC-ზე 2008-დან 2013 წლამდე, ხუთი სეზონის განმავლობაში გადიოდა. ვინს გილიგანის მიერ შექმნილმა კრიმინალურმა დრამამ "ემი“-ს 58 ნომინაცია მიიღო და 16 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის, საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში 2013 და 2014 წლებში.
Mitte-ის შესრულებამ მსახიობთა გილდიის ჯილდოც დაიმსახურა - 2014 წელს მას სერიალში მონაწილეობისთვის Screen Actors Guild Award გადასცეს.
"Breaking Bad“-ის შემდეგ Mitte ცდილობდა, უფრო მრავალფეროვანი როლები მიეღო და ეკრანზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფრო კომპლექსური სახეები წარმოეჩინა. ის აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ ჰოლივუდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობებს მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონოდათ.
"შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ზრდის დანახვა სასიხარულოა, თუმცა გარდატეხა ზოგჯერ ცალკეული ნაბიჯებითა და მომენტებით მოდის და არა ერთბაშად, დიდი ცვლილების სახით“, - ამბობდა მსახიობი.
Mitte თანამშრომლობდა ორგანიზაციებთან United Cerebral Palsy და Shriners Children's, რომლებიც ჯანმრთელობისა და შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე მუშაობენ. მან ასევე დააარსა Mitte Foundation, რომლის მიზანიც საქველმოქმედო საქმიანობისა და საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდაჭერა იყო.
მისი სხვა სამსახიობო ნამუშევრებია სერიალები "Hannah Montana“ და "Switched at Birth“, ასევე ფილმები და სატელევიზიო პროექტები. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია "Talking to Strangers“, რომელიც 2026 წელს გამოვიდა.
RJ Mitte-ის გარდაცვალება მძიმე დანაკარგია არა მხოლოდ "Breaking Bad“-ის მაყურებლებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვისი უფლებებისა და ეკრანზე სათანადო წარმოჩენისთვისაც მსახიობი წლების განმავლობაში იბრძოდა.